ოთარ კაკაბაძე: "ხიმნასტიკის" დაინტერესება ჩემით აბურჯანიას დამსახურებაა

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ კაკაბაძე და გიორგი აბურჯანია
"ლელოს" მკითხველმა უკვე იცის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანურ "ხიმნასტიკთან", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, საყრდენი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია იცავს.

კაკაბაძეს "ლელო" ესპანურ პერსპექტივაზე ელაპარაკა.

- გილოცავთ "ხიმნასტიკში" გადასვლას. საინტერესოა, საიდან დაინტერესდა ეს გუნდი თქვენით?
- "ხიმნასტიკი" ჩემით რომ დაინტერესდა, ეს გიორგი აბურჯანიას დამსახურებაა. მან კლუბს ჩემზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ასე რომ, უცხო ნ
ამდვილად არ ვიყავი მათთვის. ამის შემდეგ დამაკვირდნენ და ისე მოხდა, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი.

- ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ გაგიჭირდებათ სწორედაც გიორგი აბურჯანიას ფაქტორის გამო...
- არა, ადაპტაციის მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება. სწორად აღნიშნეთ, გიორგი აბურჯანიაც იქაა. ხელს შემიწყობს, ყველაფერში დამეხმარება.

- ხომ არ გისაუბრიათ გუნდის მთავარ მწვრთნელთან ან კლუბის ხელმძღვანელობასთან?
- არა, ჯერ არ გვილაპარაკია. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - გუნდი მხოლოდ და მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. მოგეხსენებათ, წინა სეზონში ერთი ნაბიჯი დააკლდა "ხიმნასტიკს" პრიმერაში გადასვლამდე. პლეი ოფში დამარცხდნენ...

- რა ინფორმაცია გაქვთ, თქვენს პოზიციაზე დიდი კონკურენცია იქნება?
- რა თქმა უნდა, იქნება კონკურენცია. ამის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს. კონკურენცია არ მაშინებს, პირიქით, ფეხბურთელის პროგრესისთვის ის აუცილებელიცაა. ყველა სიძნელეს უნდა გავუმკლავდე.

- მოგწონთ ესპანური ფეხბურთი?
- კი, ძალიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფეხბურთის ყურებით გავიზარდე.

- ესპანურ ენას თუ სწავლობთ?
- დიახ, უკვე რამდენიმე თვეა, ვსწავლობ ესპანურს. იქაც გავაგრძელებ სწავლას და ვფიქრობ, ამ მხრივ პრობლემა არ უნდა იყოს.

- თქვენ როგორ იცით, ახალი ფეხბურთელები კიდევ მოვიდნენ "ხიმნასტიკში"?
- ვიცი, რომ რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატეს და გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა.

- ახლა თუ ხართ ოპტიმალურ ფორმაში?
- ორი კვირა დავისვენე და შემდეგ იმ პროგრამით დავიწყე მომზადება, რომელიც კლუბიდან გამომიგზავნეს.

- სხვა ვარიანტები თუ იყო?
- კარგა ხანია, "ხიმნასტიკის" ამბავი გადაწყვეტილი იყო. ამიტომაც არ მქონია სხვა ვარიანტები.

- ევროპის ჩემპიონატს როგორ აფასებთ?
- მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ისიცაა, რომ არაერთი მოსაწყენი თამაში ვნახეთ - შედეგზე ორიენტირებული. ესპანეთის ნაკრებმა, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ, ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა. ახლა საფრანგეთის გამარჯვება მსურს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული