ებრაული კლუბის ინტერესზე ინფორმაცია გუშინ თურქულმა ინტერნეტპორტალმა spor.mynet.com-მაც გაავრცელა. საიტი ამტკიცებს, რომ უახლოეს დღეებში ქართველი მწვრთნელი "მაკაბისთან" კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 1,5 მილიონ დოლარს მიიღებს, წარმატების შემთხვევაში კი - დამატებით ბონუსებსაც. თურქების ცნობით, ისრაელის კლუბში არველაძის დანიშვნა "მაკაბის" სპორტული დირექტორის, ხორდი კრუიფის (იოჰან კრუიფის ვაჟი) ინიციატივაა,
შოთა არველაძეს გუშინ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით:
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამწვრთნელო კარიერას ისრაელში, კერძოდ, თელ-ავივის "მაკაბიში" გააგრძელებთ. მართალია?
- კლუბს რომ ველაპარაკე, ფაქტია და ვნახოთ...
- ინფორმაციის მიხედვით, თქვენ არათუ თანამშრომლობაზე შეთანხმდით, ფინანსური დეტალებიც დააზუსტეთ...
- დიახ, ამაზეც ვილაპარაკეთ. როცა მუშაობას გთავაზობენ, ყველაზე დეტალზე ლაპარაკობ და ეს ბუნებრივია.
- კონკრეტული ციფრიც დაიწერა: თითქოს, წელიწადში 1,5 მილიონ დოლარს გთავაზობენ...
- ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- ბაქოს "ნეფთჩი" საბოლოოდ გამორიცხეთ?
- ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. მოლაპარაკებები გრძელდება.
- საბოლოო გადაწყვეტილებას როდის მიიღებთ?
- ყველაფერი უახლოეს დღეებში გეცოდინებათ.
- მაგრამ ისე ჩანს, ისრაელის ვარიანტისკენ გადაიხარეთ...
- ვნახოთ...
- რეალურად, რამდენი კლუბი გიწვევთ?
- ეს ორი კლუბია: "მაკაბი" და "ნეფთჩი". ორივე რეალურია. ახლა სხვა შემოთავაზება არ მაქვს და ლოგიკურად, ამ ორიდან ერთ-ერთში ვიმუშავებ. მოკლედ, ყველაფერი ამ დღეებში მეცოდინება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"