ჭანტურიას გზა - ცნობილია ბუნდესლიგის 2 გუნდი, რომლებსაც გიორგი სურთ

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევ გიორგი ჭანტურიას გადაბირება ბუნდესლიგის კლუბებს სურთ. იმ მომენტისთვის ზუსტად არ ვიცოდით მისი სამსახურის მსურველი გუნდების ვინაობა.

ახლა კი დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ - ჭანტურიასთან თანამშრომლობა "ვერდერსა" და "კიოლნს" სურთ. ინტერესი ძალიან რეალურია და ყველაფერი სეზონის ბოლოს გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჭანტურია გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის, "დუისბურგის" ღირსებას იცავს. მართალია, "ზებრები" ვერ გამოირჩევიან შემტევი და შედეგიანი ფეხბურთით, მაგრამ ჭანტურიამ ამგვარი სპეციფიკის გუნდსაც თანდათან ალღო აუღო.

თუნდაც, ორიოდე დღის წინანდელი მატჩი
ავიღოთ - ვინც "ფრანკფურტთან" შეხვედრაში ჭანტურიას თამაშს თვალი ადევნა, დაგვეთანხმება, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. საქმე მხოლოდ საგოლე პასში როდია?! გერმანული კლუბის ქართველი ლეგიონერი ძალიან მწვავედ მოქმედებდა, აქტიური იყო, ბურთთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა... ამიტომაც დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ქართველი ფეხბურთელით ბუნდესლიგის ისეთი ტრადიციული კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც არიან "ვერდერი" და "კიოლნი". ამ მომენტში ცხრილში "კიოლნი" უფრო წინაა. "თხებს" 30 ქულით მეათე ადგილი უჭირავთ.

არც "ვერდერის" შედეგებია გადასარევი - "მუსიკოსები" 24 ქულით მე-15 ადგილზე არიან (აღსანიშნავია ბრემენელთა ბოლო გამარჯვება ლევერკუზენში - 4:1), მაგრამ, როგორც უნდა იყოს, რომელი ჭკუათმყოფელი დაიწუნებს იმ პერსპექტივას, რაც ჭანტურიას წინაშე იშლება?

იმ შემთხვევაში, თუ "ვერდერში" ჭანტურიას ტრანსფერი შედგა, ბრემენულ კრებულს უკვე ორი ქართველი ეყოლება: იქ ხომ ახლა კიდევ ერთი ახალგაზრდა შემტევი - გიორგი პაპუნაშვილი ირიცხება. მართალია, ექსდინამოელი დღესდღეობით "ვერდერის" მეორე გუნდში თამაშობს, მაგრამ ეს გზაც გასავლელია და თუ თავს გამოიჩენ, რაღა დაუდგება წინ მთავარ შემადგენლობაში გადასვლას?

"ვერდერზე" ვთქვით და, ქართველთათვის უცხო არც "კიოლნია". თავის დროზე იქ რევაზ და არჩილ არველაძეებს გაუგორებიათ ბურთი.

რაც შეეხება ჭანტურიას, "დუისბურგის" გარდა, მას სხვადასხვა დროს "ვიტესში", "ალანიაში", "ვერონასა" და "კლუჟში" უთამაშია. საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 8 მატჩში კი 2 გოლი აქვს გატანილი.

იყო დრო, გერმანულ ბუნდესლიგაში ქართველები ომახიან სიტყვას ამბობდნენ. ვინ იცის, იქნებ ის დრო კიდევ დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, ისღა დაგვრჩენია, სეზონის დასრულებას დაველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
ალეკო სულ ვაკვირდები შენს სტატიებს და მართლა კაი ჟურნალისტი ხარ, პროსტა ეს ჭანტურიას პიარი ძალიან გარცხვენს და იქნებ დაფიქრდე ვის აპიარებ? ვინ ბუნდესლიგა, რა ფეხბურთი გიორგი ჭანტურიაზე როგორ წერ საერთოდ სტატიას, დროს რაზე კარგავ
goga
10:52 04-03-2016
0
კიდევ კარგი ბავარია და ბორუსია რომ არ დაწერეთ, ერთი საგოლე პასი გააკეთა და ატყდა უკვე სტატიები, ბუნდესლიგაში თამაშს დიდი შრომა ჭირდება და საქმისთვის პროფესიონალური დამოკიდებულება, ღმერთმა ქნას ვცდებოდე და თქვენ იყოთ მართლები
llcl
10:55 04-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული