ლეგიონი გუშინ: გაძევებული ლევან მჭედლიძე და დაკარგული შანსი [VIDEO]
დასანანია, რადგან თამაშამდე "ემპოლის" თავკაცმა მარკო ჯამპაოლომ განაცხადა, რომ დარჩენილ ოთხ ტურში მჭედლიძეს თავის გამოჩენის შანსი მიეცემოდა და ყველა მატჩს ძირითადში დაიწყებდა, რაც ამ სეზონში აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა.
ახლა ჩვენებურს ერთი მატჩის გამოტოვება უეჭველი მოუწევს, ხოლო მის საქციელში თუ წინასწარ განზრახვა შენიშნეს, დისკვალიფიკაცია
მატჩის შემდეგ მარკო ჯამპაოლომ მსაჯობა გააკრიტიკა: "ეს გაძევება კითხვებს მიტოვებს. გადაწყვეტილება გაძევების შესახებ ასისტენტმა მიიღო. "კარპი" ფიზიკური გუნდია, მსაჯმა ბევრი რამ აპატია მათ, შეეძლო, ესეც ეპატიებინა, რადგან მჭედლიძის შემთხვევა სერიოზულ დარღვევად არ მიმაჩნია".
"კარგი პუჩარელი, ცუდი მჭედლიძე", - ასეთი სათაურით შეაფასა მატჩი "ტუტო მერკატომ". ჩვენებურმა, ბუნებრივია, ყველაზე ცუდი შეფასება მიიღო - 4,5 ბალი (10-ბალიანი სისტემით).
"მოედანზე ნახევარი საათიც ვერ გაძლო. გაძევებამდე არ ჩანდა, იყო ნელი და მოუხეშავი", - წერს საიტი.
"პიანეტა ემპოლიმ" ჩვენებურს 5 ბალი დაუწერა: "ძალიან ცუდია, ეს იყო კარგი შანსი ქართველისთვის, რომ გვენახა, როგორ თამაშობს ის. გააძევეს 25-ე წუთზე ოპონენტისთვის სახეში ხელის გარტყმისთვის. თუმცა ეს სასჯელი მეტისმეტად გვეჩვენება", - წერს საიტი.
დაახლოებით ანალოგიური შეფასებები მიიღო მჭედლიძემ სხვა საიტებზეც.
მჭედლიძის გაძევებას გამოეხმაურა "პალერმოს" სკანდალისტი პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი. მართალია, ლევანი "პალერმოს" ყოფილი ფეხბურთელია, მაგრამ ძამპარინი ეპიზოდს ამის გამო არ გამოხმაურებია - "კარპის" მოგებამ "პალერმოს" გადარჩენისთვის ბრძოლა გაურთულა და ძამპარინი ამას მსაჯებს აბრალებს:
"მჭედლიძის წითელი ბარათი - ეს იყო არარსებული ეპიზოდი, "კარპის" ფეხბურთელმა ისიმულიანტა. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, ეპიზოდი გაირჩეს და კრიმი სიმულაციისთვის დაისაჯოს".
ლევანის გაძევებაზე თანაგუნდელმა მასიმო მაკარონემაც ისაუბრა: "მსაჯი ჩვენ წინააღმდეგ უსტვენდა, ყველაფერი კი მჭედლიძის გაძევებით დაიწყო".
შეგახსენებთ, რომ ეს მჭედლიძის პირველი გაძევებაა პროფესიულ კარიერაში.