რევაზ ბარაბაძე: "ეთნიკოსში" უდიდესი სტიმული გამიჩნდა

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინათ რევაზ ბარაბაძე კვიპროსის უმაღლესი ლიგის კლუბ ახნას "ეთნიკოსში" ჩაირიცხა, სადაც ძმები შოთა და ელგუჯა გრიგალაშვილებიც თამაშობენ. 27 წლის თავდამსხმელმა გუნდთან ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 77-ნომრიანი მაისურა აირჩია.

კვირას, 17 იანვარს, საქართველოს პირველი ლიგის ცხინვალის" ლიახვიდან" კვიპროსში გადასულმა ბარაბაძემ "ეთნიკოსში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა სტუმრად ლარნაკას "ერმისი" 2:1 დაამარცხა. მოულოდნელად, ახნელების სერბმა დამრიგებელმა დანილო დონჩიჩმა ქართველი ახალწვეული სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

ბარაბაძემ სადებიუტო მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 47-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

"ძალიან რთული თამაში იყო. თავიდან ვაგებდით, მაგრამ
მერე შემოვატრიალეთ და 2:1 მოვიგეთ. პირადად მე ორი ძალიან კარგი საგოლე მომენტი მქონდა, ორივეჯერ თავით შემეძლო გატანა... ამჯერად, არ გამიმართლა, მაგრამ იმედი მაქვს, მწვრთნელის ნდობას გავამართლებ.

ბუნებრივია, გამიხარდა, მწვრთნელი რომ მენდო, მაგრამ ამავე დროს, გამიკვირდა კიდეც. თამაშის წინა დღეს მითხრა, რამდენსაც შეძლებ, უნდა ითამაშო, თუნდაც 60 წუთიო. მეც ამდენის თამაშს ვიმედოვნებდი, მაგრამ მატჩი ისე წავიდა, აღარ შემცვალა და მოედანზე ბოლომდე დავრჩი", - ამბობს ბარაბაძე.

27 წლის თავდამსხმელს საკუთარი თამაშის შეფასებაც ვთხოვეთ:

"ჯერ საუკეთესო ფორმაში არ ვარ და ეს არც მიკვირს. ბოლო ოფიციალური შეხვედრა ერთი თვის წინათ ჩავატარე და უცებ ახალ გუნდში 90 წუთის თამაში ადვილი არ იყო.

თანაგუნდელებს ძალიან ადვილად შევეწყვე. მატჩის შემდეგ ყველა ამას აღნიშნავდა. ორი აზრი არ არის, გუნდთან გაშინაურებაში ძმები გრიგალაშვილები დამეხმარნენ და მათი მადლიერი ვარ. ცალკე, მწვრთნელის ნდობამაც იმოქმედა.

დონჩიჩმა მატჩის შემდეგ სათითაოდ ყველა მოთამაშეს მადლობა გადაგვიხადა, მე კი მითხრა - კარგად დაისვენე, ოთხშაბათს შემდეგი შეხვედრა გვაქვსო. კარგი პიროვნებაა, ძალიან გამამხნევა".

ბარაბაძე არ მალავს, რომ სხვა დონეზე გადართვა იოლი არ არის:

"საქართველოში პირველ ლიგაში ვთამაშობდი. კვიპროსის პირველი დივიზიონის დონე ჩვენი უმაღლესი ლიგისას ბევრად აღემატება. ამ დროს, "ეთნიკოსში" საქართველოს პირველ ლიგაში გატარებული ნახევარი წლის შემდეგ გადავედი.

ბუნებრივია, უცებ სულ სხვა დონეზე გადართვა რთულია. გაცილებით მაღალი ტემპი და დატვირთვაა, ორთაბრძოლებიც უფრო რთულია... ეგაა, ტრიბუნაზე ბევრი მაყურებელი მოდის, რაც დიდი სტიმულია.

საერთოდაც, ახლა უდიდესი სტიმული გამიჩნდა. მთავარია, აქ კარგად ვითამაშო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები, გესახელებინოს მრავალჯერ საქართველო შენი კარგი თამაშით, მალე ნაკრებში და ძლიერ ლიგაში გვენახე.
გიო
18:05 20-01-2016
0

სიახლეები პოპულარული