23 წლის შემტევი ნახევარმცველი ხორვატიიდან წამოსვლის შემდეგ სულ უცხოეთში წასვლაზე ფიქრობდა. გორის "დილაში" არ ათამაშებდნენ და პირველი წრის დასრულებამდე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გუნდი დაეტოვებინა. ხაბაროვსკის ვარიანტი კი ახლა გამოუჩნდა და დათანხმდა.
რაც დრო გადის, სულ უფრო აშკარა ხდება ჩვენი ფეხბურთის დაბალი დონე და ასეთ პირობებში, ილურიძისთვის რუსეთის პირველი ლიგის გუნდში მოხვედრა წინსვლის წინაპირობაა. ამას ნავალოვსკის მაგალითიც ადასტურებს.
...დავუბრუნდეთ ილურიძეს. შეგახსენებთ, რომ ილურიძემ 2010 წელს კარიერა მახაჭყალის "ანჟიში" დაიწყო. 2012 წლის დასაწყისში სამშობლოში დაბრუნდა და გორის "დილასთან" გააფორმა კონტრაქტი, სადაც წელიწად-ნახევარი გაატარა. 2013 წელს, ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე "დილამ" დიდწილად ილურიძის მშვენიერი თამაშის წყალობით სპლიტის "ჰაიდუკი" დაამარცხა და აგვისტოს ბოლოს ხორვატიულ კლუბში მიიწვიეს. მას მშვენიერი დებიუტი ჰქონდა - იმ დღეს "ჰაიდუკმა" ზაგრების "დინამო" 2:0 დაამარცხა...
თუმცა ილურიძეს კარიერა ვერ აეწყო და 2014 წელს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხორვატიული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და აგვისტოდან "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა, შარშან ზაფხულში კი გორის "დილაში" გადავიდა.
საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოში ილურიძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის, საფრანგეთისა და ფინეთის წინააღმდეგ, ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
ცნობისთვის, ხაბაროვსკის "სკა ენერგია" რუსეთის 20-გუნდიან I ლიგაში მე-17 ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის. სეზონი 12 მარტს განახლდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"