მოლდოვა უეფას რეიტინგში 34-ე პოზიციაზეა. თუ წლის შედეგების მიხედვით, მოლდოვა უეფას რეიტინგში 32 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდება, ან "შერიფი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწევს, ასეთ შემთხვევაში ტირასპოლელთა 18-წლამდელების გუნდი იუნიორების ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშებს. მოლდოველთა კიდევ ერთი შანსია, რომ ჯგუფურ ეტაპზე 32 საუკეთესოში მოხვდეს ორი ქვეყნის ისეთი გუნდი, რომელთა 19-წლამდელებიც ქვეყნის ჩემპიონები გახდებიან...
2009 წელს ის ლატვიაში წავიდა, სადაც "დაუგავას" საფეხბურთო აკადემიის მთავარ მწვრთნელად მიიწვიეს და დუბლშემადგენლობის დამრიგებელიც იყო. 2011 წელს კი გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.
მესამე წელია, რაც ცნობილი სპეციალისტის, ლანჩხუთის "გურიას" დამრიგებელ თემურ მახარაძის ვაჟი მოლდოვურ კლუბში საქმიანობს. მახარაძე "შერიფის" ანალიტიკური ჯგუფის წევრი გახლდათ, ახლა კი 18-წლამდელების მთავარი და დუბლშემადგენლობის მწვრთნელის ასისტენტია. ამჟამად, მახარაძე PRO-კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მსმენელია.
"ბევრჯერ მიფიქრია, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. მაგრამ წინადადებებიც არ ყოფილა. მეორეცაა - "შერიფში" ყველაფერი ისეთი დალაგებული და აწყობილია, იქაურობის მიტოვება ძალიან ძნელია. გასაგებია, რომ გუნდს დიდი ტრადიციები არ გააჩნია. მაგრამ ასე იყო ისლანდიაც, სადაც ფეხბურთი ისე განავითარეს, რომ უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც თამაშობენ", - ამბობს მახარაძე.
მან ქართული ფეხბურთის პრობლემებზეც ილაპარაკა:
"ჩვენი კლუბი თბილისის "დინამოსთან" თანამშრომლობს და ისედაც, ჩვენი ასაკობრივი ნაკრებებისა და გუნდების გამოსვლებსაც, შეძლებისდაგვარად, თვალს ვადევნებ.
თვალშისაცემია, რომ ძალიან დიდი რესურსი გაგვაჩნია. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ინდივიდუალურ დისციპლინაში მოვიკოჭლებთ და ეს ქართული ფეხბურთის უდიდეს ნაკლად იქცა. ასეთი მინუსით ევროპულ ფეხბურთში არავის გააკარებენ. არადა, ამის გამოსწორება შესაძლებელია და სასურველია, რომ ეს პოტენციალი უკვალოდ არ გაქრეს".
მახარაძე ტირასპოლელთა ქართველ გენერალურ დირექტორზე, ვაჟა თარხნიშვილზეც გველაპარაკა:
"ყველა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ვაჟა ამ თანამდებობაზე დაინიშნა, გუნდში ბევრი სიახლე დანერგა. მომავალ წელს "შერიფს" დაარსებიდან 20 წელი უსრულდება და მას კლუბის ახალ საფეხურზე აყვანის იმედს უკავშირებენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"