30 აგვისტოს კი ძალიან გულდასაწყვეტი ამბავი შევიტყვეთ: "მარსელში" თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა. რა იყო მიზეზი, უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია - სამედიცინო შემოწმების შედეგები თუ ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ამიროვის მიერ foot01.com-თან ნათქვამი.
"მარსელი"
მსგავსი რამ ქართველ ფეხბურთელებს რამდენჯერმე გადახდომიათ. დღეს სწორედ ამ ისტორიებს გავიხსენებთ...
ბორდოია და ჯაკობია
თორნიკე ოქრიაშვილი პირველი ქართველი არაა, რომელსაც ცნობილ ფრანგულ გუნდში გადასვლა ბოლო მომენტში ჩაეშალა. 1991 წლის ზამთარში, ჟენევაში, ტრადიციულ მინი-ტურნირზე, თბილისის "დინამო" "ბორდოს", ზაგრების "დინამოს", შვეიცარიულ "სერვეტსა" და სხვა ცნობილ გუნდებს შეხვდა. ფინალში "დინამომ" ფრანგებთან 4:6 წააგო, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელი თემურ ქეცბაია გახდა და "ბორდოში" მიიწვიეს კიდეც. მაგრამ "დინამომ" ფრანგებს მილიონი დოლარი მოსთხოვა და გარიგება არ შედგა. მართალია, ნიჭიერმა მოთამაშემ კარიერა მაინც აიწყო, მაგრამ ამ ტრანსფერის შემთხვევაში გაცილებით უკეთეს დონეზე ითამაშებდა. სხვათა შორის, მომხდარის გამო, ქეცბაიას ხუმრობით "ბორდოია" შეარქვეს.
ლაშა ჯაკობია ბელგიურ "სტანდარდში" თამაშისას დაშავდა და ორი წელი უქმობდა. 2000 წელს მომჯობინდა და ფორმაში რომ შევიდა, მისით "პარი სენ-ჟერმენი" დაინტერესდა და კონტრაქტიც გაუფორმა, მაგრამ... პრაქტიკისთვის ისევ ბელგიაში დააბრუნეს, კერძოდ - "აალსტში", სადაც პირველივე შეხვედრაში საზარდულის ტრავმა მიიღო და 4 თვე მოედანს არ გაჰკარებია. პარიზულ კლუბსაც ისე დაცილდა, მისი ფორმით ერთხელაც არ უთამაშია.
ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ მაინც მომჯობინდა და მენეჯერმა როჯერ ანგოტემ მეორედ წაიყვანა "პარი სენ-ჟერმენში", სადაც მწვრთნელი ლუის ფერნანდესი იყო და რონალდინიო, ოკოჩა და ანელკა თამაშობდნენ. მაგრამ ამხანაგურ შეხვედრაში ისევ საზარდულმა უმტყუნა.
ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, ჯაკობიას უკრაინაში "მეორე სუნთქვა" გაეხსნა და ხარკოვის "მეტალისტის"კაპიტანიც გახდა. 2007 წლის ბოლოს მას ანგოტე ისევ დაუკავშირდა და "ნანტში" გადასვლა შესთავაზა. მაგრამ საფრანგეთის ნაცვლად, უკრაინულ პოლტავის "ვორსკლაში" ჩაირიცხა - თურმე, კლუბის მეპატრონის, გაზის მაგნატ ალექსანდრ ჟივაგოს 7 წლის ვაჟი ლაშას ფანი ყოფილა და მამიკოს გუნდში საყვარელი ფეხბურთელის მიყვანა მოსთხოვა, მანაც გული არ დასწყვიტა და ჯაკობიას ზღაპრული პირობები შესთავაზა.
საბოლოოდ, ჯაკობიამ "ვორსკლა" ისე დატოვა, მისი ფორმა ერთხელაც არ მოურგია და სინანულით იხსენებდა - ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყოო.
იტალიელთა ქართული ექვსეული
1997 წელს, იტალიასთან თბილისში ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ, ჩვენი ნაკრების მეკარე ნიკა ტოგონიძეს "იუვენტუსის" მენეჯერმა კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. მას ერთწლიანი გეგმა ჰქონდა - ტოგონიძე 6 თვე არგენტინაში განათხოვრებით ითამაშებდა, შემდეგ ჯერ სერია A-ს "ბრეშაში", ბოლოს კი "იუვენტუსში" გადაიყვანდა. მაგრამ მენეჯერი ავარიაში მოხვდა, მძიმედ დაშავდა და, ცხადია, მოლაპარაკებაც შეწყდა."იუვენტუსში" ტრანსფერი დავით მუჯირსაც ჩაუშალეს. 1999 წელს იტალიელებმა თბილისის "დინამოს" მასზე ოფიციალური მოთხოვნა გამოუგზავნეს და მუჯირის სანაცვლოდ 300 ათასი დოლარი შესთავაზეს. მაგრამ იტალიელთა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ მოლაპარაკება შეწყვიტა, რადგან თბილისელებმა მუჯირის შემდგომი ტრანსფერიდან 25 პროცენტიც მოითხოვეს (როგორც კიევის "დინამოში" კახა კალაძის ტრანსფერის შემთხვევაში), მუჯირი კი იტალიური გრანდის ნაცვლად, ტირასპოლის (მოლდოვა) "შერიფში" აღმოჩნდა.
"იუვენტუსში" მოხვედრის შანსი გიორგი ნემსაძესაც ჰქონდა. მაშინ ის შოტლანდიური "დანდის" კაპიტანი გახლდათ და საუკეთესო ფორმაშიც იყო. ტურინში გადასვლაში მას გუნდის იტალიელი მთავარი მწვრთნელი ივანო ბონეტი შუამავლობდა. იმავე პერიოდში, ნემსაძეს გლაზგოს "სელტიკიც" იწვევდა, მაგრამ... მძიმე ტრავმა მიიღო და ნახევარი წელი გაუცდა.
ზაზა ჯანაშია მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა, როცა ევროპაში მიიწვიეს. 1999 წელს მისით "შტუტგარტი", "ინტერი" და "ლაციო" დაინტერესდნენ. განსაკუთრებით "ლაციოს" მწვრთნელი სვენ-გორან ერიქსონი აქტიურობდა, რომლის გუნდიც მაშინ თასების თასის და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული იყო. ჯანაშია იხსენებდა, რომ იტალიელები 4,5 თუ 5,5 მილიონ დოლარს იხდიდნენ, მოსკოველებთან კი კონტრაქტის ვადა ამოეწურა, მაგრამ... მაინც "ლოკომოტივში" დარჩა.
საქმე ისაა, რომ ჯანაშიამ "ლაციოს" ინტერესზე არაფერი იცოდა და ეს რამდენიმე თვის შემდეგ რკინიგზელთა გუნდის უფროსმა გაუმხილა - მას მიწვევებს "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი იური სიომინიც უმალავდა - ისე ვუყვარდი, ჩემი გშავება არ სურდაო, იხსენებს ჯანაშია.
2003 წელს, "რეინჯერსში" გადასვლამდე, "რომა" ზურაბ ხიზანიშვილს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა. მაგრამ მალევე იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ არაევროკავშიერელებზე ლიმიტი დააწესა და ხიზანიშვილმა იფიქრა, რომ ამ შეზღუდვის გამო, თამაში აღარ მოუწევდა, კონტრაქტზე უარი თქვა და კვლავ "რეინჯერსის" წინადადებას დათანხმდა.
საინტერესოა, რომ მილანის "ინტერისგან" შეთავაზება ჰქონდა სფფ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, მაგრამ უარი თქვა - "ფრაიბურგში" სათამაშო პრაქტიკა ამჯობინა.
მეკარეთა უიღბლობა
ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ნიკა ტოგონიძე არშემდგარი ტრანსფერების მხრივ რეკორდსმენია. ბრაზილიურ "კორინთიანსთან" წინასწარ გაფორმებული კონტრაქტი ამ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში დაწყებული ფინანსური კრიზისის გამო გააუქმა. კლუბს საბანკო ანგარიში გაუყინეს და ტრანსფერები რამდენიმე თვით აუკრძალეს.მაშინ ნიკას შეთავაზებები არ აკლდა და "პერუჯას" პრეზიდენტმა ფრანგულ "ნანტზე" უარი ათქმევინა. მაგრამ მალე ის კლუბის დირექტორთა საბჭომ პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენა.
მერე მოსკოვის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ვალენტინ ივანოვმა მიიწვია. მაგრამ მეორე დღეს შეიტყო, რომ ივანოვი მოხსნეს.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი პირველი მეკარე აკაკი დევაძე "როსტოვში" თამაშობდა, მოსკოვის "დინამოსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" ვარიანტები რომ გაუმხილეს. ესპანეთში სინჯებზე უნდა ჩასულიყო. მაშინ "ატლეტიკოს" მეკარე ესპანეთის ნაკრების წევრობის კანდიდატი უნსუე გახლდათ.
დევაძე იხსენებდა, კონკურენციის არ შემშინებია, მაგრამ "როსტოვის" პირველი მეკარე ვიყავი, ფინანსურადაც არაფერი მიჭირდა და სინჯებზე წასვლა ვიუკადრისეო. არადა, წლების შემდეგ ნანობდა, უფრო მაღალ დონეზე თამაშის შანსი რომ დაკარგა.
ამ სიას გიორგი ლორია დაემატა, რომლითაც წლეულს ინგლისში დაინტერესდნენ. მაგრამ, როგორც გიორგი ქინქლაძემ გვითხრა, ტრანსფერზე სერიოზული მოლაპარაკება არც დაწყებულა, რადგან ფიფას რეიტინგში 70-ე ადგილზე დაბლა მყოფი ნაკრების წევრის თამაში დიდ ბრიტანეთში აკრძალულია. ჩვენ კი ვიცით, სადაც ვართ...
გერმანული ვარიანტები
მამუკა წერეთელის კარიერა ქვეყანაში არსებულმა განუკითხაობამ შეიწირა. 21 წლის იყო, როცა ვლადიკავკაზის "ალანიასა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თბილისში ჩამოსულ ფეხბურთელს სადარბაზოში იარაღი დაადეს და ახალი BMW-ს გასაღები მოსთხოვეს. წერეთელმა ნიღბიან ყაჩაღებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ფეხში დაჭრეს. შედეგი სავალალო აღმოჩნდა - დიდი მონდომებისა და მცდელობის მიუხედავად, 21 წლის ნიჭიერმა მცველმა ნატყვიარი ფეხით ვეღარ ითამაშა, "ბორუსიასთან" კონტრაქტიც გაწყდა და რეალურად, კარიერაც დაასრულა.
1994 წელს გოჩა ჯამარაულს გერმანულ "კიოლნში" გადასვლის რეალური შანსი ჰქონდა. მაგრამ დღემდე არ ამბობს, რატომ ჩაიშალა მაშინ მოლაპარაკება.
შოთა არველაძემ კი გერმანული ფეხბურთის იმდროინდელ გრანდ "ლევერკუზენზე" საკუთარი ნებით თქვა უარი. შოთა მაშინ "ტრაბზონსფორის" ლიდერი იყო. "ლევერკუზენის" მაშინდელი თავკაცი კრისტოფ დაუმი მანამდე თურქულ "ბეშიქთაშს" წვრთნიდა და ქართველს კარგად იცნობდა. არველაძეს ტყუპისცალ არჩილთან ერთად სურდა წასვლა, რაზეც ლევერკუზენელებს ვერ შეუთანხმდა და ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა.
"ცხინვალის" ამჟამინდელი დამრიგებელი, კახა კაჭარავა გერმანიის რეგიონული ლიგის "ტენის ბორუსიაში" თამაშოდა, როცა პოპულარულ კლუბ ფრანკფურტის "აინტრახტში" გადასვლა შესთავაზეს. მაგრამ "ტენის ბორუსიამ" იმხელა თანხა მოითხოვა, "აინტრახტმა" ტრანსფერზე უარი განაცხადა.
"ზესტაფონის" ამჟამინდელი პრეზიდენტი ილია კოკაია საფეხბურთო სამყარომ 1997 წელს, ლევან კობიაშვილის ჩაშლილი ტრანსფერიდან გაიცნო. მაშინ ფიფას აგენტი კოკაია 19 წლის ფეხბურთელის დორტმუნდის "ბორუსიაში" გადაყვანას ცდილობდა, რომელმაც იმ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და საკონტინენტთაშორისო თასსაც დაეუფლა. მაგრამ "დინამომ" კობიაშვილი იჯარით ჯერ ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაუშვა, შემდეგ - გაცილებით მოკრძალებულ "ფრაიბურგში" გაყიდა.
კარიერის დასრულების შემდეგ კობიაშვილმა სხვა უცნობი მოლაპარაკებებიც გაიხსენა. თურმე, მიუნხენის "ბაიერნში" ორჯერ იწვევდა. პირველად - "ფრაიბურგში" თამაშის დროს. მაშინ ქართველს "ბაიერნის" მარცხენა მცველის, საფრანგეთის ნაკრების წევრის, ბიქსენტ ლიზარაზუს შემცვლელად ამზადებდნენ. მაგრამ ტრანსფერი "ბაიერნის" დირექტორატის ერთ-ერთმა წევრმა ჩაშალა.
მეორედ კობიაშვილს "შალკეში" თამაშის დროს დაუკავშირდნენ და კონტრაქტის დეტალები შეუთანხმეს, მაგრამ საბოლოოდ, "შალკეში" დარჩენა ამჯობინა.
ბრიტანული ვარიანტები
ზურაბ ხიზანიშვილის უიღბლობა "რომაში" ჩაშლილი ტრანსფერით არ დაწყებულა. თბილისის "ლოკომოტივის" მცველი 18 წლის იყო, ეროვნულ ნაკრებში რომ მიიწვიეს, იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ამ დროს მისით "არსენალის" მწვრთნელი არსენ ვენგერი დაინტერესდა. ლონდონელები მილიონ დოლარს იხდიდნენ. ფეხბურთელის მამა, ვეტერანი დინამოელი ნოდარ ხიზანიშვილი იხსენებდა - მერე შემოგვითვალეს, დაინტერსებულები აღარ ვართ, რადგან "ლოკომოტივმა" დიდი თანხა (როგორც ამტკიცებენ, ქართულმა მხარემ ტრანსფერის საფასურად 6,5 მილიონი დოლარი დაასახელა) მოითხოვაო.
1989 წელს, თბილისის "დინამომ" ბრიტანული ტურნეს დროს შოტლანდიურ "ჰართსს" 2:0 მოუგო. თავი კახი გოგიჩაიშვილმა და კახა კაჭარავამ გამოიჩინეს. შოტლანდიელებმა მათი დატოვება მოისურვეს. მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იწყებოდა და არ გაუშვეს.
გოგიჩაიშვილს ბრიტანეთში 1996 წელსაც იწვევდნენ - ის და გოჩა ჯამარაული "საუთჰემპტონში" გასინჯეს კიდეც და დატოვებაც სურდათ, მაგრამ ინგლისელებმა "დინამოსთან" თანხაზე ვერ მოილაპარაკეს.
1994 წელს კახა ცხადაძემ ბუნდესლიგაში ჩინებული სეზონი ჩაატარა და "კიკერმა" "ჰაერის მეფედ" მოიხსენია. "მეორე სართულზე" კარგად მებრძოლი ცენტრალური მცველის გადაყვანა "ლივერპულმა" მოინდომა. მაგრამ ცხადაძე მძიმედ დაშავდა და ინგლისური ვარიანტი გამოირიცხა...
1997 წელს, ცხადაძეს კიდევ ერთი შანსი მიეცა, "ვესტ ჰემთან" წინასწარი კონტრაქტიც შეათანხმა, მაგრამ კატოვიცეში პოლონეთთან საქართველოს ნაკრების მიერ განცდილი მარცხის (1:4) შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელებს დაერია. როგორც ამბობენ, ინგლისელებს ცხადაძეზე ცუდი დახასიათება გაუგზავნეს და ლონდონელებმა "ჯვაროსნების" ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ კაპიტანთან კონტრაქტის გაოფიციალურება აღარ ისურვეს.
2012 წელს კი ინგლისურ გრანდში ქართველი მოსკოვის "სპარტაკმა" არ გაუშვა - ჯანო ანანიძეს "არსენალში" არსენ ვენგერი იწვევდა, რაც პირადად აქვს ნათქვამი.
1996 წელს "მანჩესტერ სიტი" ინგლისის პრემიერლიგას დაემშვიდობა და გიორგი ქინქლაძით "ლივერპული" დაინტერესდა. მაგრამ ქართველმა კლუბს და მის ფანებს ვერ უღალატა, გუნდს ჩემპიონშიფში გაჰყვა და ბევრად მაღალ რანგში თავის გამოჩენის შანსი დაკარგა.
ჩვენ და პირენეელები
ქინქლაძეს კარგი ვარიანტები მხოლოდ ინგლისში არა ჰქონია. 1994 წელს მან "ბოკა ხუნიორსში" 3 შეხვედრაც ჩაატარა. საერთაშორისო ცნობარებში მითითებულია, რომ "ქართველი მარადონა" არგენტინულ გრანდში თბილისის "დინამომ" გაანათხოვრა. სხვათა შორის, მაშინ ამბობდნენ კიდეც - ქინქლაძემ თვით მარადონაც მოხიბლაო...მაგრამ გიორგიმ კლუბი დატოვა - არგენტინელები "დინამოს" სასურველ თანხას ვერ გადაუხდიდნენ. ერთი წლის შემდეგ ქინქლაძე უკვე მადრიდის "ატლეტიკოში" ვარჯიშობდა. მაგრამ იქიდანაც წამოვიდა, როცა "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდა და თბილისურ კლუბს 3,2 მილიონი დოლარი გადაუხადა.
მიხეილ აშვეთია 18 წლის იყო, მენეჯერმა კაპიტან ნემოს რომ დაამსგავსა და ლამის მთელი ევროპა შემოატარა. აშვეთია 5 თვე მოსკოვის "სპარტაკში" ვარჯიშობდა და აგენტი კლუბს ფულზე ვერ მოელაპარაკა. იქიდან იტალიურ "ბრეშაში" გადაიყვანა, ბედი ვარშავის "ლეგიაშიც" სცადა, "მოგზაურობა" კი პორტუგალიურ "ბოავიშტაში" დაასრულა, სადაც იმ დროს პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ნუნუ გომეში თამაშობდა.
მისი საკითხი წყდებოდა, როცა უთხრეს, რომ მოსკოვის "სპარტაკი" კონტრაქტს უფორმებდა და მეტ თანხას იხდიდა. მენეჯერი "ბოავიშტას" პასუხს არ დაელოდა და ახალგაზრდა ფორვარდი რუსეთში გადააფრინა. მაგრამ მოსკოველებს ფულზე ვერც ამჯერად შეუთანხმდა და ამ ვოიაჟების შემდეგ აშვეთია კვლავ ქუთაისის "ტორპედოში" აღმოჩნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"