უარი ომს, არჩევანი ისრაელი ან საქართველოა - სად ითამაშებს მათე ვაწაძე

AutoSharing Option
როგორც ვწერდით, მათე ვაწაძე და დანიური "ორჰუსი" კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ქართველი თავდამსხმელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გუნდის ნაწილი არ ყოფილა, "ორჰუსის" ფეხბურთელი აღარ არის. მას ახალი კლუბის მიწვევა არ ჰქონდა, მაგრამ "ორჰუსის" დაუყოვნებლივ დატოვება გადაწყვიტა. მოხარული ვარ, რომ გამოსავალი ერთად ვიპოვეთ. ეს ორივე მხარისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო. ვაწაძეს კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ, მას შეუძლია წინსვლა და განვითარება", - ამბობს "ორჰუსის" სპორტული დირექტორი იენს ანდერსონი.

ვაწაძე "ორჰუსში" 2012 წელს გორის "დილადან" გადავიდა. გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის"
ცნობით, დანიურმა კლუბმა მაშინ ქართულ მხარეს 700 ათასი ევრო გადაუხადა. "ორჰუსში" მან 81 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა, 2014/15 წლების სეზონში კი 20 გოლით დანიური გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში 27 წლის ქართველი მთავარმა მწვრთნელმა გლენ რიდერსჰოლმმა საერთოდ დაივიწყა. სუპერლიგაში უკვე 7 ტური ჩატარდა და ვაწაძეს წუთიც კი არ უთამაშია.

ცხადია, "ორჰუსიდან" ვაწაძის წამოსვლას წინ მოლაპარაკებები უძღოდა და ქართველი თავდამსხმელი მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის მზად იყო. მას მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის კლუბთან ჰქონდა, მათ შორის - ისრაელსა და რუსეთში, ყველაზე რეალური წინადადებით კი თურქეთის პირველი ლიგის გუნდმა მიმართა, რომელსაც მიზნად მთავარ ლიგაში გადასვლა აქვს დასახული.

ვაწაძეს თურქეთში ჩასვლა სთხოვეს და დეკემბრამდე ამ გუნდში თამაშზე თანახმა იყო, მაგრამ... გუნდი იმ ქალაქს ეკუთვნის, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვართან 20 კილომეტრში, საომარი მდგომარეობის ზონაშია და, ცხადია, იქ ხალხის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის. როგორც გავიგეთ, ვაწაძემ სწორედ ამის გამო თქვა უარი თურქულ კლუბზე.

კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ მას ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს და თუკი მისით რომელიმე კლუბი დაინტერესდება, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მიუხედავადაც შეეძლება კონტრაქტის გაფორმება. როგორც მის ოჯახში გვითხრეს, ახლა მათეს აგენტი ისრაელის ვარიანტზე მუშაობს.

თუმცა, არ არის გამორიცხული, წლის ბოლომდე ვაწაძე საქართველოში დაბრუნდეს და თბილისის "დინამოს" ან "ლოკომოტივის" ფორმა მოირგოს. ჯერჯერობით კი დანიაში რჩება და საკითხის გადაწყვეტას ელოდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული