ლაშა სალუქვაძე: კრიტიკა იყო, მაგრამ ჩვენი სინდისი სუფთაა

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერი" ქართველებისგან იცლება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ზაურ სვანაძის გაწვრთნილ გუნდში მომავალ სეზონში ჩვენებურთაგან მხოლოდ ზურაბ ხიზანიშვილი ითამაშებს.

როგორც იცით, აქამდე "ინტერი" დატოვეს ლაშა კასრაძემ (გადავიდა ბოლნისის "სიონში) და გიორგი ლომაიამ (დაბრუნდა თბილისის "დინამოში"). ამას გარდა, თითქმის გადაწყვეტილია ნიკა კვეკვესკირის ტრანსფერი "გაბალაში".

ახლა ბაქოს კლუბიდან წასულთა სიას გამოცდილი ცენტრალური მცველი ლაშა სალუქვაძეც შეემატა. 34 წლის უკანახაზელს არაერთ გუნდში უთამაშია. არის რუსეთის ორგზის (ყაზანის "რუბინში") და საქართველოს (თბილისის "დინამოში) ჩემპიონი. საქართველოს ნაკრებში სალუქვაძემ 38 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი
გაიტანა.

მას "ლელო" დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- ბოლო დროს "ინტერი" რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა. თქვენ რას აპირებთ?
- ისე ჩანს, რომ მეც დავტოვებ "ინტერს". მეტიც, ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია. არის რაღაც ვარიანტები. ჯერ არ ვჩქარობ. პატარა პაუზა ავიღე. ალბათ, ყველაფერი მალე გაირკვევა.

- ქართველები "ინტერს" ტოვებენ. რა არის ამის მიზეზი?
- ალბათ, მაინც ის, რომ "ინტერი" ვეღარ იქნება ძველებურად ამბიციური გუნდი. დავამატოთ ამას ისიც, რომ გუნდი ძველი ვალების გამო მომავალ სეზონში ევროთასებზე ვერ ითამაშებს. არის ხელფასების ამბავიც... მოკლედ, ყველაფერი ერთად...

- ქართველებიდან მხოლოდ ზურაბ ხიზანიშვილი რჩება გუნდში?
- ბოლო ამბავი, რაც ვიცი, ის არის, რომ ხიზანიშვილი მართლაც რჩება "ინტერში"...

- თქვენ რას აპირებთ?
- არის შეთავაზებები როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. უცხოეთში რუსეთი და კიდევ სხვა ქვეყნების ვარიანტებია. როგორც გითხარით, ჯერ ისევ ვფიქრობ. ისიცაა, რომ უკვე 34 წლის ვარ. ეს არ არის პატარა ასაკი...

- ევროასპარეზზე გასული ქართული გუნდები არ ინტერესდებიან თქვენით?
- არის რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება, თუმცა ჯერ უფრო - ზოგადი.

- ამბობენ, რომ ბოლო დროს აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე შედარებით დაეცა. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- ალბათ, ასეა. კლუბები ძველებურად ვეღარ იხდიან ფულს, ეს ფაქტია. ერთადერთი, რომელიც ყველაფრით მაღლა დგას სხვებზე, "ყარაბაღია". ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს "გაბალასაც", თუმცა აზერბაიჯანის ბოლო ჩემპიონატში ტოლი არაფერში დავუდეთ ამ გუნდს და მასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილები გავიყავით.

- ეს მართლაც კარგი შედეგი იყო იმ პრობლემების ფონზე, რომლებიც გუნდში არსებობდა...
- მართალი ბრძანდებით. ევროთასებზეც კარგად ვითამაშეთ - ორი ეტაპი გავიარეთ და პლეი ოფში "ბილბაო" რომ არ შეგვხვედროდა, შესაძლოა, ევროპალიგის ჯგუფშიც შევსულიყავით. აზერბაიჯანის ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგი კი პოზიტიური იყო თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის დასაწყისში პრობლემები გვქონდა, ძირითადად - ფინანსური ხასიათის. გარდა ამისა, არ გვასვენებდა ტრავმებიც.

- და მაინც, "ინტერის" ქართველებს კრიტიკა არ გაკლდათ, თუნდაც - აზერბაიჯანულ მედიაში...
- რა თქმა უნდა, ესეც იყო, მაგრამ ჩვენი სინდისი სუფთაა. მიმაჩნია, რომ ქართველებმა ბევრი გავაკეთეთ "ინტერისთვის" და არა მხოლოდ წინა სეზონში - იმ დროიდან, როცა კახა ცხადაძე იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი. რაც შეეხება ზაურ სვანაძის მუშაობას "ინტერში", რა თქმა უნდა, ისიც წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. ზაურს საქმის დაწყება მოუხდა თითქმის სულ ახალ გუნდთან და ის ამ დიდ გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული