გიორგი ილურიძე: ადრე თუ გვიან, ნაკრებში ვითამაშებ!

AutoSharing Option
წელიწადია, რაც კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის ბინადარი "ეთნიკოსი" (ახნა) ქართველების ნავსაყუდლად იქცა. გასულ სეზონში იქ ძმები - შოთა და ელგუჯა გრიგალაშვილები, ასევე რევაზ ბარაბაძე თამაშობდნენ. მაგრამ მათ გუნდი დატოვეს: ბარაბაძე ზაფხულში ცხინვალის "ლიახვში" დაბრუნდა, შოთა გრიგალაშვილი პავლოდარის (ყაზახეთი) "ირტიშში" გადავიდა, ხოლო მისი ძმა კარიერას კვიპროსის პირველი ლიგის გუნდში გააგრძელებს...

თუმცა "ეთნიკოსს" ქართული ნამატი მაინც აქვს - "როსტოვიდან" იქ ნიკა კაჭარავა გადაბარგდა, ახლახან კონტრაქტი გააფორმა გიორგი ილურიძემაც, სულ ბოლოს კი "ლელოს" აცნობეს, რომ ახნელთა ქართული დიასპორა გია გრიგალავამ და მოსკოვის "ლოკომოტივისა" და
რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ნიკა ყიფიანმაც შეავსეს.

ილურიძეს კვიპროსში დავუკავშირდით. მან საინტერესო ამბები გაგვიმხილა და მიზნებზეც გველაპარაკა:

"ეთნიკოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ნამდვილად არ ვიცი, ეს კლუბი ვის ეკუთვნის, მაგრამ ფაქტია - აქ 4 ქართველი ვართ. კაჭარავა მაგარ ფორმაშია - ოთხ საკონტროლო შეხვედრაში მან 5 გოლი გაიტანა, მათ შორის, ერთი - "საბურთალოსთან". სხვათა შორის, ერთ-ერთ კვიპროსულ გუნდთან მოვიგეთ და თითო გოლი მე და ყიფიანმა გავიტანეთ, კაჭარავამ კი დუბლი შეასრულა.

მოკლედ, საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატის მონაწილე "ქართულ" გუნდში და ჩემთვის ასეთ ლიგაში თამაში დიდი სტიმულია", - ამბობს ილურიძე.

24 წლის შემტევის თქმით, ახნაში საკმაოდ ძლიერი გუნდი ყალიბდება:

"ახლახან, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასულ აპოელ-ს ამხანაგურად 0:0 ვეთამაშეთ, მაგრამ ჩვენ მეტი საგოლე მომეტი შევქმენით. ამ შეხვედრამ დამაიმედა, რომ "ეთნიკოსს" ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლა შეუძლია.

ბევრი საინტერესო მოთამაშე შეიკრიბა... ძალიან მომწონს ნიკა ყიფიანი. აქამდე, მას არ ვიცნობდი, მაგრამ რომ იცოდეთ, ძალიან კარგი ქართველია და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებს. ნიჭიერი რომაა, ამაზე აღარაფერს ვამბობ. ქარივით სწრაფი და ძალიან ტექნიკურია.

მე როგორც ვიცი, მას მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა, ახლის გაფორმება არ ისურვა და კვიპროსში წამოვიდა. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენთვის საყურადღებო ტრანსფერი უნდა იყოს"...

ილურიძე გულდაწყვეტილია, გორის "დილას" შემდეგ კარიერა რომ ვერ აეწყო:

"როცა 2012 წლის დასაწყისში მახაჩყალის "ანჟიდან" საქართველოში დავბრუნდი და "დილასთან"კონტრაქტი გავაფორმე, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორ ფორმაშიც ვიყავი, ევროპის ლიგაზე ჩვენი თამაშებით კარგად გემახსოვრებათ. ამის შემდეგი იყო, 2013 წლის აგვისტოში ჩვენ მიერ დამარცხებულ "ჰაიდუკში" რომ მიმიწვიეს.

ხორვატულ კლუბში კარგი დებიუტი მქონდა, ზაგრების "დინამო" 2:0 დავამარცხეთ, მე კი პირველ ოთხ ტურში სამჯერ სიმბოლურ ნაკრებში დამასახელეს... მაგრამ უკანა კუნთის გაუთავებელმა ტრავმებმა გასაქანი არ მომცა, მერე "ჰაიდუკმა" ხელფასის შემცირება მომთხოვა და წამოსვლა გადავწყვიტე. მას მერე ვერა და ვერ დავლაგდი".

თუმცა ილურიძე აღიარებს, რომ ბევრი რამ მისი ბრალიცაა:

"შესაძლოა, საქმეს მეც ბევრი დავაკელი. მაგრამ ბევრიც არასტაბილური გარემოს ბრალი იყო. ლარნაკას "ერმისი" ევროპის ლიგას რომ გამოეთიშა, კლუბის პრეზიდენტმა ყველა ლეგიონერი გაგვიშვა და "ზესტაფონში" ჩამოვედი. მალე "ზესტაფონიც" დაიშალა.

მერე იყო ისევ "დილა" და ხაბაროვსკის "სკა ენერგია". მაგრამ გორში რომ ფორმაში ვიყავი, ისეთ კონდიციებამდე ვერა და ვერ მივედი. გული ძალიან მწყდება, რომ ბოლო სამმა წელიწადმა უაზროდ ჩამიარა...

გარდა ამისა, თავი არსად ისე კარგად არ მიგრძვნია, როგორც - გიორგი დევდარიანის "დილაში". იქ მენდობოდნენ და თამაში ჩემზე იყო აწყობილი, ნდობა კი სტიმულია ფეხბურთელისთვის...

24 წლის ვარ და ჯერ ხელის ჩაქნევა არ ღირს. "ეთნიკოსში" რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა ჩავატარე და მივხვდი, რომ ფორმაში შევდივარ.

21 აგვისტოს კვიპროსის ჩემპიონატი იწყება და იმედია, არც სათამაშო პრაქტიკა მომაკლდება და ადრე თუ გვიან, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ყურადღებასაც დავიმსახურებ. ამ იმედით ვცხოვრობ და ვვარჯიშობ. ეს ჩემი ბოლო შანსია და აუცილებლად უნდა გამოვიყენო - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიშრომებ და მოვინდომებ. კვიპროსში საკმაოდ კარგი ჩემპიონატია და იმედია, თავის გამოჩენას მოვახერხებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ბიჭი მახსოვს გორის დილას შემადგენლობაში ევროპის ლიგაზე ჰაიდუკთან, აბსოლიტურად ყველაფერი გამოსდიოდა და მეიმედებოდა მეტად განვითარდებოდა...
იმის მერე იყო ჰაიდუკი და თითქოს დაიკარგა,არადა პოტენციალი აქვს...
მეც გეთანხმები შენ შეგიძლია თავისუფლად ნაკრებში იყო. მეტი შრომა
წარმატებები...
ioseb
19:38 13-08-2016
0
Rato cxinvali an sapovnela?ager dzmao istoriuli gunda agdga shevardeni da miigeben iq aucileblad
Alika
16:19 13-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული