საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "რეიმსი" "პარი სენ-ჟერმენთან" 1:4 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ჯაბას დადანაშაულება პირველ გოლში შეიძლება, როცა ის ვან დერ ვილს იჭერდა და იბრაჰიმოვიჩის პასის მერე პარიზელთა მცველი გაექცა.
"ფუტმერკატომ" მას 4 ბალი დაუწერა: "პირველი გოლი მისი ბრალი
ნასიონალი. ამირან სანაიას გარეშე "ლერბიემ" "დიუნკერკთან" ფრედ ითამაშა - 1:1.
ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა "ვიტესი" სტუმრად 2:2 დაუზავდა "დე გრააფსხაფს". ორივე ქართველი
სასტარტოში იყო, თანაც, გურამ კაშია ჩვეულ პოზიციას (დაცვის ცენტრი) დაუბრუნდა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი კი 75-ე წუთზე შეცვალეს.
იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძემ "სასუოლოსა" და "ემპოლის" უხვგოლიან და დრამატულ შეხვედრას (3:2) სათადარიგოთა სკამიდან უყურა.
სამაგიეროდ, "ემპოლის" დუბლებში თავი შეგვახსენა რომან ჭანტურიამ - "პესკარასთან" 2:0 მოგებულ მატჩში მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასი მიითვალა.
ტრავმამოშუშებული ქართველი "პიანეტა ემპოლიმ" მატჩის სამ საუკეთესო ფეხბურთელში დაასახელა: "ძალზე პოზიტიური დაბრუნება ჭანტურიასი, გამოირჩა საგოლე პასით მეორე გოლზე. 90 წუთი მოძრაობდა, რაც ძალზე კარგი ნიშანია, რომ ფორვარდი ბოლომდე გამოჯანმრთელდა".
შეგახსენებთ, რომ ტრავმამდე დუბლების პირველობას რომან ჭანტურია 12 გოლით ლიდერობდა. ახლა მის წინ "ფროზინონეს" ფორვარდი ვოლპეა (15 გოლი).
ლეგა პრო. "ტუტოკუოიო" "პიზას" ტოსკანურ დერბიში ხვდებოდა. 64-ე წუთზე ირაკლი შეყილაძემ შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ სტუმრებმა ორი გაიტანეს და იმარჯვეს - 2:1. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა. ეს მისი მე-7 გოლია სეზონში. ირაკლიმ 7 ბალი დაიმსახურა, წაგებულ გუნდში საუკეთესო შეფასება. აღსანიშნავია, რომ "ტუტოკუოიოს" კრისტიანო ლუკარელი წვრთნის, ხოლო "პიზას" - ჯენარო გატუზო.
გერმანია. II ბუნდესლიგა. გიორგი ჭანტურიას "დუისბურგმა" სტუმრად ათი კაცით ჩაამთავრა მატჩი "ფიურტთან", მაგრამ არ წააგო - 1:1. ჩვენებური სათადარიგოთა სკამს არ გასცილებია. "დუისბურგი" ბოლო ადგილზე რჩება.
ლუკას ჰუფნაგელი "ზანდჰაუზენთან" მატჩში "ფრაიბურგის" განაცხადშიც ვერ მოხვდა.
III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილის (84-ე წუთზე შეცვალეს) "ვერდერი II" შინ 0:0 დაუზავდა "მიუნსტერს". ამ მატჩში მასპინძელთაგან ყველაზე სახიფათო მომენტი ჩვენებურს ჰქონდა, მაგრამ მისი შორეული დარტყმა მეორე ტაიმში პრუსიელთა კარს გადასცდა.
ინგლისი. ჩემპიონშიპი. აკაკი გოგიას "ბრენტფორდი" შინ 1:3 დამარცხდა "დერბისთან". გოგია განაცხადში არ ყოფილა.
ესპანეთი. სეგუნდა. გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკი" 2:0-ს იგებდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა (რაშიც "მალიორკას" მსაჯის გადაწყვეტილებებიც წაეხმარა) - 2:2. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
პორტუგალია. სეგუნდა. ავთო ებრალიძის (90 წთ) "ჟილ ვისენტემ" "ბენფიკას" დუბლებს 3:2 სძლია.
გიორგი მაკარიძის (90 წთ) "ფეირენშე" მოულოდნელად 1:2 დამარცხდა "ბრაგას" სარეზერვო შემადგენლობასთან. ამ წაგების გამო "ფეირენშე" 55 ქულით მესამე ადგილზე დარჩა.
თურქეთი. სუპერლიგა. "ესქიშეჰირის" სასტარტო შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილი პირველად თამაშობდა, მისი გუნდი სტუმრად 1:2 დამარცხდა "ქასიმფაშასთან". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა.
"ანტალიასთან" 1:2 დამარცხდა ნიკა ძალამიძის "რიზე", თავად ქართველი კი არც ამჯერად იყო განაცხადში.
საბერძნეთი. სუპერლიგა. "ლევადიაკოსმა" 1:0 მოუგო "კალონის". გიორგი მერებაშვილი "ლევადიაკოსის" შემადგენლობაში სასტარტოში იყო და ის 59-ე წუთზე შეცვალეს.
რუსეთი. I დივიზიონის თასი. კვიპროსზე მიმდინარე სანახევროდ ოფიციალურ ტურნირზე ქართველთა "სკა-ენერგია" 0:2 დამარცხდა ტულის "არსენალთან". ახნასში გიორგი ნავალოვსკი სასტარტოში იყო, მაგრამ მან მეორე ტაიმის 15-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. გიორგი ილურიძე დამარცხებულთა რიგებში 53-ე წუთზე გამოჩნდა.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლაშა დვალის "შლიონსკი" სტუმრად "იაგელონიასთან" 1:2 დამარცხდა. დვალმა ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა.
ლადო დვალიშვილის (56-ე წუთზე შეცვალეს) "პოგონი" სტუმრად 0:0 დაუზავდა ლიდერ "პიასტს".
ჩეხეთი. ლევან ყენიამ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა "იჰლავასა" და "სლავიას" მატჩი (0:0).
ზურაბ ცისკარიძის "ტეპლიცე" სტუმრად ლიდერ "პლზენთან" 0:1 დამარცხდა. ქართველმა ცენტრალურ მცველად შეუცვლელად ითამაშა.
კვიპროსი. ქართველთა "ახნასი" 0:0 დაუზავდა "პარალიმნის". რევაზ ბარაბაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, ის 82-ე წუთზე შეცვალეს. შოთა გრიგალაშვილი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, ელგუჯა კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ლევან ხმალაძის (90 წუთი) "პაფოსი" სტუმრად "აპოლონთან" დამარცხდა - 1:3.
თემურ ქეცბაია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - აპოელ-ი "ანორთოსისს" ესტუმრა - პირველად მოხდა, რომ "ანტონის პაპადოპულოსზე" ქართველი სპეციალისტი მოწინააღმდეგის სტატუსით გავიდა. "ანორთოსისის" რიგებში სასტარტოში იყო ირაკლი მაისურაძე (56-ე წუთზე შეცვალეს). ქეცბაიას გუნდმა 2:1 მოიგო და 56 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
აზერბაიჯანი. ზაურ სვანაძის "ინტერმა" 1:0 დაამარცხა "ქიაფაზი". ქართველმა მწვრთნელმა სასტარტოში მხოლოდ ორი ჩვენებური ათამაშა, ლაშა სალუქვაძე და ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ლომაია კი სათადარიგო იყო. ტრავმების გამო არ უთამაშიათ ლაშა კასრაძესა და ზურაბ ხიზანიშვილს.
"ინტერს" ფსიქოლოგიური პრობლემები არა აქვს, მაგრამ აქვს სხვა სახის პრობლემები. გუშინ ორმა ფეხბურთელმა განმიცხადა, რომ თამაშს ვერ შეძლებდნენ და მატჩის წინ მხოლოდ 12 ფეხბურთელით ვივარჯიშე. მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ. მომდევნო ტურში კიდევ უფრო გაგვიჭირდება - მეტოქე "ყარაბაღია", - განაცხადა სვანაძემ მატჩის შემდეგ.
აზალ-ი სტუმრად 0:2 დამარცხდა "სუმგაითთან". სანდრო გურულმა და ნუგზარ კვირტიამ (გაფრთხილება) შეუცვლელად ითამაშეს.
ამხანაგური მატჩები
შეუცვლელად ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ "ზორიას" სპარინგში სლოვენიურ "მარიბორთან". უკრაინული გუნდი 1:2 დამარცხდა. ლვოვის "კარპატი" ყარაღანდის "შახტიორს" დაუზავდა - 1:1. ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
დანიურმა "ორჰუსმა" ამხანაგურ მატჩში 2:0 დაამარცხა "ჰობრო". მათე ვაწაძე "ორჰუსის" რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა.
ნორვეგიულმა "სტაბეკმა" "ვოლერენგასთან" 1:2 წააგო. წაგებულთა რიგებში სასტარტოში იყო გიორგი გოროზია.
უკრაინულმა "ოლექსანდრიამ" ბოსნიურ "მლადოსტს" 3:0 მოუგო. დავით თარგამაძემ პირველი ტაიმი ითამაშა.
ყაზანის "რუბინი" ნორვეგიულ "სპარსბორგს" შეხვდა და 3:1 მოუგო. საბა კვირკველიამ პირველი ტაიმი ითამაშა.
რუსულმა "ტერეკმა" სლოვენიურ "გორიცას" 3:0 მოუგო. თედორე გრიგალაშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს.
წარდგენები
უზბეკურმა "ლოკომოტივმა" ახალწვეული კახა მახარაძე წარადგინა, ხოლო ყარაღანდის "ირტიშმა" (ყაზახეთი) - გოგიტა გოგუა.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"