ოქრიაშვილის მენეჯერი: ჰოლანდიის, ბელგიისა და გერმანიის გუნდებთან ვლაპარაკობთ

AutoSharing Option
არახალია, ქართველები ბელგიური "გენკიდან" წამოსვლას რომ აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა საქმისადმი დამოკიდებულება აშკარად შეცვალა და ახლა უკვე მონდომებით ვარჯიშობს, გუნდის მთავარი მწვრთნელი პეტერ მაესი მას მაინც არ ათამაშებს. სხვათა შორის, ისიც ითქვა და "ლელოც" წერდა, რომ ოქრიაშვილს შეიძლება კიდევ მიეცეს "გენკში" თავის გამოჩენის შანსი.

23 წლის შემტევის მენეჯერ მამუკა ამიროვს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ სიტუაციაში გარკვევა:

"ოქრიაშვილს "გენკიდან" წასვლა თავად სურს, რადგან მწვრთნელი გაუგებარი მიზეზების გამო არ ათამაშებს. თორნიკე კი ამბიციური ბიჭია, ძალიან მონდომებულია და უთამაშებლად ყოფნა არ სურს.

მოლაპარაკება ჰოლანდიის, ბელგიისა და გერმანიის გუნდებთან მიმდინარეობს, ოღონდ, გერმანია რომ ვახსენე, "ვერდერს" არ ვგულისხმობ.

მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, რადგან ევროპაში შობას აღნიშნავენ და ყველა ისვენებს. დიდი ალბათობით, სიახლეები ახალი წლის დასაწყისში იქნება", - ამბობს ამიროვი.

2014 წლის ზაფხულში ოქრიაშვილის თანაგუნდელი გახდა ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია. თბილისის "ლოკომოტივისა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ბელგიურ "გენკში" დიდი იმედებით გადავიდა, თუმცა თამაში არა და არ ეღირსა. მიზეზი ჯერ ტრავმები იყო, რის გამოც მას 8 თვე გაუცდა. ოპერაციის შემდეგ კი ზარანდიამ ფორმა აღიდგინა, მაგრამ... ისევე, როგორც ოქრიაშვილის შემთხვევაში, მწვრთნელი არც მას ენდობა.

არადა, ზარანდია ისეთი ფეხბურთელი არ არის, მხოლოდ ევროპაში ყოფნით დაკმაყოფილდეს. მას ისეთ გუნდში სურს მოხვედრა, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება. მის ასაკში ეს აუცილებელია და "გენკიდან" წასვლა ამიტომაც გადაწყვიტა.

ზარანდიას საკმაოდ საინტერესო შეთავაზებები აქვს, მათ შორის - ჰოლანდიიდან და თავადაც კარიერის ევროპაში გაგრძელებაზე ფიქრობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
თავი უნდა აიყვანოს ხელში თორემ არაფერი გამოვა.ყველაფერი აქვს ფეხბურთი რომ ითამაშოს ჩვენ ასეთი დასაკარგი ფეხბურთელები არ გვყავს, ისეთ გუნდში უნდა მივიდეს სადაც სისტემატურად ითამაშებს, ევროპის რომელიმე საშულო გუნდში.უნდა იშრომოს და დიდ ფეხბურთს ითამაშებს უდავოდ.
bebeto
17:36 27-12-2015
0
ამ ბიჭმა თავის თავზე თუ არ იმუშავა, ვერავინ უშველის. ბალოტელის (ვიცი, ცუდი შედარებაა) მაგონებს :)
levan
12:39 26-12-2015
0

სიახლეები პოპულარული