კახა ცხადაძე: ნაკრებს ადგილობრივი კვალიფიციური მწვრთნელი უნდა წვრთნიდეს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ამჟამად ალმათის "ქაირათის" თავკაცმა კახაბერ ცხადაძემ ადგილობრივ ჟურნალ "ქარავანს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც საკლუბოსთან ერთად, ჩვენთვის საინტერესო სხვა საკითხებზეც ისაუბრა - ეროვნულ გუნდში უცხოელი მწვრთნელის მიწვევისა თუ ფეხბურთელის ნატურალიზების მიზანშეწონილობაზე, ქართული ფეხბურთის ჭირ-ვარამსა და თქვენ წარმოიდგინეთ, ფეხბურთის ბურთთან დაკავშირებულ სადღეგრძელოზეც.

თავდაპირველად კი ცხადაძეს ყაზახური კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დასახულ ამოცანებზე  ჰკითხეს. ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

- კონკრეტული ამოცანები არ დაუსახავთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა და გუნდში საკუთარი ფილოსოფიის დანერგვა იყო. მხოლოდ ამის
შემდეგ შეიძლებოდა ფიქრი შედეგზე.

- არაერთხელ გამოთქვით უკმაყოფილება იმის გამო, რომ შედეგიანი თამაშის ფონზე გუნდი საკმაოდ ბევრ გოლს უშვებდა. თქვენთვის ანგარიში 1:0 უფრო მისაღებია, ვიდრე - 4:3?
- უმეტესად გოლებს მაშინ ვუშვებთ, როდესაც ანგარიშში დამაჯერებელ უპირატესობას ვფლობთ. ასეთ დროს ფეხბურთელები კარგავენ კონცენტრაციას, რაც ცუდია. მაგრამ არ მომხდარა ისე, რომ გუნდს დაცვაში ჩაეგდო თამაში. მთავარია, ვხედავთ პრობლემებს და სწორად ვრეაგირებთ მათზე.

- დაცვაში გუნდის თამაშს საკადრო პრობლემებიც განაპირობებს?
- ისე ხდება, რომ ტრავმების გამო ზედიზედ ორი მატჩიც კი ვერ ჩავატარეთ მცველთა ერთი და იგივე შემადგენლობით. მიუხედავად ამისა, გუნდმა შეძლო რთული სატურნირო ვითარებიდან თავის დაღწევა, დღეს დალაგებულ თამაშსა და შედეგს აჩვენებს.

- ევროთასებზე "მაკაბისთან" წარუმატებლობას კლუბში როგორ შეხვდნენ?
- იმედგაცრუებით, მაგრამ სამარცხვინო არაფერია, რადგან "მაკაბი" "ქაირათზე" ნაკლები კლუბი არაა. გამოცდილება დაგვაკლდა საშინაო შეხვედრაში, როდესაც გოლი 92-ე წუთზე გავუშვით და ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. ხელმძღვანელობას ფეხბურთელებთან პრეტენზიები არ აქვს.

- მთავარ მწვრთნელთან?
- პრეტენზიები მთავარ მწვრთნელთან ყოველთვისაა, როდესაც გუნდი აგებს.

- ნებისმიერი მწვრთნელი, სანამ მუშაობას შეუდგება, ყურადღებით ეცნობა ვითარებას გუნდში. თქვენ კი "ქაირათს", ბოროდიუკის წასვლიდან უკვე რამდენიმე დღეში უტარებდით ვარჯიშს...
- წინადადებაზე ბევრი მართლაც არ მიფიქრია. ვინაიდან გუნდის გაცნობა გზადაგზა მომიხდა, კონტრაქტი ისეთი გავაფორმეთ, რომ კლუბს ნებისმიერ დროს შეუძლია ხელშეკრულება კომპენსაციის გარეშე გამიწყვიტოს. ხომ შეიძლებოდა, წარმატებისთვის ვერც მიმეღწია...

- "ქაირათში" მოსვლამდე საქართველოს ნაკრებს წვრთნიდით, სადაც ახლა უცხოელი ვლადიმირ ვაისი მუშაობს. საერთოდ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ეროვნულ გუნდში უცხოელი სპეციალისტის მიწვევაზე?
- მიმაჩნია, რომ ნაკრებს ადგილობრივი კვალიფიციური მწვრთნელი უნდა წვრთნიდეს. მას შეუძლია გუნდში ყველასთვის გასაგებ ენაზე მიიტანოს თავისი ჩანაფიქრი, ემოცია.

ვთამაშობდი ნაკრებში, რომელსაც ფრანგი ალენ ჟირესი წვრთნიდა - ბრწყინვალე სპეციალისტი და ადამიანი. ის ძალას არ იშურებდა, რომ სათანადოდ განეწყო გუნდი თამაშისთვის, მაგრამ თარჯიმანი თავისი სიმშვიდით ამ მუხტს უბრალოდ კლავდა. არადა, სწორი ფსიქოლოგიური მომზადების შემთხვევაში მოთამაშის შესაძლებლობები კიდევ 5-10 პროცენტით იზრდება.

- და მოთამაშის ნატურალიზება არის სასარგებლო ნაკრებისთვის?
- გაგებით ვიღებ იმ ფაქტს, რომ ალალი ძმები სხვადასხვა ნაკრებში თამაშობენ. თუმცა, ვეწინააღმდეგები ნატურალიზაციას ფულის გამო. მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებში თამაშობდეს იმ ქვეყანაში დაბადებული ფეხბურთელი. შესაძლებელია ისეც, რომ მოთამაშე სხვა ქვეყანაში იყოს დაბადებული, მაგრამ ეროვნება ჰქონდეს შესაბამისი.

ნაკრებში მთავარი მოტივაციაა - პატრიოტიზმი. აბა, რა უნდა მოსთხოვო ადამიანს, რომელიც ქვეყანაში დიდი ხანი არაა, რაც ცხოვრობს? თუკი გულში ცეცხლი არ უნთია, მას ნაკრებშიც არაფერი ესაქმება.

- 1990-იან წლების საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ადგილობრივი ვარსკვლავები თამაშობდნენ, გუნდს კი ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, ვლადიმირ გუცაევი წვრთნიდნენ. მიუხედავად ამისა, ნაკრებმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია...

- იმხანად არც მწვრთნელებს, არც ფეხბურთელებს არ ჰქონდათ გამოცდილება, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები დიდ ევროპულ კლუბებშიც გამოდიოდნენ. კი, გვყავდა ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი, მაგრამ სათამაშო დისციპლინა, განსაკუთრებით, დაცვაში, ვერ იყო სათანადო...

- იმხანად არაერთი ფეხბურთელი დადგა არჩევანის წინაშე, ეთამაშა თავისი ქვეყნის ან რუსეთის ნაკრებში...
- ასეთი მომენტი მეც მქონდა - 1992 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც დსთ-ის ნაკრებთან ერთად ვითამაშე. მქონდა ძალიან კარგი წინადადება მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე თამაშის პერსპექტივით, მაგრამ საკუთარ მოვალეობად ჩავთვალე, დამეცვა საქართველოს ნაკრების ღირსება, სადაც ექვსი წელი კაპიტანი ვიყავი.

- მაგრამ როდესაც არჩევანის გაკეთება საქართველოს და რუსეთის ჩემპიონატებს შორის მოგიხდათ, არჩევანი უკანასკნელზე შეაჩერეთ...
- მქონდა ამბიცია, რომელსაც ჩვენი პირველობა ვერ შეესაბამებოდა. ამას უკვე პირველი ჩემპიონატის მსვლელობისას მივხვდი. საქართველოს ჩემპიონატს რომ შემოვრჩენილიყავი, ვერასდროს მივაღწევდი იმ დონეს, რომელსაც მივაღწიე.

მივიღე მოსკოვის "სპარტაკის" წინადადება, მაგრამ პოლიტიკური ვითარება ისე წარიმართა, დროებით შვედეთში წასვლა მომიხდა. მაშინ საქართველოში ნორმალურად მიიღეს რუსეთში ჩემი გადაბარგება. დავბრუნდი მოსკოვში, თუმცა "სპარტაკში" მხოლოდ ნახევარი სეზონი გავატარე. მერე მოსკოვის "დინამოში" გადავედი, წლის ბოლოს კი კონკრეტული წინადადება უკვე გერმანიის ჩემპიონობისთვის მებრძოლი "აინტრახტიდან" (ფრანკფურტი) მივიღე და ასე აღმოვჩნდი ევროპაში.

- დღეს, თქვენი თაობისგან განსხვავებით, სულ უფრო ცოტა ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ძლიერ ევროპულ კლუბებში...
- ამისთვის ისეთივე მუშაობაა საჭირო, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით. დღეს საზღვარგარეთ წასვლა იოლია. ახალგაზრდა ყველაფერს იღებს, რასაც კი მოისურვებს და კმაყოფილდება ამით, საკუთარ თავზე მუშაობას კი თავს ანებებს. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.

საქართველოში საკლუბო ფეხბურთი, სამწუხაროდ, მოშლილია. კარგი ინფრასტრუქტურა მხოლოდ თბილისის "დინამოს" აქვს. ქვეყანაში ფეხბურთს აღმერთებენ, მაგრამ მარტო სიყვარული არ კმარა, მასში ფულის ჩადებაცაა საჭირო...

- ნებისმიერ ქართველს აქვს მარაგში უამრავი სადღეგრძელო. მათ შორის, ალბათ, არის ფეხბურთთან დაკავშირებულიც...
- რა თქმა უნდა, ქართველ ფეხბურთელებს აქვთ სადღეგრძელო ფეხბურთის ბურთზე: სიცოცხლე მშობლებმა გვაჩუქეს, სხვა დანარჩენი კი - მატერიალური სიკეთე, მეგობრები, ნაცნობები, ფეხბურთის ბურთმა მოგვცა!
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნაკრების კვალიფიციურ მწვრთნელად ვინ მიაჩნია, ვის გვთავაზობს?
გუჯა კახაძე
10:41 18-08-2016
0
ზოგიერთმა ტვინი რომ წაიღო, ნატურალიზებული ფეხბურთელები გვჭირდებაო, აგერ კახამ მშვენივრად უპასუხა და რომ ზოგ ზოგიერთებზე მეტი გაეგება ფეხბურთში ფაქტია
ალეკსანდრე
17:31 17-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული