გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...

AutoSharing Option
ახლა გიორგი აბურჯანიას ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი იცნობს: ტარაგონის "ხიმნასტიკისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ნახევარმცველია.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში სულ რამდენიმე შეხვედრა გამართა, მაგრამ უკვე დაიმსახურა ესპანური მედიის ყურადღება...

ბლიცი
- საყვარელი მომღერალი...
- ერთი არა, ორია: ბარი უაიტი და მაილს დევისი.

- საყვარელი მსახიობი...
- აქ სამს დავასახელებდი: ლეონარდო დი კაპრიო, დენზელ ვაშინგტონი და ჯეკ ნიკოლსონი.

- გამორჩეულად რომელი მარკის ავტომობილი მოგწონთ?
- "მერსედესი" და "აუდი".

- პირველად რომელი მანქანა გყავდათ?
- "ტოიოტა კამრი".

-
საყვარელი კლუბი?

- მადრიდის "რეალი"!

- დასვენება სად გიყვართ?
- ყველაზე მეტად სახლში მიყვარს, ჩემს მეგობრებთან ერთად. ამ დროს "ჯოკერს" ვთამაშობთ ხოლმე.

- ფეხბურთელებში რომელია თქვენი უახლოესი მეგობარი?
- მე, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან შენგელია ერთად ვიზრდებოდით. თუმცა ძალიან ახლო მეგობრები მერეც შევიძინე, რომელთა გამორჩევაც არ მინდა - ყველა მათგანი მიყვარს და ვერავის გამოვყოფ. ასე რომ, ჯობია, ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვოთ.

- კარიერის დასასრულს რისი მიღწევა გსურთ?
- ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ქვეყანას და ეროვნულ გუნდს გამოვადგე, მე და ჩემმა თაობამ კი ქართველი ხალხი ნაკრების წარმატებებით გავახაროთ!

- მეც ამას გისურვებთ!


ავანტიურისტული დებიუტი
...ბევრმა არ იცის, სად და როგორ იწყებდა გიორგი აბურჯანია კარიერას. 2011 წელი იყო, როცა რუსთავის "მეტალურგის" შემადგენლობაში უცნობი ბიჭი გამოჩნდა. ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელი ბურთს კარგად იჭერდა და ისე ტექნიკურად და აზრიანად თამაშობდა, ვერაფრით დაიჯერებდი, რომ სკოლის მოსწავლე იყო, სულ რაღაც 16 წლის...

იმ დროს რუსთაველებს თორნიკე მაისურაძე ავარჯიშებდა, რომელიც ბევრისთვის გაუგებარ და ავანტიურისტულ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაგალითად, მოსკოვის სამოყვარულო ლიგაში ირაკლი მაისურაძე მოძებნა, რომელიც მალე ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს;

უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ "სამტრედიიდან" აიყვანა გიორგი მიქაბერიძე, რომელიც ერთ წელიწადში თბილისის "დინამოში" მიიწვიეს; ან თუნდაც გიორგი ქავთარაძე, რომელიც ახლა ბათუმის "დინამოს" ლიდერია; სუპერთასზე ძირითად შემადგენლობაში ათამაშა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც მანამდე დუბლებში იყო...

ასევე მაისურაძემ დააწინაურა ლაშა ქოჩლაძე, კოკა ღაღანიძე, ილია კერძევაძე, რომლებიც ბოლო 2 წელიწადია, რაც უმაღლეს ლიგაში ხელახლა გამოჩნდნენ.

...იმ დღეს რუსთავში გამართულ შეხვედრას გუბაზ დოლიძე ესწრებოდა და აბურჯანიაზე ისე თქვა, წყალი რომ არ გაუვიდოდა - ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებსო. გიორგი მისი გაზრდილია და იცოდა, რასაც ამბობდა...

აბურჯანია ამის მერე გაგვაცნეს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, დღეს კი ახალგაზრდულშია და თუ პროგრესი არ შეაჩერა, იმედია, მალე ეროვნულ გუნდშიც ვიხილავთ.

ფაქტია, რომ გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტი" სადღეისოდ მის პირობით სატრანსფერო ფასად 525 ათას ევროს ასახელებს. ამ მონაცემებით, ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა. ცხადია, აბურჯანიას შეფასება მკვეთრად გაიზარდა 2016 წელს, როცა ის ესპანურ გუნდში გადავიდა...

ყველაფერთან ერთად, გიორგი აბურჯანია საინტერესო მოსაუბრეცაა...

მათ ამაგს ვერასოდეს დავივიწყებ!
- გაიხსენეთ ბავშვობა, სად და ვისთან დაიწყეთ ვარჯიში?
- როგორც ყველა, ბავშვობაში მეც ეზოში ვთამაშობდი, 24 საათი ბურთს დავდევდი. ფეხბურთზე კი ზვიად პაპიძის რჩევით შევედი. იმაშიც ძალიან გამიმართლა, რომ გუბაზ დოლიძესთან მოვხვდი. დღეს თუ რამე ვიცი, სწორედ გუბაზისა და მისი სამწვრთნელო სტაფის წევრების - ჯუბა ბურჯანაძის, ლევან სულაძისა და ნორმენ ტარტარაშვილის დამსახურებაა.

გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარი გუნდი გვყავდა - რაც კი ტურნირი იყო, ყველაფერს ვიგებდით. ძალიან მენატრება ის დრო და ის ატმოსფერო, რაც მაშინ ჩვენს გუნდში ტრიალებდა.

გუბაზ დოლიძის ამაგს ვერასდროს გადავიხდი - ვერც მე და ვერც ჩემი თანაგუნდელები. არადა, ბევრი მათგანი დღეს ევროპაში თამაშობს - გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა დვალი, ლევან შენგელია და გიორგი ბერიძე. ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ გუბაზის შრომა დაუფასებელია. დღეს ის უმუშევარია, გუნდის გაკეთებასა და უფასო სკოლის გახსნას საკუთარი სახსრებით ცდილობს...

ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა რუსთავის "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა თორნიკე მაისურაძემაც, რომელმაც უმაღლეს ლიგასა და ევროპის ლიგაზე თავის გამოჩენის შანსი მომცა - სომხური "ბანანცისა" და ფრანგული "რენის" წინააღმდეგ მათამაშა. არადა, მაშინ 16 წლის ვიყავი. გიორგი დევდარიანმა კი ევროპის ლიგაზე დანიურ "ოლბორგთან" მოედანზე ასევე უმნიშვნელოვანესი შეხვედრის დროს შემიშვა.

რა თქმა უნდა, ჩემ წინსვლაზე დიდი გავლენა ვასიკო მაისურაძემაც იქონია - გულშემატკივარმა სწორედ იმ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებიდან გამიცნო, სადაც მაისურაძე მუშაობდა.

იმაშიც გამიმართლა, რომ დედაჩემის ძმა - ცნობილი მეკარე გიორგი სომხიშვილია. ბავშვობაში ერთი სული მქონდა, მისი გუნდის თამაშზე რომ წავსულიყავი. შემდეგ ფეხბურთზე მეც შევედი და რჩევებს მაძლევდა. მისი წყალობით, ადრეულ ასაკში გავერკვიე საფეხბურთო ცხოვრების ნიუანსებში, რა და როგორ ხდება გუნდის შიგნით...

შრომა და ჰოლანდია
- საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვახსენდება, რომლებმაც შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს. თქვენი თაობის ბევრი ფეხბურთელისგან გამიგია - ვცდილობთ, მათი შეცდომები არ გავიმეოროთო...
- ცხადია, ამაზე მეც მიფიქრია. ჩემი აზრით, ფეხბურთში მთავარია შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი, პლუს - იღბალიც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიჭთან ერთად უნდა გქონდეს.

- შეგიძლიათ, გაიხსენოთ ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში და გოლი?
- რამდენიმე კარგი თამაში ჩაგვიტარებია, მაგრამ გამორჩეულად მაინც 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში თბილისში ჰოლანდიასთან ჩატარებული შესარჩევი ციკლის მატჩი მახსენდება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ 2:1 მოვიგეთ და მეორეც - იმიტომ, რომ ერთი გოლი მე გავიტანე. მანამდე, ქართველებს ჰოლანდიის არც ერთი ასაკობრივი ნაკრებისთვის მოგებული არ გვქონდა...

მერე დიდი სიამოვნება მივიღე ელიტრაუნდში შვეიცარიასთან გამარჯვებით. ასევე, კარგად მახსენდება 17-წლამდელთა შესარჩევში ინგლისის კარში პაპუნაშვილის მიერ გატანილი გოლი, მერე კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ისლანდიასთან გამარჯვება, რომლის წყალობითაც ნახევარფინალში გავედით და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, სიხარული და განცდა, რომ საქართველო გავახარეთ. მანამდე, საბჭოთა პერიოდში, საქართველოს ევროპის ასაკობრივი ჩემპიონიც ჰყავდა და რაც ვიცი, 17-წლამდელებში - მსოფლიოს ჩემპიონიც, მაგრამ დამოუკიდებლად, საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი არასოდეს მოუპოვებია.

- არათუ ბრინჯაოს მედალი, თავად ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც კი დიდი მოვლენა იყო. ეს სულ ოთხჯერ მოვახერხეთ და ხალხს ისე უხაროდა, თითქოს ჩემპიონობა მოგვეპოვებინოს...
- გეთანხმებით, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა იყო მოვლენა და ბრინჯაოს და მით უფრო - მედლის მოპოვება. ბუნებრივია, ეს ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო. მახსოვს, როგორი ერთსულოვანი იყო ჩვენი მაშინდელი გუნდი. ვასილ მაისურაძემ ძალიან ძლიერი ნაკრები შეკრა და მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ხომ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რაც ჩვენ ავიხდინეთ. იმედია, ამ ოცნებას ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ავიხდენთ.

სადღაც, სხვა სამყაროში...
- მოდით, ვილაპარაკოთ ჩისკოსა და ტარაგონას "ხიმნასტიკზე", სადაც ახლახან გადახვედით...
- ჩისკო გულიანი ადამიანი და ჩემი უფროსი მეგობარია, ვისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ჩამოსვლის დღიდან ყველაფერში მეხმარება და გვერდში მიდგას. სხვათა შორის, ოთხ თვეში მწვრთნელის პრო-ლიცენზიას აიღებს და საამისოდ სერიოზულად ემზადება.

- ესპანეთსა და ესპანელებზე რას იტყვით?
- ჩამოსვლის დღიდანვე ვგრძნობ, რომ სადღაც, სხვა სამყაროში ვარ და რა ახლოს არის ის ყველაფერი, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. ამავე დროს, ისიც გააზრებული მაქვს, რამდენი შრომა მომიწევს, ეს ოცნება რომ ავისრულო...

რაც შეეხება ხალხს, ესპანელებზე ასე უბრალოდ ვერ იმსჯელებ, რადგან ბასკები, კატალონიელები და დანარჩენები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან და არაერთგვაროვანი მენტალიტეტი აქვთ.

- ესპანეთში მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მაგრამ ამ საოცნებო ქვეყანაშიც ჩვეულებრივი მოკვდავები ცხოვრობენ - დაახლოებით ჩვენნაირი ემოციებისა და ტემპერამენტის ხალხი. მაგრამ მათ მსოფლიოში ადგილი დაიმკვიდრეს. რითი გამოირჩევიან ისინი და რაში გვჯობიან?
- გეთანხმებით, შესაძლოა, ემოციურად და ბევრი სხვა თვისებითაც გვგვანან, რადგან ისინიც ჩვენსავით ფიცხები არიან, თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ვინმე რამით გვჯობს. ქართველები კარგი ხალხი ვართ, მაგრამ საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს ვერ ვაფასებთ.

ინგლისურს ვსწავლობდი
- სკოლაში როგორ სწავლობდით?
- გულახდილად გეტყვით, მაინცდამაინც კარგი სწავლით არ გამოვირჩეოდი. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, სკოლაში ხშირად სიარულსაც ვერ ვახერხებდი, თუმცა გამოცდების ჩაბარება მაინც შევძელი. მადლობა აჩიკო არველაძეს, რომელსაც კარგად ესმოდა, რომ დატვირთული გრაფიკი მქონდა და ხელს მიწყობდა. მაგრამ ინგლისური მიყვარდა, რადგან ვიცოდი, რომ კარიერაშიც გამომადგებოდა და საერთოდ - ცხოვრებაშიც.

- ინგლისური კარგად იცით?
- საკმაოდ კარგად. ამაში კვიპროსში გატარებული წელიწად-ნახევარიც დამეხმარა. ამჟამად, ესპანურს ინგლისურიდან ვსწავლობ, რადგან კლუბმა ქართულად მოსაუბრე ესპანურის მასწავლებელი ვერ მოძებნა.

- ფეხბურთის გარდა, რა გიყვართ?
- ძალიან მიყვარს თავისუფალი დროის ძმაკაცებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გატარება. ვცდილობ, ამ პერიოდში სულ მათთან ვიყო. ფილმების ყურებაც ძალიან მიყვარს.

- არის ფილმი, რომელსაც ნებისმიერ დროს უყურებთ?
- ასეთია "გლადიატორი". ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღე ვუყურებ, მაგრამ თუ რომელიმე არხზე აჩვენებენ, სიამოვნებით გადავრთავ ხოლმე.

- მწერალი და წიგნი, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...
- მიყვარს ერიხ მარია რემარკი, ქართველებიდან - ილია ჭავჭავაძე. საყვარელი წიგნი კი გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" და ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიაა".

- ნიკა ტოგონიძის შემდეგ ფეხბურთელისგან პირველად მესმის, რომ "დათა თუთაშხიას" გარდა, სხვა მწერალსაც კითხულობს. გემოვნებიანი მკითხველი ყოფილხართ...
- დიახ, "სამოსელი პირველი" ჩემი საყვარელი წიგნია. სხვათა შორის, მისი წაკითხვა გორის "დილაში" ყოფნისას ბაჩო არაბულმა მირჩია. მას შემდეგ სამჯერ წავიკითხე და ყოველ ჯერზე ახლებურად ვიგებ. ისე, მაინცდამაინც ვერ დავიბრალებ, რომ ლიტერატურის სიყვარულით ვგიჟდები. ამით უფრო ირაკლი მოდებაძე, ლექსო კვახაძე და ირაკლი მაისურაძე გამოირჩევიან...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ყოფილა კაცი,ასეთი პიროვნება ყველაფერში წარმატებული იქნება.მაილს დევისი... გაოცებული ვარ.წარმატებები და წარმატებები.
ჯიჯი ალფაიძე
21:18 01-03-2016
0
სასიამოვნოდ გამაკვირვა!გისურვებთ წარმატებებს თქვენ და მთელ ჩვენ ფეხბურთს!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული