დღის თემა: თემურ ქეცბაია - კვიპროსი მორჩა, შემდეგი გაჩერება ათენია?

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ კვიპროსული აპოელ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ეს დადასტურებული ინფორმაციაა და 21 აპრილს, საღამოს ნიქოზიური კლუბის ოფიციალურმა საიტმაც გაავრცელა...

რატომ წავიდა?
თავდაპირველად, თემურ ქეცბაიას წასვლა კვიპროსის თასზე აპოელ-ის მიერ ოთხშაბათ საღამოს განცდილ მარცხს დაუკავშირეს. გეხსომებათ, 48 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდმა "აპოლონთან" ორრაუნდიანი ნახევარფინალი პენალტების სერიაში დათმო.

"თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტი გაწყდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ჩვენი კლუბი წარმატებას უსურვებს თემურ ქეცბაიას მომავალ კარიერაში. აპოელ-ს დღეიდან გეორგიოს კოსტისი გაწვრთნის", - წერს აპოელ-ის ოფიციალური საიტი.

როგორც ჩანს, ქეცბაია გუნდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო არ წასულა.
გუნდი კვიპროსის ჩემპიონატს ლიდერობს, პენალტების სერია კი ერთგვარი ლატარიაა და თითქმის გამორიცხულია, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ამ მარცხისთვის გადაეყოლებინათ.

დიდი ალბათობით, ქეცბაია საბერძნეთში გადაბარგდება, სადაც ადგილობრივი საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, სუპერლიგაში ამ სეზონში დაბრუნებულ ათენის აეკ-ს ჩაიბარებს.

ბერძნულ მედიაში ახლა ამის თაობაზე გაცხოველებული სჯა-ბაასია.

აპოელ-ი ძალიან ახლოსაა კვიპროსის ჩემპიონობასთან. პირველობის ბოლომდე ორი ტურია დარჩენილი, გუნდს 76 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს.

რაც შეეხება ევროთასებს, შეგახსენებთ, რომ აპოელ-მა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ვიყოთ პირდაპირები - ამ ეტაპზე გუნდს ნამდვილად არ გააჩნდა იმის რესურსი, რომ "შალკესა" და პრაღის "სპარტასთან" ტოლ-სწორად ებრძოლა. ორივე გუნდი მნიშვნელოვნად აღემატებოდა აპოელ-ს როგორც შემადგენლობით, ისე ინფრასტრუქტურით.

ასე რომ, შეგვიძლია თამამად დავწეროთ - ქეცბაიამ თითქმის ბოლომდე შეასრულა ის გეგმა, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ დაუსახა. ალბათ, უკეთესიც იქნებოდა, ქეცბაიას ტიტული გაენაღდებინა და ამის მერეღა დაეტოვებინა გუნდი, მაგრამ ასე გადაწყდა და ამ გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში პატივი უნდა ვცეთ.

რა ხდება აეკ-ში?
რაღა შეხსენება გჭირდებათ, რომ ქეცბაიასა და ათენის აეკ-ის გზები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გადაიკვეთა. ის 1994-97 წლებში იცავდა ბერძნული გრანდის ღირსებას და არაერთი დაუვიწყარი შეხვედრაც ჩაატარა.

როგორც ჩანს, ქეცბაიას მისვლა ბერძნულ კლუბში მართლაც დროის საქმეა, რადგან გუშინ თანამდებობა დატოვა აეკ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ახლო წარსულში ცნობილმა ურუგვაელმა ფეხბურთელმა გუსტავო პოიეტმა.

გავრცელებული ინფორმაცით, პოიეტს უთანხმოება მოუვიდა კლუბის ხელმძღვანელობასთან.

არადა, აპოელ-ისა არ იყოს, აეკ-იც კარგად მიდის საბერძნეთის სუპერლიგაში. გუნდს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უჭირავს, რაც სუპერლიგაში ერთი წლის წინ დაბრუნებული გუნდის კვალობაზე მშვენიერი შედეგია.

საბერძნეთში ხომ "ოლიმპიაკოსი" კარგა ხანია უკონკურენციოდაა. ის ჩემპიონთა ლიგაშიც გვარიან ძალას წარმოადგენს...

აეკ-ს კი ახლა უაღრესად საპასუხისმგებლო ოთხგუნდიანი პლეი-ოფი ელის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ამ პლეი ოფში გუნდი სწორედ ქეცბაიამ დამოძღვროს...

ინტერნაციონალი
ქეცბაიას ბერძნულ კლუბში მისვლაზე იმდენად დამაჯერებლად იწერება, რომ ალბათ, უპრიანია, აეკ-ის შემადგენლობას გადავავლოთ თვალი, მით უმეტეს, ეს შემადგენლობა ცუდი ნამდვილად არ არის.

მას შემდეგ, რაც აეკ-მა დაიბრუნა ადგილი ბერძნული ფეხბურთის უპირველეს ლიგაში, კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობის გაძლიერებაზე საფუძვლიანად იზრუნა.

ათენური გუნდის ღირსებას იცავენ ლეგიონერები - დიდაკ ვილა, მიგელ კორდერო, სესარ არსო (ესპანეთი), ალან ბაროია, რონალდ ვარგასი (ვენესუელა), ელდერ ბარბოსა, ანდრე სიმოეში (პორტუგალია), როდრიგო გალო (ბრაზილია), ტომაშ პეკჰარტი (ჩეხეთი), იაკობ იოჰანსენი (შვედეთი), რაფიკ ჯებური (ალჟირი), ივან ბრეშევიჩი (ხორვატია), მაკული კრისტანტუსი (ნიგერია), დიეგო ბუონანოტე (არგენტინა).

ამათგან, რამდენიმე ფეხბურთელს ჩვენც კარგად უნდა ვიცნობდეთ. მაგალითად, ტანმორჩილი და ტექნიკური ბუონანოტე, ესპანურ პრიმერა დივიზიონში ნაწრთობი დიდაკ ვილა, რაფიკ ჯებური და სხვები.

როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა აქცენტს სწორედ ლეგიონერებზე აკეთებს. განსაკუთრებით ბევრნი არიან სამხრეთამერიკელები, რაც ზოგადად დამახასიათებელია ბერძნული საკლუბო ფეხბურთისთვის...

ამას ემატება რამდენიმე კვალიფიციური ბერძენი ფეხბურთელი და ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ ანგარიშგასაწევ გუნდთან.

რაც მთავარია, აეკ-ი ფინანსურად საკმაოდ ძლიერია, თუმცა ზოგიერთი წერს, რომ აწ უკვე ყოფილ დამრიგებელ გუსტავო პოიეტს შეფობასთან ურთიერთობა სწორედ ფინანსური საკითხების გამო დაეძაბა...

ბერძნული გამოცდილებით
თუ ქეცბაია აეკ-ში მივიდა, ეს მის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ბერძნული გუნდი როდი იქნება.

2009 წელს მან ცოტა ხანს იმუშავა "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე და გუნდი მოულოდნელად დატოვა მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

სწორედ "ოლიმპიაკოსიდან" წასვლის შემდეგ ჩაიბარა თემურმა საქართველოს ეროვნული ნაკრები. იმედი დავიტოვოთ, რომ ქეცბაიასთვის ახალი ბერძნული კამპანია გაცილებით ნაყოფიერი იქნება. სხვათა შორის, ცნობილია, რომ ის კლუბის გულშემატკივრებს ძალიან უყვართ წარსულის გამო და სტარტისთვის ეს თავისთავად კარგია.

აეკ-ი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას გეგმავს და, შესაბამისად, ეძებს მწვრთნელს, რომელსაც ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე ასპარეზობის გამოცდილება აქვს.

ქეცბაია სწორედ ასეთია. ჩვენ გვახსოვს, რა ბრძოლები გამართა თავის დროზე (2008/09) მისმა "ანორთოსისმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ინტერის", "ვერდერისა" და "პანათინაიკოსის" გარემოცვაში.

ბერძნული მედიის ვარაუდით, მომავალ სეზონში ქეცბაიას მიზნად საბერძნეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას დაუსახავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული