ლეგიონის უქმეები: "დუისბურგის" მხსნელი გიორგი ჭანტურია [VIDEO]

AutoSharing Option
ამ სეზონში ეს ქართული ლეგიონის ბოლო სრული მიმოხილვაა. უქმეები ორი ქართული გოლით გამოირჩა - თუკი თორნიკე ოქრიაშვილის მიერ ვარდნაში თავურით გატანილმა გოლმა "ესქიშეჰირს" ვერ უშველა, გიორგი ჭანტურიას ინდივიდუალურმა "გასროლამ" მეორე ბუნდესლიგაში "დუისბურგი" გადათამაშებაში გაიყვანა და გადარჩენის შანსი მისცა...

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავა ფრანგულ ელიტას დაემშვიდობა - მისი პირველი სეზონი ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში წარუმატებელი გამოდგა. მართალია, ჯაბამ და კომპანიამ 4:1 გაანადგურეს "ლიონი", მაგრამ მოიგო მისმა კონკურენტმა "ტულუზმაც" და "რეიმსი" გასავარდნ მე-18 ადგილზე დარჩა. ჩვენებურმა სრულად ითამაშა და სეზონში მე-12 გაფრთხილება
მიიღო.

ნასიონალი. ამირან სანაიას (90 წთ) "ლერბიე" სტუმრად "შატორუსთან" 0:3 დამარცხდა და გასავარდნ ზონაშია.

გერმანია. II ბუნდესლიგა. რომ არა გიორგი ჭანტურია, "დუისბურგი" გავარდებოდა, ახლა კი გადათამაშებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ქართველის სუპერგოლის წყალობით "დუისბურგმა" "ლაიპციგს" 1:0 მოუგო. ჩვენებურმა გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე გაიტანა და მაისურა შემოიძრო, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო და 78-ე წუთზე მწვრთნელმა შეცვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა ლუკას ჰუფნაგელის "ფრაიბურგმა", ვინც ბოლო 8 წუთი ითამაშა "უნიონთან" წაგებულ (1:2) მატჩში.

III ლიგა. ზოგიერთი გერმანული წყაროს ცნობით, გიორგი პაპუნაშვილმა "ვერდერის" პირველ გუნდში ივარჯიშა. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ქართველი არც მთავარ გუნდში გამოჩენილა და ვერ დაეხმარა დუბლებსაც, რომლებიც სტუმრად "აალენის" 2:1 დამარცხებით სასწაულად გადაურჩნენ გავარდნას. სამწუხაროდ, ასე დასრულდა გიორგის ბრემენული კარიერა, მას იჯარის ვადა ამოეწურა.

იტალია. სერია A. "ემპოლიმ" სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა, გუნდმა ბოლო მატჩში "ტორინოს" მოუგო - 2:1. რომან ჭანტურია განაცხადში იყო, მაგრამ მას არ უთამაშია. შეგახსენებთ, რომ "ემპოლის" კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე დისკვალიფიცირებულია.

ესპანეთი. სეგუნდა დივიზიონი. გიორგი აბურჯანიას (68-ე წუთზე შეცვალეს) "ხიმნასტიკი" ლიდერ "ლეგანესს" დაუზავდა - 0:0. არადა, ქართველის გუნდმა ვერც პენალტი გამოიყენა და ვერც ტაიმნახევრიანი რიცხობრივი უპირატესობა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" სტუმრად ეთამაშა ფრედ "შავეშს" - 1:1 და პრიმეირა ლიგის საგზური მოიპოვა. "ფეირენშე" მესამე ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონს ელიტაში გაატარებს.

ავთო ებრალიძის (მე-80 წუთზე შეცვალეს) "ჟილ ვისენტე" შინ "ფარენშესთან" 2:3 დამარცხდა და ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა.

თურქეთი. სუპერლიგა. მართალია, თორნიკე ოქრიაშვილმა კვლავ გაიტანა, მაგრამ მისი "ესქიშეჰირი" შინ "ბასაქშეჰირთან" 1:2 დამარცხდა. თორნიკემ 66-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მან შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. "ესქიშეჰირი" თითქმის უიმედო მდგომარეობაშია.

ნიკა ძალამიძის (განაცხადში არ იყო) "რიზემ" შინ 1:0 მოუგო "გაზიანთეფს".

რუსეთი. პრემიერლიგა. გიორგი ლორიას (სათადარიგო) "კრილია სოვეტოვი" საბა კვირკველიას (90 წთ) "რუბინს" 1:1 ეთამაშა.

ქართველთა "მორდოვია" სტუმრად "ანჟისთან" 0:3 განადგურდა. ნუკრი რევიშვილი კარში იდგა, ხოლო მამუკა კობახიძე განაცხადში არ იყო.

ჯანო ანანიძის "სპარტაკი" ("ტერეკთან") და ნიკა კაჭარავას "როსტოვი" ("ურალთან") დღეს თამაშობენ.

I დივიზიონი. ქართველთა "სკა ენერგიამ" სტუმრად მოუგო "ტიუმენს" - 2:0. გიორგი ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), ხოლო გიორგი ილურიძე სათადარიგო იყო.

ზურაბ არზიანის (76-ე წუთზე შევიდა) "არმავირმა" 2:0 მოუგო "ლუჩ ენერგიას".

უკრაინა. პრემიერლიგა. დავით ხოჭოლავასა (90 წთ) და გიორგი გადრანის (ტრავმა) "ჩერნომორეცმა" სტუმრად მოუგო "სტალს" - 1:0.

სანდრო კობახიძემ "დნიპროს" სასტარტოში ითამაშა "ოლიმპიკთან" 1:1-ზე დასრულებულ მატჩში. ჩვენებური შესვენებაზე შეცვალეს. "დნიპრომ" სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.

გიორგი არაბიძემ ბოლო ტურში "შახტარის" ძირითად გუნდში 62-ე წუთიდან ითამაშა. "შახტარი" შინ 2:3 დამარცხდა "ზორიასთან", რომლის რიგებშიც არ იყო ტრავმირებული ჯაბა ლიპარტია.

ასევე ტრავმირებული დავით თარგამაძის "ოლექსანდრიამ" სტუმრად 1:0 მოუგო "ვორსკლას".

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლაშა დვალის (90 წთ) "შლიონსკმა" 3:2 დაამარცხა "ლეჩნა" და ჩემპიონატი ქვედა 8 გუნდში მე-2 ადგილზე დაასრულა.

ლადო დვალიშვილის "პოგონი" 0:3 დამარცხდა მისსავე ყოფილ გუნდ "ლეგიასთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

I ლიგა. დავით მაკარაძის (სათადარიგო) "სუვალკიმ" სტუმრად მოუგო "ზავიშას" - 2:1.

ჩეხეთი. სინოტლიგა. ჩემპიონატის ბოლო ტურში ლევან ყენიას "სლავიამ" ჩემპიონი "პლზენი" 5:0 გაანადგურა. ყენია მოედანზე მხოლოდ 82-ე წუთზე გამოჩნდა.

ზურაბ ცისკარიძის (მეორე ტაიმი ითამაშა, გააფრთხილეს) "ტეპლიცე" კი სტუმრად "სიგმასთან" განადგურდა - 0:6.

ყენიას "სლავია" საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა, ცისკარიძის "ტეპლიცე" კი - მე-12-ზე.

სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტიას (90 წთ) "მიხალოვცე" შინ "სლოვანს" დაუზავდა - 1:1.

ავსტრია. რეგიონალლიგა. ლუკა ძიძიგურის (72-ე წუთზე შეცვალეს) "კიცბიუელი" 0:3 დამარცხდა "პინზგაუსთან".

კვიპროსი. ირაკლი მაისურაძის (არ უთამაშია) "ანორთოსისი" 2:2 დაუზავდა ჩემპიონ აპოელ-ს. "ანორთოსისმა" ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

გადამწყვეტ მატჩში "პაფოსმა" უმასპინძლა "ახნასს", ქულები გაუყო (1:1) და გავარდა. მასპინძელმა ლევან ხმალაძემ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს). სტუმართა რიგებში სასტარტოში იყვნენ ძმები - ელგუჯა და შოთა გრიგალაშვილები. პირველი 90-ე წუთზე შეცვალეს (გააფრთხილეს), მეორე კი - 75-ეზე. რევაზ ბარაბაძე 87-ე წუთზე გავიდა მოედანზე.

ფინეთი. იკონენლიგა. გიორგი ოსიტაშვილის (90 წთ) კტპ-მ სტუმრად 4:3 მოუგო "ჯაზს". ირაკლი სირბილაძის (90 წთ) კპვ-მ კი ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა - შინ "ოულუს" ვერ მოუგო - 2:2.

ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილის (57-ე წუთზე შეცვალეს) "ფლორამ" სტუმრად 4:2 მოუგო "სილამიაეს".

მოლდოვა. გურამ მაღალდაძის (55-ე წუთზე ჩაერთო თამაშში) "საქსანი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "შერიფთან".

აზერბაიჯანი. ბაქოს დერბიში ზაურ სვანაძის "ინტერი" "ნეფთჩისთან" 2:4 დამარცხდა. გიორგი ლომაიამ, ლაშა კასრაძემ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს, ლაშა სალუქვაძემ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა.

ნუგზარ კვირტიასა (78-ე წუთზე შეცვალეს) და სანდრო გურულის (68-ე წუთზე შემოვიდა) აზალ-ი სტუმრად "გაბალასთან" 0:2 დამარცხდა.

სომხეთი. გოგიტა გოგატიშვილის (79-ე წუთზე შეცვალეს) "განძასარი" სტუმრად დაუზავდა "პიუნიკს" - 0:0.

ყაზახეთი. კახა ცხადაძის "ქაირათმა" სეზონში პირველი მარცხი აგემა გოგიტა გოგუას (სათადარიგო) "ირტიშს" - 1:0.

უზბეკეთი. გიორგი კვესიეშვილის (90 წთ) "ყიზილყუმმა" შინ მოუგო "ანდიჟონს" - 2:1. სამწუხაროდ, ჩვენებურმა 24-ე წუთზე ავტოგოლით "გამოიჩინა" თავი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ყოჩაღ ჭანტურია, უგულოდ არ ტოვებს მოედანს ! ცოტა პრესიც რომ დაიდოს "ბალოტელიც" გამოუვა და ეხლა ზედმეტი იყო :) ;) მიდი ჭანტურ შეუბერე !!!
Eric cantona
11:02 16-05-2016
0
ჭანტურიას აშკარად დაკლებული აქ წონა, და მონდომებულია ეტყობა.... იმედია ცუდი წარსულში დატოვაა, და გაგვახარებს მომავალში.... / უფრო მეტი შრომა, და შრომა, და შედეგიც არ დააყოვბებს.... / წარმატებებს გისურვებთ ქართველო სპორტცმენებოო......!!!!!!!
Vaso
11:08 16-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული