ჩემთვის მთავარია, ვითამაშო... სანდრო კობახიძეს "დნიპროდან" წასვლა უნდა

AutoSharing Option
ძალიან საწყენი ამბავია: რუსეთთან ომის გამო, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები გაჩნდა. ცხადია, ეს საფეხბურთო მეურნეობაზეც უარყოფითად აისახა. ცნობილია, რომ დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" უფროსობას ყოფილი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მიმართ დავალიანება დაუგროვდა. შედეგად, 2014/15 წლების სეზონის ევროპალიგის ფინალისტ კლუბს უეფამ ევროთასებში მონაწილეობა ერთი წლით აუკრძალა.

"დნიპროს" ნახევარმცველ სანდრო კობახიძეს კი გუნდის დატოვება სურს. მაგრამ მოტივი მხოლოდ ფინანსური პრობლემები არ არის - წლეულს, იანვარში, ლუცკის "ვოლინის" ერთ-ერთი ლიდერი, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, დნეპროპეტროვსკელებმა კიდევ ერთხელ დაიბრუნეს და ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს
- საქართველოს ნაკრების წევრმა მეორე წრეში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

ცხადია, როცა მოთამაშე ხელფასს ვერ იღებს და თან სათამაშო პრაქტიკაც არ აქვს, ასეთ კლუბში დარჩენა აზრს კარგავს.

"დნეპროპეტროვსკში ორშაბათს გავემგზავრები და ადგილზე გავიგებ, რა ხდება გუნდში. აქამდე გაურკვეველი ვითარება იყო და არ ვიცით, ახალ სეზონში რა შეიცვლება. ყველაფერს მეტყვიან, მათ შორის, ჩემს საკითხზეც", - ამბობს კობახიძე.

ის არ მალავს, რომ "დნიპროს" დატოვება სურს:

"ბუნებრივია, თამაში მინდა. მაგრამ ჯერ არ ვიცი, "დნიპროში" დავრჩები თუ ახალ გუნდში გადავალ. თუმცა დასამალი არ არის, რომ მოლაპარაკებები სხვა გუნდებთან მაქვს. მაგრამ რომელი ქვეყნების რომელი გუნდებია, ამაზე დაკონკრეტებას მოვერიდები.

ჯერ სათქმელი არაფერია. მთავარია, რა უნდა "დნიპროს" და რა - მე. ამაში კი მალე გავერკვევით. ჩემთვის მთავარია, ვითამაშო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული