დღეს, 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს ჩაატარებს ბორისოვოს ბატე, რომელშიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვაკო გვილია გადავიდა. ბელორუსის ჩემპიონის მეტოქე ფინური "სეინაიოკი" იქნება, რომელსაც მინსკში მიიღებს.
მატჩის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბატე-ს მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ ერმაკოვიჩმა გვილიაზეც ისაუბრა:
"მას ბელორუსის ჩემპიონატში, "მინსკში" უთამაშია. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელი დაგვეხმარება და სარგებელს მოგვიტანს.
გვილიას მიმართ შთაბეჭდილება მხოლოდ პოზიტიური მაქვს. მას არაერთი დადებითი თვისება აქვს. ძალიან კმაყოფილნი ვართ, რომ შევძელით ასეთი ფეხბურთელის შეძენა",
მომავალი შეხვედრის წინ კომენტარი 22 წლის გვილიამაც გააკეთა:
"თავს კარგად ვგრძნობ და სხვებთან ერთად ვემზადები ამ საპასუხისმგებლო დაპირისპირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ მოედანზევე კარგი შედეგით დავასრულოთ მატჩი.
ბუნებრივია, მაქვს იმედი, რომ მოედანზე გასვლის შანსი მომეცემა, დანარჩენს კი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.
მინდა სასარგებლო ვიყო. ცოტას ვღელავ კიდეც, თუმცა ბატე-ში ბრწყინვალე კოლექტივია შეკრებილი და ადაპტაცია იოლია. ყველა ცდილობს გამამხნევოს და მხარი დამიჭიროს", - ამბობს ვაკო.