ლეგიონის უქმეები: აბურჯანიას საგოლე პასი, კაშიას დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
პირველი თამაში სასტარტო შემადგენლობაში ესპანურ სეგუნდაში, პირველი შეუცვლელი თამაში და პირველი საგოლე პასი - გიორგი აბურჯანიამ ამ უქმეებზე ყველაზე მეტად გაგვახარა.

კარგი იყო კიდევ ის, რომ "ვიტესს" კაპიტანი გურამ კაშია დაუბრუნდა...

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "რეიმსი" კრიზისიდან გამოდის, გუნდმა სტუმრად "კაენს" მოუგო - 2:0. ჯაბამ შეუცვლელად ითამაშა და მეორე ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ყვითელი რომც არ მიეღო, ჯაბა მომდევნო ტურისთვის მაინც დისკვალიფიცირებული იყო. მე-17 მატჩში ჩვენმა კაპიტანმა მე-9 გაფრთხილება მიიღო (პლუს ერთი გაძევებაც აქვს).

ესპანეთი. სეგუნდა. გიორგი აბურჯანიამ
პირველად ითამაშა "ხიმნასტიკის" სასტარტოში და კატალონიურ დერბიში, სტუმრად "ხირონასთან" დიდებული საგოლე პასიც გააკეთა, როცა ბურთით ლამის ნახევარი მოედანი გაიარა და ნარანხოს გაატანინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იტალია. სერია A. "ატალანტამ" და "ემპოლიმ" ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს. ეს ვერც შეცვლაზე შესულმა ლევან მჭედლიძემ შეძლო, რომელიც მხოლოდ 85-ე წუთზე გამოჩნდა და ბუნებრივია, თავის გამოჩენის შანსი თითქმის არ ჰქონია. ხუთ წუთში მან ორი პასი გააკეთა (ერთი ზუსტი) და ერთხელ დაჯარიმდა.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (90 წ.) "ტუტოკუოიო" შინ 0:1 დამარცხდა "კარარეზესთან".

ჰოლანდია. ერედივიზიე. "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და "ალკმაართან" დაპირისპირება შეუცვლელად მინდორზე გაატარა, ისევე, როგორც ვაკო ყაზაიშვილმა. ეგ არის, არნემულმა გუნდმა ვერ იყოჩაღა, სტუმრად 0:1 დათმო და ცხრილშიც მნიშვნელოვნად დაქვეითდა.

ოთხი ტურია, "ვიტესს" აღარ მოუგია და ამ მატჩებში ქართველთა გუნდმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. კაშიამ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა:

"კარიერის დასაწყისში მითამაშია ამ პოზიციაზე, თუმცა ეს ჩემი ბუნებრივი ადგილი არ არის. მაგრამ ვითამაშებ იქ, სადაც მეტყვიან. ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი, ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო", - განაცხადა მატჩის შემდეგ 29 წლის ქართველმა კაპიტანმა.

ინგლისი. ჩემპიონშიპი. "ბრენტფორდი" სტუმრად "ბრაიტონთან" 0:3 დამარცხდა, აკაკი გოგია კი წაგებული გუნდის განაცხადში არ ყოფილა.

გერმანია. II ბუნდესლიგა. წარუმატებლად განაახლა ჩემპიონატი "ფრაიბურგმა", რომელიც "ბოხუმს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ლუკას ჰუფნაგელი "ფრაიბურგის" განაცხადში არ ყოფილა. "ფრაიბურგი" 38 ქულით მეორე საფეხურზე რჩება.

გიორგი ჭანტურიას "დუისბურგი" დღეს თამაშობს, "არმინიას" სტუმრობს.

III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილი "ვერდერის" დუბლებში ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იყო "ვეენთან" 1:0 მოგებულ მატჩში. ის 77-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის ერთადერთი გოლი პაპუნაშვილის დარტყმულ ჯარიმას მოჰყვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალია. სეგუნდა. ავთო ებრალიძის (მე-60 წუთზე შევიდა) "ჟილ ვისენტე" "ფამალიკაოს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა.

გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "კოვილია". ქართველმა გოლკიპერმა კარი მშრალად შეინახა, ის გააფრთხილეს.

ბელგია. II ლიგა. ბელგიურ ელიტაში მხოლოდ ერთი გუნდი გადადის. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლევან შენგელიას "ტუბიცესა" და ერთპიროვნული ლიდერის, "ანტვერპენის" მატჩს. "ტუბიცემ" 2:1 იმარჯვა და სამ ქულამდე შეამცირა ლიდერთან ჩამორჩენა. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

საბერძნეთი. სუპერლიგა. კვლავ ვერ მოიგო გიორგი მერებაშვილის "ლევადიაკოსმა". ის ერთ-ერთ აუტსაიდერ "პანთრაკიკოსს" 1:1 დაუზავდა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, ის გააფრთხილეს.

თურქეთი. სუპერლიგა. "რიზე"-"ესქიშეჰირი" (1:1) ქართული დუელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მასპინძელთა განაცხადში საერთოდ არ ყოფილა ნიკა ძალამიძე, ხოლო სტუმართა რიგებში თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგო იყო.

კვიპროსი. თემურ ქეცბაიას აპოელ-მა სტუმრად 3:1 მოუგო "ახნასს", რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა - ელგუჯა გრიგალაშვილი 69-ე წუთზე გამოჩნდა. ქეცბაიას გუნდი უკვე ლიდერია.

დღეს ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისი" ლევან ხმალაძის "პაფოსს" მასპინძლობს.

აზერბაიჯანი. სანდრო გურულისა (75-ე წუთზე შეცვალეს) და ნუგზარ კვირტიას (55-ე წუთიდან ითამაშა) აზალ-მა სტუმრად "ქიაფაზთან" 0:2 დათმო.

ზაურ სვანაძემ "გაბალასთან" მატჩში სასტარტოში გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე, ნიკა კვეკვესკირი და ზურაბ ხიზანიშვილი დააყენა, ლაშა კასრაძე სათადარიგო იყო. "ინტერი" 0:1 დამარცხდა.

"სეზონი ცუდად განვაახლეთ, ორივე თამაში წავაგეთ. "ინტერმა" ძალები უნდა მოიკრიბოს. მომენტების რეალიზაციაში მოვიკოჭლებთ. დღეს ქარი ძალიან გვიშლიდა ხელს, მაგრამ ასე იყო მეტოქეც", - თქვა მატჩის შემდეგ ზაურ სვანაძემ.

ამხანაგური მატჩები
ნიკა კაჭარავას (60 წ.) "როსტოვი" ანგოლურ "ბენფიკას" დაუზავდა - 0:0.

ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" ყაზახურ "ასტანასთან" 1:1 ითამაშა. ქართველმა მეორე ტაიმი ითამაშა.

ბუბა დაუშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა "კარპატისა" და "რუდარს" შორის მატჩში - 2:2.

აკაკი ხუბუტიამ სრულად ითამაშა "მიხალოვცესა" და "კრაკოვიას" მატჩში, რომელიც სლოვაკურმა გუნდმა 0:2 დათმო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გურამ კაშია
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ოქრიაშვილს პატრონი არ ჰყავს? ევროპა ვერ შეიღირსია,ახლა თურქეთი აღარ მოსწონს და თურქმაც სკამზე დააჯინა.თუ Hგონია,რომ ისევ მოძებნიან ევროპაში,ძალიან შემცდარა.კიდევ ერთი ფეხბურთელი იკარგება.s o s
vaxvax
15:42 08-02-2016
0
ოქრიაშვილი იქაც სათადარიგოა ... საწყალი ბიჭი ტო, რა ნიჭს ფლანგავს თავისი სიზარმაცით :(
dave
11:43 08-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული