ლადო დვალიშვილი: საჩემპიონო წრე მოგებით უნდა დავიწყოთ

AutoSharing Option
ლადო დვალიშვილის "პოგონი" დღეს პოლონური ექსტრაკლასას საჩემპიონო წრეს იწყებს, რომელშიც პირველ 8 ადგილზე გასული გუნდები მონაწილეობენ. ლადოს გუნდი ქულების განახევრების შემდეგ 23 ქულით მეოთხე ადგილზეა და მე-8 ადგილზე მყოფ "რუხს" მასპინძლობს.

რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი დვალიშვილის "პოგონს" ლადოს ყოფილ გუნდ "ლეგიასთან" ჰქონდა. ჩვენებურს თავი არც ამ მატჩში გამოუჩენია - 29 წლის ქართველს 21 მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი, ორივე დეკემბერში, მას მერე, მას 10-მატჩიანი მშრალი სერია აქვს.

"რა თქმა უნდა, ძალიან მსურს, გუნდს გოლით დავეხმარო. მინდა, წლეულს ჩემი პირველი
ოფიციალური გოლი რაც შეიძლება მალე გავიტანო, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ დროს მაძლევს მწვრთნელი თავის გამოსაჩენად.

"ლეგიასთან" მატჩში გუნდურად ვითამაშეთ. თუ ასე კარგად ვითამაშებთ, შედეგიც კარგი გვექნება", - განუცხადა პოლონურ მედიას ლადომ, რომელსაც ყოფილი გუნდის საჩემპიონო შანსებზეც ჰკითხეს:

"ლეგია ძლიერი გუნდია და მას აქვს ჩემპიონატის მოგების შანსი. ბიჭებთან კონტაქტი ახლაც შენარჩუნებული მაქვს და ზოგიერთთან ვმეგობრობ. მიჭირს გიპასუხოთ, რომელი "ლეგია" უფრო ძლიერი იყო, მე რომ ვთამაშობდი მაშინდელი თუ ახლანდელი, მაგრამ ჩვენ, მახსოვს, ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ ჩემპიონატი", - თქვა ჩვენებურმა.

დაბოლოს, ლადომ "პოგონის" მიზნებზეც ილაპარაკა: "7 მატჩია დარჩენილი და აქედან ოთხს შინ ვმართავთ. ესეც უპირატესობაა. ოპონენტს მნიშვნელობა არ აქვს, შინ ვიწყებთ საჩემპიონო წრეს, რომელიც მოგებით უნდა დავიწყოთ. გუნდის მიზანი ევროპალიგის საგზურია".
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ დვალიშვილზე რატო არის სტატიები? სადმე თუ გაფაჩუნდა უკვე გაშანშალებულია სტატია.კიდე კარგ დღეშია ქართული ფეხბურთი ამაზე რომ წერთ დღედაღამ
პარმენი
16:51 15-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული