ლეგიონის უქმეები: გოგიტა გოგუა საუკეთესოა [VIDEO]

AutoSharing Option
მარტიდან მოყოლებული, დაახლოებით 70 ქართველ ლეგიონერს შორის საუკეთესოდ თამაშობს გოგიტა გოგუა. ის ყაზახური "ირტიშის" ახალწვეულია, მაგრამ უკვე გუნდის ლიდერად იქცა. 6 ტურში გოგუამ 3 გოლს 3 საგოლე პასიც დაურთო. ყაზახეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მას ცოტა დააკლდა, რომ საუკეთესო ფეხბურთელად დაესახელებინათ - მეორე ადგილზე გავიდა.

ამ უქმეებზე გოლით, მის გარდა, მხოლოდ ორმა ჩვენებურმა გაგვახარა. მოკლედ, მორიგი მწირი "მოსავალი" ავიღეთ...

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "რეიმსი" სტუმრად უკვე გავარდნილ "ტრუასთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

ნასიონალი. ამირან სანაიას (ტრავმა) "ლერბიე" სტუმრად "ეპინალთან"
1:2 დამარცხდა.

იტალია. ლევან მჭედლიძე "ლაციოსთან" მატჩის 59-ე წუთზე გამოჩნდა, რომელიც "ემპოლიმ" 0:2 დათმო. ლევანმა ბოლო წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (51-ე წუთზე შევიდა, გააფრთხილეს) "ტუტოკუოიო" შინ "პრატოს" დაუზავდა - 0:0.

გერმანია. II ბუნდესლიგა. გიორგი ჭანტურიას "დუისბურგმა" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო "მიუნხენს" - 2:1. ერთი ისაა, რომ ჩვენებური 70-ე წუთზე შეცვალეს, როცა "დუისბურგი" 0:1-ს აგებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ათამაშდნენ მასპინძლები და თამაში შემოატრიალეს. "შპორტალმა" ჭანტურიასთვის მხოლოდ 4 ბალი გაიმეტა. ლუკას ჰუფნაგელის "ფრაიბურგი" დღეს თამაშობს.

III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილის (ტრავმა) "ვერდერი" სტუმრად "ხემნიცერთან" 1:2 დამარცხდა.

ინგლისი. ჩემპიონშიპი. აკაკი გოგიას (სათადარიგო) "ბრენტფორდი" 1:1 დაუზავდა "ბრისტოლ სიტის".

ესპანეთი. სეგუნდა. გიორგი აბურჯანიამ "ხიმნასტიკის" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა "ოვიედოსთან" ტრავმის გამო გამოტოვა. მატჩი 0:0 დასრულდა.

ჰოლანდია. ერედივიზიე. გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, მაგრამ "ვიტესმა" შინ ვერ აჯობა "ჰერაკლესს" - 1:1.

პორტუგალია. სეგუნდა. ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" 0:4 განადგურდა სტუმრად "შავეშთან". გიორგი მაკარიძემ შეუცვლელად ითამაშა "პორტუს" დუბლებთან და ორი გოლი გაუშვა (ერთი პენალტით) - 0:2.

რუსეთი. პრემიერლიგა. ნუკრი რევიშვილი "მორდოვიას" კარს დაუბრუნდა. მისმა გუნდმა შინ 1:1 ითამაშა "ამკართან". აღსანიშნავია, რომ გოლი რევიშვილს რუსეთის მოქალაქე ქართველმა გიორგი ჯიქიამ გაუტანა. მამუკა კობახიძე "მორდოვიას" სათადარიგოთა სკამზე იჯდა. რევიშვილმა "ჩემპიონატისგან" 6 ბალი მიიღო, ხოლო ჯიქიამ - 7,5 ბალი. თედო გრიგალაშვილის (ტრავმა) "ტერეკი" 0:1 დამარცხდა "კრასნოდართან". ჯანო ანანიძის (ტრავმა) "სპარტაკი" სტუმრად 2:5 დამარცხდა "ზენიტთან". გიორგი ლორიამ მოსკოვის "დინამოსთან" საგარეო მატჩში კარი მშრალად შეინახა, ხოლო "კრილია სოვეტოვმა" 1:0 მოუგო. "ჩემპიონატმა" მას 7,5 ბალი დაუწერა. ნიკა კაჭარავა კვლავ სათადარიგო იყო "როსტოვის" შემადგენლობაში, "ყუბანთან" საგარეო დაპირისპირებაში.

ქართველი ფორვარდის დებიუტი გადაიდო. დღეს საბა კვირკველიას "რუბინი" "ურალს" სტუმრობს. ჩვენებურის თამაში ტრავმის გამო საეჭვოა.

უკრაინა. პრემიერლიგა. ტრავმირებული დავით თარგამაძის "ოლექსანდრიამ" 2:0 მოუგო ჯაბა ლიპარტიას (სათადარიგო) "ზორიას". სანდრო კობახიძე გამოჯანმრთელდა და "დნიპროში" დაბრუნების შემდეგ პირველად მოხვდა ოფიციალურ განაცხადში, მაგრამ მატჩში მონაწილეობა კობახიძეს არ მიუღია, "დნიპრომ" კი 5:0 გაანადგურა "მეტალისტი". ბუბა დაუშვილის (69-ე წუთზე შეცვალეს) "კარპატი" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ვოლინს". გიორგი არაბიძემ კვლავ "შახტარის" დუბლებში ითამაშა, რომელმაც 1:0 მოუგო "ოლიმპიკის" სარეზერვო გუნდს. ჩვენებური 84-ე წუთზე შეცვალეს. დავით ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა "ვორსკლასთან" 0:2 მარცხში, "ჩერნომორეცის" მეორე ქართველი მცველი გიორგი გადრანი კვლავ ტრავმირებულია.

თურქეთი. სუპერლიგა. თორნიკე ოქრიაშვილის "ესქიშეჰირი" შინ 1:2 დამარცხდა "კონიასთან". ჩვენებურს თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია, სათადარიგო იყო. აი, ნიკა ძალამიძე კი "რიზეს" სასტარტოში გამოჩნდა "ოსმანლისთან" მატჩში - 0:1. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს.

საბერძნეთი. სუპერლიგა. "ლევადიაკოსმა" აეკ-ი 3:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა რიგებში გიორგი მერებაშვილი 77-ე წუთზე (3:0-ზე) გამოჩნდა და გაფრთხილების მიღება მოასწრო.

ბელგია. პროქსიმუსლიგა. ლევან შენგელიას (87-ე წუთზე გამოვიდა) "ტუბიცე" 1:1 დაუზავდა "ეუპენს".

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლადო დვალიშვილმა 2016 წელს პირველი გოლი ვერც ამჯერად გაიტანა, მაგრამ თავი საგოლე პასით გამოიჩინა, მისი პასით მურავსკიმ გაათანაბრა და "პოგონი" "რუხთან" წაგებას გადაურჩა - 1:1. ლადომ მეორე ტაიმი ითამაშა.

I დივიზიონი. დავით მაკარაძის (არ უთამაშია) "სუვალკიმ" 3:1 მოუგო "სიედლცეს".

ჩეხეთი. სინოტლიგა. ლევან ყენიას (76-ე წუთზე შეცვალეს) "სლავია" სტუმრად "სიგმას" დაუზავდა - 1:1. "ტეპლიცე" დისკვალიფიცირებული ზურაბ ცისკარიძის გარეშე "ზლინს" დაუზავდა - 2:2.

სლოვაკეთი. ფორტუნალიგა. აკაკი ხუბუტიას არ უთამაშია "მიხალოვცეს" შემადგენლობაში სტუმრად "მიჟავასთან" - 0:3.

დანია. სუპერლიგა. მათე ვაწაძის (67-ე წუთზე შეცვალეს) "ორჰუსი" შინ 0:2 დამარცხდა "რანდერსთან".

ნორვეგია. გიორგი გოროზიას (მეორე ტაიმი ითამაშა) "სტაბეკი" სტუმრად "სარპსბორგს" დაუზავდა - 1:1.

ავსტრია. რეგიონალლიგა. ლუკა ძიძიგურის (90 წთ) "კიცბიუელმა" 3:1 აჯობა "კუფშტაინს".

კვიპროსი. თემურ ქეცბაია კვიპროსის ისტორიაში მხოლოდ მეორე მწვრთნელი გახდება, რომელიც ჩემპიონატს ორი სხვადასხვა გუნდით მოიგებს. სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე აპოელ-მა შინ 4:1 გაანადგურა "ნეა სალამინა" და აეკ-ს 4 ქულით უსწრებს. ხოლო ქეცბაიას ყოფილი გუნდი "ანორთოსისი" შინ 0:3 დამარცხდა "ომონიასთან". წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ირაკლი მაისურაძემ.

ქვედა ექვსეულში ქართველთა "ახნასმა" 2:0 მოუგო აელ-ს. ანგარიში მე-40 წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა, რომელიც 91-ე წუთზე შეცვალეს. სასტარტოში ითამაშა შოთა გრიგალაშვილმაც, რომელიც 69-ე წუთზე გამოცვალეს. რევაზ ბარაბაძე სათადარიგო იყო. ლევან ხმალაძის "პაფოსი" სტუმრად 1:3 დამარცხდა "დოხასთან". ჩვენებურმა ტრავმა მიიღო და ის მე-12 წუთზე შეცვალეს.

ბელრუსი. ქართველთა "სლავია" მოზირიდან შინ 1:3 დამარცხდა "მიკაშევიჩისთან". იაკობ აფხაზავა (64-ე წუთზე შეცვალეს) და პაპუნა მოსემღვდლიშვილი (გააფრთხილეს) სასტარტოში იყვნენ. ვალერიან გვილიას (90 წთ) "მინსკი" შინ 2:3 დამარცხდა ბატე-სთან.

ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წთ) "ფლორა" სტუმრად "პაიდეს" დაუზავდა - 1:1.

მოლდოვა. გურამ მაღალდაძის (68-ე წუთზე შეცვალეს) "საქსანი" შინ 0:1 დამარცხდა "მილსამისთან".

აზერბაიჯანი. ზაურ სვანაძის "ინტერი" სტუმრად "ქიაფაზს" 1:1 დაუზავდა. სასტარტოში ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა სალუქვაძემ და ნიკა კვეკვესკირმა. ლაშა კასრაძე სათადარიგო იყო. ქართველთა აზალ-მა 1:0 დაამარცხა "სუმგაითი". სანდრო გურულმა და ნუგზარ კვირტიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს.

სომხეთი. გოგიტა გოგატიშვილის (74-ე წუთზე შეცვალეს) "განძასარი" 0:0 დაუზავდა "შირაქს".

ყაზახეთი. კახა ცხადაძემ "ქაირათის" თავკაცის რანგში პირველი მარცხი იწვნია. მისი გუნდი სტუმრად "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა. 6 ტურში ცხადაძის გუნდს მხოლოდ 5 ქულა აქვს.

პირველი ქულები დაკარგა გოგიტა გოგუას "ირტიშმა", რომელიც "აკტობეს" ესტუმრა - 1:1. ჩვენებურმა 22-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ის 68-ე წუთზე შეცვალეს. გოგუას 6 ტურში სამი გოლი და სამი საგოლე პასი აქვს. 68 წუთში გოგიტამ 10-ჯერ წარმატებით განახორციელა დრიბლინგი, რაც ტურში საუკეთესო შედეგია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უზბეკეთი. კახა მახარაძის (90 წთ) "ლოკომოტივი" ლიდერია. ამ გუნდმა შინ 3:1 დაამარცხა "მაშალი". მახარაძის ყოფილი გუნდი "ფახთაქორი" კი სტუმრად გიორგი კვესიეშვილის "ყიზილყუმს" მოუგებდა, რომ არა ამ უკანასკნელის გასროლა 95-ე წუთზე - 2:2. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა. მან 2014 წლის მერე პირველი გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჭ-ლიგის ბ-გუნდები და იქაც სათადარიგო ხალხი. ქეცბაიამ მართალი თქვა მალე უკვე ჰობი გახდება ეს სპორტი საქართველოში;).

გვირჩევნია ისევ საქართველოს ჩემპიონატზე დაწეროთ და ყველაზე ლამაზი გოლების ნორმალური ვიდეოები დადეთ.
vato
17:54 18-04-2016
0
და პატივცემულო ჟურნალისტო, რატომ წვალობ და ენერგიას რატომ ხარჯავ, ვიცით უკვე, რომ ან სათადარიგოა და ან ტრავმა და სათითაოდ რაღად უნდა ამდენი განმეორება
llcl
15:57 18-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული