28 ქულა "ამოიქაჩა" - კახა ცხადაძე "ქაირათსა" და საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახურ "ქაირათში" წარმატებით მუშაობს.

იქაური ჩემპიონატის ბოლო ტურში ალმათურმა კლუბმა გასვლაზე 4:1 მოუგო მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე გათამაშების ლიდერ "ასტანას".

არადა, ამ გუნდმა, რომელსაც ბულგარეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი ხელმძღვანელობს, უკვე ჩემპიონთა ლიგაზე კარგი თამაშითაც დაგვამახსოვრა თავი.

უკვე ვწერდით, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ცხადაძე ყაზახეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

"ლელო" ცხადაძეს ალმათიში დაუკავშირდა და მას ინტერვიუ სთხოვა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა...

კახა ცხადაძე ჩვენმა სტრატეგიამ ბოლომდე გაამართლა
- უპირველეს ყოვლისა,
"ასტანასთან" ტრიუმფალური გამარჯვების გახსენება უნდა გთხოვოთ...

- ცხადია, ამ შეხვედრას ძალიან სერიოზულად მივუდექით. რომ იტყვიან, თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ მოწინააღმდეგე. თქვენც დამეთანხმებით, "ასტანა" სერიოზული გუნდია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თითქმის არ უშვებს გოლს.

მწვრთნელად ჰყავს ძალიან კარგი სპეციალისტი, ბულგარეთის ნაკრების ექსთავკაცი სტანიმირ სტოილოვი, შარშან გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და თავი არც იქ შეურცხვენია...

მინდა გითხრათ, რომ ამ თამაშში ბოლომდე გაამართლა ჩვენ მიერ შემუშავებულმა სათამაშო სტრატეგიამ. ვიცოდით, რომ მეტოქე "ზემოდან" თამაშობს. ამიტომ, შეგნებულად ავირჩიეთ "მეორე ნომრად" თამაში და ამ მიდგომამ, როგორც გითხარით, ბოლომდე გაამართლა. ამას რომ ვამბობ, "ყრუ დაცვაში" დგომას სულაც არ ვგულისხმობ.

ოთხი გოლი ხომ გავიტანეთ და კიდევ მეტი შეგვეძლო. გაცილებით მეტი მწვავე პასი გვქონდა დამამთავრებელ ფაზაში, ვიდრე ჩვენს მოწინააღმდეგეს. ბურთი უფრო მეტოქეს ჰქონდა, გოლები კი ჩვენ გავიტანეთ...

- ცხადია, სტოილოვი უკმაყოფილო იქნებოდა...
- მას ჩემგან ქება არ სჭირდება, მართლაც ძალიან კარგი მწვრთნელია. პირდაპირ თქვა - "ქაირათმა" ჩვენზე ეშმაკურად ითამაშა და ამით გვაჯობაო.

- უშუალო კონკურენტის დამარცხებამ საჩემპიონო ბრძოლაში თავდაჯერება უნდა შეგმატოთ...
- მიმაჩნია, რომ შანსი არის, დარჩენილ თამაშებში გამოჩნდება ყველაფერი. ყაზახეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას. "ასტანას" სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს, მაგრამ არაფერს არ დავთმობთ! ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ "ასტანასთან" საშინაო თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი.

ახლა მხოლოდ ვირტუალური მსჯელობა შეიძლება იმაზე, რა და როგორ იქნებოდა, სეზონის დაწყებიდანვე რომ ვყოფილიყავით გუნდში... ერთ სტატისტიკურ მაჩვენებელს მოგიყვანთ. როცა "ქაირათში" მე და გიორგი მოვედით, მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 14 ქულით ჩამოვრჩებოდით და ახლა იმავე გუნდს 14 ქულით ვუსწრებთ. სულ 28 ქულა "ამოიქაჩა"... ჩვენი მიზანია, "ქაირათი" ყაზახეთის ჩემპიონობამდე მივიყვანოთ და დიდი იმედი გვაქვს, ამას შევძლებთ კიდეც...

- დაბოლოს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე უნდა გკითხოთ. ნახავდით ავსტრიასთან მატჩს...
- კი, რა თქმა უნდა, ვნახე თამაში, მაგრამ თუნდაც კოლეგიალობის პრინციპის გათვალისწინებით, არ მიმაჩნია საჭიროდ სახალხოდ ამაზე საუბარი. თუ ვლადიმირ ვაისი დაინტერესდება ჩემი მოსაზრებებით, მზად ვარ, პირადად ვიმსჯელო მასთან. საქართველოს ნაკრებს და თავად ვაისს მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
მგონი უაზრობაა ეს ყველაფერი ცხადაძე იქნება თუ სხვა ვინმე მაინც დიდად განსხვავებული შედეგი არ გვექნება. ყველაფერი თავიდან არი დასაწყები, ბავშვთა ფეხბურთიდან. ბაზები მწვრთნელები და ა.შ. მინიმუმ 15 20 წლიანი გეგმაა შესამუშავებელი და მერე შეიძლება გვეშველოს რამე.თორე ეს უაზრო კინკლაობა არაფერს მოგვცემს.
0
კიდევ ერთ "jiji"-ს
ცხადაძე - კობიაშვილ კალაძეზე (და საერთოდ) სხვა ნიკით თუ იკომენტარებ, დიდად დამავალებ..!
jiji
10:10 16-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული