ზურაბ ცისკარიძე: "ტეპლიცეში" სიტუაცია შეიცვალა - არ ვიცი, დავრჩები თუ წავალ...

AutoSharing Option
29 ივლისს ჩეხეთში ახალმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი. "ტეპლიცემ", რომლის რიგებშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ზურაბ ცისკარიძე ასპარეზობს, პირველ ტურში სტუმრად პრაღის "დუკლასთან" მინიმალური ანგარიშით იმარჯვა - 1:0. ქართველ მცველს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

Sportall.ge დაინტერესდა, აპირებს თუ არა ჩეხური გუნდის დატოვებას ფეხბურთელი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამბობდა, ესპანეთიდანაც მაქვს შემოთავაზებებიო.

- ზურაბ ცისკარიძე: რამდენიმე ესპანური გუნდის ვარიანტი მაქვს - სეგუნდასიც და პრიმერასიც

- ჩეხეთში სეზონი განახლდა და "ტეპლიცეში" ხარ. რჩები გუნდში?
- დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ახლა ამ გუნდთან
ვვარჯიშობ და მთელი კონცენტრაცია მასზე მაქვს, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა და არ ვიცი, რა იქნება ზაფხულის ბოლოს.

- ამბობდი, ესპანეთიდან მაქვს ვარიანტებიო... დღესაც გაქვს?
- კი, ვარიანტები ნამდვილად იყო.

ვარიანტები ახლაც მომდის, ზოგი კი - ქრება. კონკრეტულად გუნდების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- როგორც ვიცით, "ტეპლიცემ" კონტრაქტის 3 წლით გახაგრძლივება შემოგთავაზა...
- ცოტა ხნის წინ, აქ მთავარ მწვრთნელთან ერთად სპორტული დირექტორიც შეიცვალა. კი, აქამდე ნამდვილად მქონდა შემოთავაზება კიდევ რამდენიმე წლით დავრჩენილიყავი კლუბში, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა - კონტრაქტი შემდეგი წლის ზაფხულამდე მაქვს.

მჯერა, ყველაფერი მხოლოდ კარგისთვის ხდება. ყოველთვის მზად ვარ, ყველა შემოთავაზება განვიხილო და მივიღო ის, რომელიც ჩემს კარიერას სასიკეთოდ წაადგება.

- ბოლოს, ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ... ესპანეთს მოვუგეთ და მალე ახალ შესარჩევ ეტაპსაც ვიწყებთ. როგორია მოლოდინები?
- ესპანეთთან ჩატარებული მატჩი ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილია. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ამ ისტორიის პატარა ნაწილი ვიყავი. ყოველთვის მემახსოვრება და ყოველთვის ვიამაყებ ამით!

რაც შეეხება საკვალიფიკაციოს: ყველაფერი ფეხბურთელთა მიდგომაზეა დამოკიდებული. 10-ივე შეხვედრა ისე უნდა ჩავატაროთ, თითქოს ის ჩვენი ცხოვრების ბოლო მატჩი იყოს. უნდა ვითამაშოთ როგორც გუნდმა, ვიმუშაოთ ერთმანეთისთვის - აი, ზუსტად ისე, როგორც ეს ესპანეთთან გავაკეთეთ. იმ ტაქტიკის მიმდევრები უნდა გავხდეთ, რომელსაც მწვრთნელი გვირჩევს და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში, წარმატება მოვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
gaixare Zurab, sul warmatebebi gqonodes.
gizog
17:13 01-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული