"შახტარის" განაცხადში ყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავს! - გიორგი არაბიძე ისრაელში მიდის?

AutoSharing Option
21 ივლისს, უკრაინულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით, გიორგი არაბიძეზე ინფორმაცია ქართულმა საიტებმაც გაავრცელეს. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დონეცკის "შახტარმა" უკრაინის პრემიერლიგის ახალი სეზონის განაცხადში შეიყვანა. არადა, 11 ივლისს დონეცკელთა 27-კაციან სიაში არაბიძე არ ყოფილა.

უკრაინის ჩემპიონატი დღეს, 22 ივლისს იწყება და "შახტარმა" ქართველი, ანდრეი კორობენკოსთან ერთად, ბოლო მომენტში დაამატა განაცხადს.

არაბიძე "შახტარში" შარშან, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა და უკრაინული გრანდის ფორმა სულ სამჯერ მოირგო - ერთხელ თასზე და ორჯერ ჩემპიონატში. უმთავრესად კი, "შახტარის" 19-წლამდელებსა და დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა.

რუმინელი
მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს გუნდიდან წასვლითა და პორტუგალიელი პაულო ფონსეკას დანიშვნით არაბიძისთვის ვითარება შეიცვალა. პორტუგალიელმა ის ჰოლანდიურ შეკრებაზე არ წაიყვანა. მაშინ არაბიძე ამბობდა, რომ მიზეზი თავად მისი სურვილი იყო - დაეტოვებინა კლუბიც და ქვეყანაც...

მას უკრაინაში სწორედ იმის გასარკვევად დავუკავშირდით, თუ რატომ გადაწყვიტა "შახტარში" დარჩენა, საუბრის დროს კი მოულოდნელი ამბავი შევიტყვეთ...

- ზაფხულიდან მოყოლებული, ამბობდით, რომ დონეცკის "შახტარი" უნდა დაგეტოვებინათ. ახლა ვითარება რატომ შეიცვალა?
- ვინ გითხრათ, რომ შეიცვალა და ვრჩები?!

- ფაქტია, რომ კლუბმა უკრაინის პრემიერლიგის ახალი სეზონის განაცხადში შეგიყვანათ...
- კი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩემი საკითხი ახლა წყდება და დიდი ალბათობაა, რომ გუნდი მაინც დავტოვო.

"შახტარის" ხელმძღვანელობას ველაპარაკე და ვუთხარი, რომ დუბლებში დარჩენა და იქ თამაში არანაირად არ მაწყობდა. თუ ახალი გუნდი გრანდი არ იქნება, უმაღლეს ლიგაში მაინც ვითამაშებ, სათამაშო პრაქტიკა მექნება და გავიზრდები. რეზერვისტებში კი პროგრესის შანსი ძალიან მცირეა და ამ დონეზე დარჩენა, ცხადია, არ მსურს.

- გარიგება როდის მოხდება?
- მაქსიმუმ ექვს დღეში ჩემი ამბავი გაირკვევა და იმედია, ახალ გუნდში ჩავირიცხები.

- რომელ გუნდზეა ლაპარაკი?
- ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბია, მაგრამ ახლა ვერ დავაკონკრეტებ...

- ასეთ დონეზე თამაში ნამდვილად არ გაწყენდათ...
- რა თქმა უნდა! რა აზრი აქვს ძლიერ გუნდში ყოფნას, თუ მხოლოდ დუბლებში თამაშით შემოვიფარგლები. ასე ვერავინ გაიზრდება. გუნდი, სადაც ვითამაშებ, სუსტი ნამდვილად არ არის, რადგან ისრაელის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საკმაოდ მაღალი დონეა.

- ებრაულ კლუბს ტრანსფერის გამოსყიდვა სურს?
- არა, ლაპარაკია დაახლოებით ხუთ-ექვსთვიან იჯარაზე. თუ ყველაფერი მოგვარდება, სამშაბათს ისრაელში ვიქნები. ჩანაფიქრი მარტივია - მინდა სათამაშო პრაქტიკა და შემდეგ "შახტარის" მთავარ გუნდში დამკვიდრება. თუმცა, ევროპაში თამაში უფრო მინდა...

სხვათა შორის, ახლა კლუბს ჩემთან კონტრაქტი რომ გაეწყვიტა, ესპანეთის ან გერმანიის ბევრად ძლიერ გუნდში მოხვედრის პერსპექტივაც მქონდა, მაგრამ დონეცკელებს ჩემი გაყიდვა არ სურთ. "შახტარის" გენერალურ დირექტორს ვუთხარი, რომ სათამაშო პრაქტიკა მჭირდება, დუბლებში გაჩერება არ მაწყობს-მეთქი, თან ვთხოვე, რომ სხვა ლიგაში გადასვლის საშუალება მოეცათ. წინასწარი თანხმობა მივიღე, მაგრამ გენერალურმა დირექტორმა ისიც მითხრა - "შახტარს" სჭირდები, ითამაშე და მერე ძირითადში მოხვედრის მეტი შანსი გექნებაო.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადში შემიყვანეს, ისრაელში წასვლის იმედი მაინც მაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
შოთასთან მიდის ვითამ? :D
დიტო
14:22 22-07-2016
0
რა სჭირთ ეს პირგაუპარსავობა, რას დაათრევენ მეტ სიმძიმეს. თუ გონიათ, რომ ამით თავს ვინმეს დაამახსოვრებენ.
დათო
15:09 22-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული