უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხეადგილოსანი თავდამსხმელი ნიჭიერი მწვრთნელიც გამოდგა: 2008 წელს, "ალკმაარში" ლუის ვან გაალის თანაშემწეობით დაწყებული კარიერა თურქულ კლუბებში - "ქაისერისფორსა" და "ქასიმფაშაში" მთავარი მწვრთნელის რანგში გააგრძელა. 2015 წლის ივლისში შოთამ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ტრაბზონსფორთან", სადაც 1993-97 წლებში თამაშობდა და საყოველთაო სიყვარულიც მოიპოვა ტყუპისცალ არჩილ არველაძესთან ერთად. მაგრამ არველაძე-მწვრთნელმა "ტრაბზონსფორი" წარმატებების გარეშე მალევე დატოვა...
მას შემდეგ ათასი
გუშინ კი გვითხრეს, რომ შოთამ, შესაძლოა, ისრაელის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, ჰაიფას "მაკაბის" მწვრთნელად დაიწყოს მუშაობა...
სწორედ ამ ჭორ-მართალში გასარკვევად თბილისში ჩამოსულ შოთა არველაძეს დავუკავშირდით...
- ბოლო დროს თქვენს შესაძლო ახალ სამსახურზე ურთიერთსაწინააღმდეგო ხმები ვრცელდება...
- რაო, ახლა სად "გამიშვეს"?
- ჰაიფას "მაკაბში"...
- მე არ ვიცი, ისრაელიდან არავინ დამკავშირებია.
- "ლელომ" იცის, რომ ეს ზუსტი ინფორმაციაა...
- დამიჯერეთ, ახალი ჯერ არაფერია.
- ისიც შევიტყვეთ, თითქოს, წინადადებით ბაქოს "ნეფთჩიმაც" მოგმართათ...
- ბაქოელები ნამდვილად დამიკავშირდნენ.
- და რა უპასუხეთ, თუ საიდუმლო არ არის?
- ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან გადაწყვეტილი არაფერია.
- რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ვერსიად "ანტალიასფორიც" დასახელდა. თურქეთში დაბრუნება ხომ არ გსურთ?
- რაღა დაბრუნება, სულ თურქეთში არ ვარ?! ოჯახი იქაა, ბავშვები იქ სწავლობენ... მაგრამ მესმის, რასაც მეკითხებით - ვიმუშავებ თუ არა თურქეთში, ამაზეც ვერაფერს გეტყვით.
- ანუ საუკეთესო ვარიანტებზე მსჯელობთ?
- არა, უბრალოდ, ჯერ არსად მეჩქარება.
- სეზონი მთავრდება, მაგრამ სადაცაა, ევროტურნირები დაიწყება. გუნდები მალე დაიწყებენ ახალი ბატალიებისთვის მზადებას. საჩქარო როგორ არ არის?!
- ამხელა სტრესების შემდეგ დასვენება არ მეკუთვნის (იცინის)? ვიღაც ბურთს ძელს რომ მოარტყამს, ამასაც მე მაბრალებენ და არ უნდა დავისვენო?
- თქვენი საუბრიდან ისე ჩანს, რომ ყველაზე რეალური "ნეფთჩის" ვარიანტია...
- სანამ ახალ კლუბთან კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. დასამალი არ არის, "ნეფთჩის" წარმომადგენელს შევხვდი და ველაპარაკე. 21 მაისს ბაქოში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალია და იქაც მიმიწვიეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
- ცნობილი გახდა, რომ არველაძეების ფონდმა საქველმოქმედო ღონისძიება სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართა...
- სიმსივნით დაავადებული ბავშვების დახმარება მარტო ჩვენი ვალი არ არის და ვცდილობთ, ფონდს გვერდში დავუდგეთ. ამაში აღსანიშნავი არაფერია, ყველანი ადამიანები ვართ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"