გიორგი არაბიძის მენეჯერი: მას ახლა ეს ჰაერივით სჭირდება, რომ გაიზარდოს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა" მოსამზადებელი ეტაპი ახალი მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას ხელმძღვანელობით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ უკრაინული გუნდი ჰოლანდიურ შეკრებაზე გაემგზავრა, მაგრამ "შახტარს" თან არ ახლდა გიორგი არაბიძე.

ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ამ ზაფხულს დონეცკელთა გუნდის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა sportall.ge-ს გაუმხილა.

[ექსკლუზივი] ევროპულ გუნდში მივდივარ - გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარს" ტოვებს!

რომელ კლუბში გააგრძელებს გიორგი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია. სწორედ ამის გასარკვევად არაბიძ
ის მენეჯერს, უკრაინაში მცხოვრებ მიხეილ მეტრეველს დავუკავშირდით...

- უპირველესად, გვაინტერესებს, რა ბედი ელის გიორგი არაბიძეს?
- ჯერ ის არსად არ მიდის. საერთოდ, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.

- ეს ხომ თავად თქვა?
- გიორგის "შახტართან" კონტრაქტი აქვს და მე ვთქვი, რომ ჯერ არ მიდის, მაგრამ გამორიცხული ნამდვილად არ არის, რადგან მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

- გამოდის, რომ მოლაპარაკებები მაინც დაწყებულია...
- კარგ ფეხბურთელს მიწვევები მუდამ აქვს და გიორგიც არ არის გამონაკლისი. მისი ამბავი რომ გაიგეს, დაინტერესებული კლუბები გამოჩნდნენ, მაგრამ მე ასე ვიტყოდი - დაწყებულია არა მოლაპარაკებები, არამედ ურთიერთობები სხვა კლუბებთან და მათ წარმომადგენლებთან. პირველ რიგში, მათ უნდათ გარკვევა, შესაძლებელია თუ არა თანამშრომლობა.

- კარგი, იყოს არა მოლაპარაკება, არამედ ურთიერთობა, როგორც თქვენ თქვით. მაშინ ის მაინც გვითხარით, ვისთან გაქვთ ეს ურთიერთობა?
- უკრაინულ და სხვა ქვეყნების კლუბებთან, მათ შორის - ბელგიასა და ჰოლანდიაში. გიორგისთვის მთავარია სათამაშო პრაქტიკა. მას ახლა ეს ჰაერივით სჭირდება, რომ გაიზარდოს, გამოცდილება მიიღოს და "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად იყოს. ამიტომ, შესაძლოა, რომელიმე კლუბში იჯარით ითამაშოს.

- თითქოს, ზაფხულში დონბასელთა მთავარ გუნდში უნდა მომზადებულიყო. მერე რა შეიცვალა?
- არაფერიც არ შეცვლილა, ეს მუშა პროცესია. ზაფხულში ორი მოთამაშის გაყიდვაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ისინი "შახტარში" დარჩნენ. გიორგის სწორედ მათი წასვლის შემთხვევაში მიეცემოდა შანსი. 18 წლის ბიჭია და ყოველდღე იზრდება, მაგრამ ჯერ ძირითად შემადგენლობაში ასე თამამად ვერ დააყენებენ. ყოველ მატჩში 20-30 წუთი რომ ათამაშონ და სეზონში 25 მატჩი მაინც დაუგროვდეს, შემდეგ სეზონში უკრაინის უმაღლეს ლიგაში თავს აუცილებლად გამოიჩენს.

- ამჟამად სად ვარჯიშობს?
- "შახტარის" დუბლშემადგენლობაშია. შესვენების შემდეგ ფიზიკურად ამზადებენ. ამაში სენსაციური არაფერია, ყველაფერი კარგად არის. ახლა ის სერიოზულად, დიდი დატვირთვებით ვარჯიშობს და დარწმუნებული ვარ, ახალ სეზონში კიდევ უფრო გაიხსნება.

- მირჩა ლუჩესკუს არაბიძე მოსწონდა. როგორია პაულო ფონსეკას დამოკიდებულება?
- ფონსეკამ თქვა, რომ არაბიძეს აკვირდება. წინააღმდეგი არ არის, რომ იჯარით უკრაინის უმაღლესი ლიგის ან სხვა ქვეყნის გუნდში გაუშვას და იქ პრაქტიკა მიიღოს. ფონსეკას არ სურს, რომ გიორგი დუბლებში მოცდეს. კლუბია თავად დაინტერესებული, რომ გაიზარდოს და მთავარ გუნდში ადაპტაცია დროულად გაიაროს, უფრო მაღალ დონეზე კი მხოლოდ პრაქტიკის შემთხვევაში ითამაშებს.

- ლუჩესკუს მისი "ზენიტში" გადაყვანის სურვილი თუ გამოუხატავს?
- ინტერესი არა მხოლოდ "ზენიტს", არამედ კიდევ რამდენიმე გუნდს აქვს. თუ საინტერესო წინადადება ექნება და უკრაინის დუბლების ჩემპიონატზე უკეთეს დონეზე ითამაშებს, მაშინ სიამოვნებით წავა. მაგრამ იმავე დონეზე გადასვლას, ანუ სხვა გუნდის დუბლებში წასვლას აზრი არ აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამოყოფს თავს ალბათ დანიის მე-4 ლიგაში. კაროჩე რაა. რა ჭირთ ამ ქართველ ფეხბურთელებს 18 წლის რომ ხდებიან ამის მერე?
shala
10:44 29-06-2016
0
უკვე გასაგებია რაც ხდება.... შახტარმა წაიყვანა თავის დროზე ქართველი ტალანტები თარგამაძე ოქრიაშვილი და შემდეგ გაანათხოვრა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად და დღეს სად არიან კი ვხედავთ... ან არაბიძე შარშან რომ გადადიოდა არ იცოდა სად ითამაშებდა თუ ერთ სეზონში ისე მოუმატა რომ დობლებს აღარ კადრულობს?! აგერ ყიფიანიც არ ათამაშებს ესეიგი რაღაც ვერ არის ისე როგორც უნდა იყოს!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული