[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი გიო პირველია!

AutoSharing Option
როგორ მიჭირს, რამე დავწერო. დავიტანჯე და დავტანჯე კომპიუტერი. ადრე ვიტყოდით - ასჯერ დავხიე ფურცელი და წერა თავიდან დავიწყეო. ზუსტად ასეა ჩემი ამბავიც, ოღონდ ბოლო დროს თითქმის აღარ ვწერ ფურცელზე. ფურცელი და კალამი, ჩემი ორი ძველი მეგობარი, ძველ დროს გაჰყვა...

არადა, მეგონა, რომ ისინი ცხოვრების ბოლომდე ჩემთან იქნებოდნენ. მოდის რაღაც ახალი და გავიწყებს ძველს. გახედავ წარსულს და თითქოს გიკვირს კიდეც, როგორ ცხოვრობდი ამ სიახლეების გარეშე.

ფეხბურთიც ასეა - გუშინდელი ძალიან სწრაფად ეძლევა დავიწყებას, მოდის ახალი. მერე ის ახალიც ძველდება... მოკლედ, ფეხბურთიც
ცხოვრებაა და იქაც მხოლოდ ერთეულები, მხოლოდ რჩეულები უძლებენ დროს.

ძალიან მინდა, ამ ვარაუდში ზუსტი ვიყო. ასე მგონია: სანამ თუნდაც ერთი კაცი იქნება მსოფლიოში, ვისაც ცოცხლად უნახავს გიორგი ქინქლაძის თამაში, მის საფეხბურთო ნიჭს დავიწყება არ უწერია.

კარგი ამბავი მოვიდა ინგლისიდან - გულშემატკივართა გამოკითხვით, გიო ქინქლაძე "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. არადა, "სიტიში" ახლა ხომ არაერთი ვარსკვლავი თამაშობს და ადრეც გამოერეოდნენ ხოლმე ასეთები...

- KINGladze - გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში დღემდე ასე ახსოვთ

სანამ ჩვენი წერილის მთავარ აზრს გავაგრძელებდეთ, ვთქვათ: ალბათ, დროა, ყველამ ალალად გავიხაროთ. მაგრად გავიხაროთ ჩვენი ფლეგმა გენიოსის გამო. გენიოსისა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თავისი ხასიათის გამო მალაყებს ნამდვილად არ გადავიდოდა ინგლისიდან მოსული ამ დიდებული სიახლის გამო.

არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქინქლაძის მაგიერ, ვთქვათ, სერხიო აგუერო უნდა გამხდარიყო საუკეთესო. რა თქმა უნდა, აგუერო დიდებული ფეხბურთელია. ჩემს აზრს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე ალალად მიმაჩნია, რომ გიო უკეთესი იყო.

ყოველ შემთხვევაში, ის არგუმენტი, რომ აგუერომ ტიტულები მოიგო "სიტისთან" ერთად, ძირშივე განწირულია. ჯერ ერთი, ჩემი აზრით, მწარედ ცდება ის, ვინც ფეხბურთელს ტიტულებით ზომავს. მაშინ დავუდგათ ძეგლი კრისტიან კარამბუს.

ფეხბურთი ვერ იქნება მათემატიკა. მე ისიც ძალიან მაღიზიანებს, ყველა სანტიმეტრს, მილიმეტრს და პასს რომ ითვლიან. რატომღაც მეჩვენება, რომ ამით კეთილშობილი თამაში "ჩოთქის" დონეზე დაგვყავს. სხვა საქმეა, რომ დღეს ფეხბურთი გახდა დიდი ბიზნესი და ამ ბიზნესმა მოკლა რომანტიკა. კლუბი ფეხბურთელში მილიონებს ხშირად მისი სტატისტიკის გამო იხდის. ვიღაცამ ხომ უნდა დაითვალოს გარბენილი მეტრები თუ კილომეტრები?

ტიტულებიო და, ქინქლაძეს ტიტულები არ მოუგია "სიტისთან" ერთად, მაგრამ ის ლამის მოუსავლეთში ჩაჰყვა ამ გუნდს და დიდწილად სწორედ ამის გამო დაინგრა მისი კარიერა. მე არ მგონია, რომ გიოს უნდა დაუთვალოს ვინმემ თამაშის დროს გარბენილი კილომეტრები და ზუსტი პასები. მისი ორი-სამი პასი და დრიბლინგი თამაშს "აკეთებდა". ის პასიც პასია და ერთ მეტრში გაკეთებული პასიც? ორივე ერთი სასწორით უნდა ავწონოთ? კიდევ ამიტომ მგონია, რომ ფეხბურთი ვერასოდეს იქნება მათემატიკა.

ტიტულებიო... ვთქვათ, იმავე აგუერომ ლამის მსოფლიოს ნაკრებთან ერთად მოიგო ინგლისური პრემიერლიგა. ქინქლაძე ვისთან ერთად უნდა გამხდარიყო ინგლისის ჩემპიონი - ნაიალ ქუინთან, უვე რიოსლერთან თუ ნიკი სამერბისთან ერთად?

დღევანდელ "სიტიში" ბევრი ვარსკვლავია. მაშინ იქ ვარსკვლავი ერთი იყო. გიოს უნდა წაეღო ბურთი, მოეტყუებინა, მიეცა, ხშირად გაეტანა კიდეც... ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნებოდა დღეს ის ამ ვარსკვლავურ "სიტიში"?..

ეს ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ამბავია საფეხბურთო საქართველოსთვის, მით უმეტეს, დღეს, ქართული ფეხბურთის არნახულად დაკნინების ხანაში, როცა საფეხბურთო ბედისწერამ ხეირიანი ფეხბურთელი აღარ შეგვარჩინა.

...და მე კიდევ ერთხელ ვერ შევიკავე ცრემლები გიო ქინქლაძის გამო. ეს ცრემლები, ძირითადად, სულ სიხარულისა იყო. მხოლოდ ერთხელ - მწუხარებისა. აღარ მახსოვს წელი და თვე. ვეთამაშებით თბილისში ლიტვას, მგონი - ამხანაგურად. "ლოკომოტივის" სტადიონზე.

გიო ნაკრებში დაბრუნდა დიდი პაუზის მერე და ისე ვერ ითამაშა, როგორც უნდა ეთამაშა.

მაშინ თავი ვერ შევიკავე - ხალხს ვერ მოატყუებ, რაც იყო, ის უნდა დაწერო. როგორია, გააკრიტიკო ის, ვინც შეგაყვარა ფეხბურთი და დაგანახვა ფეხბურთის სილამაზე.

მე არ მეგონა, თუ კიდევ ერთხელ მომადგებოდა თვალზე ცრემლი გიო ქინქლაძის გამო, ამჯერად - სიხარულის.

გმადლობთ, გიო!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
გულშემატკივართა გამოკითხვით, გიო ქინქლაძე "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
--------
რეალობა ისაა, რომ მანდ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველებმა მისცეს :)

და საერთოდ, მოეშვით ამ გუშინდელი სადილით ამაყობას, მით უმეტეს, რომ ქინქლაძეზე ბევრად სახელოვანი ფეხბურთელები ყოფილან საქართველოში, საბჭოთა წნეხის მიუხედავადაც რომ გააცნეს თავი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს.
ფრანიო
21:58 14-09-2016
0
გიო ყველაზე დიდი სიყვარული ხარ ჩვენი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული