სამუშაო ვიზა ვერ გამიკეთეს - ლუკა გადრანი "ალავესიდან" მიდის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის ცენტრალური მცველი ლუკა გადრანი შარშან ზაფხულში დიდი იმედებით წავიდა ესპანეთში და სეგუნდა დივიზიონის ბინადარ ვიტორიას "ალავესთან" (2001 წელს ამ გუნდს უეფას თასის ფინალში აქვს ნათამაშები "ლივერპულთან") ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ის "ალავესის" 19-წლამდელებში ვარჯიშობდა, მაგრამ გუნდში დარჩენას აღარ აპირებს:

"ესპანეთში 19-წლამდელების ჩემპიონატი დასრულდა და ზაფხულამდე თბილისში ჩამოვალ. "ალავესთან" ხელშეკრულება 30 ივნისამდე მქონდა, მაგრამ კონტრაქტს აღარ გავაგრძელებ, რადგან იურიდიული საკითხები ვერ მომიგვარეს, სამუშაო ვიზა ვერ გამიკეთეს და დღემდე გუნდში მხოლოდ ვარჯიშისა და ამხანაგურ შეხვედრებში თამაშის
უფლება მქონდა.

არადა, თამაშის უფლება რომ დაერთოთ, კლუბმა საბუთები ფიფაში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაგზავნა და ნებართვას ყოველდღე ველოდი. საბოლოოდ, საკითხი ვერ მოგვარდა და უკვე 6 თვეა, რაც უთამაშებელი ვარ.

ესპანეთში ძალიან კარგ პირობებში და საუკეთესო მეთოდებით ვვარჯიშობ. საქართველოში ასეთი ნაყოფიერი ვარჯიშები ნამდვილად არაა, მაგრამ ასე ფორმის შენარჩუნებას თუ მოვახერხებ, გაზრდა და პროგრესირება კი წარმოუდგენელია. ფეხბურთელი თამაშით იზრდება".

19 წლის მცველმა ამ გადაწყვეტილების სხვა მოტივიც გვითხრა:

"მენეჯერმა დამაიმედა და რეალურ წინადადებას ველოდები. შესაძლოა, უახლოეს მომავალში საკმაოდ კარგ გუნდში ჩავირიცხო. ჯერჯერობით, გუნდის დაკონკრეტებას მოვერიდები. სხვა ქვეყნის გუნდში გადასვლასაც ვერ გამოვრიცხავ...

მოკლედ, ყველაფერი ახლა ირკვევა და, სავარაუდოდ, ეს გუნდიც ესპანური იქნება. თუ ეს პრიმერა დივიზიონის გუნდი იქნა, ასეთ შემთხვევაში თავიდან ვარჯიშს დუბლშემადგენლობაში დავიწყებ, ხოლო თუ კონტრაქტს სეგუნდა დივიზიონის კლუბთან გავაფორმებ, მაშინ მთავარ გუნდში ვითამაშებ".

მარტში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩები დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის, ინგლისისა და საბერძნეთის ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ალბათ, გიორგი ყიფიანის გუნდისთვის ერთ-ერთი დანაკლისი ლუკა გადრანის არყოფნა იყო:

"ნაკრებში ვასილ მაისურაძემ შარშან, ივნისში გამომიძახა. მაშინ თბილისში პოლონეთთან ორი სპარინგმატჩი ჩავატარეთ. მე მეორე შეხვედრაში ვითამაშე, რომელიც 5:2 მოვიგეთ.

მაისურაძეს ჩემი მიწვევა შესარჩევ ეტაპზეც სურდა, მაგრამ კოჭის ტრავმის გამო რეაბილიტაციის პროცესი ახალი დასრულებული მქონდა, რამდენიმე დღე ვივარჯიშე და ასეთ მდგომარეობაში ჩამოსვლას აზრი არ ჰქონდა. ახლა კი "ალავესში" ვერ ვთამაშობდი და ბუნებრივია, ნაკრებშიც ვეღარ მოვხვდი.

არადა, ყველა შეკრების დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციიდან ნაკრების მენეჯერები მიკავშირდებოდნენ, ჩემი ამბით ინტერესდებოდნენ და მეც ჩემს სიტუაციაზე ვეუბნებოდი. ყურადღებას არც ვასილ მაისურაძის დროს მაკლებდნენ და შემდეგაც, როცა ის გიორგი ყიფიანმა შეცვალა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული