ჯაბა ლიპარტია: ვლადიმირ ვაისი არ მიცნობს? სასაცილოა...

AutoSharing Option
ჯაბა ლიპარტიამ და ლუგანსკის "ზორიამ" სეზონი შესანიშნავად დაიწყეს. ჯერ იყო და, უკრაინულმა კლუბმა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო შემდეგ კიევის "დინამო" დაამარცხა ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში და ახლა მეორე ადგილზეა "შახტარის" შემდეგ.

ლიპარტია "ზორიასთვის" ერთობ საჭირო ფეხბურთელია. ის ხან ძირითადშია, ხან შეცვლაზე შედის, მაგრამ გუნდისთვის სარგებლობა თითქმის ყოველთვის მოაქვს. ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ, რომ ის სანაკრებო შანსსაც იმსახურებს. არადა, ამ დროისთვის ქვეყნის უპირველეს გუნდში მას ჯერაც არ მისცემია თავის გამოჩენის საშუალება.

"ლელო" ლიპარტიას უკრაინაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა:

-
მოდით, ჯერ კიევის "დინამოსთან" მატჩი გავიხსენოთ, რომელშიც "ზორიამ" სენსაციურად გაიმარჯვა...

- რა თქმა უნდა, ძალიან რთული თამაში იყო. ჩემი აზრით, წარმატება განაპირობა იმან, რომ გონივრულად შეირჩა სათამაშო ტაქტიკა. სწორი აქცენტები გავაკეთეთ და ისე გამოვიდა, რომ მრისხანე მოწინააღმდეგეზე მეტი საგოლე მომენტი გვქონდა. ასე რომ, ჩვენი გამარჯვება დამსახურებული იყო.

- შევეხოთ "ფენერბაჰჩესთან" ევროპალიგის მატჩსაც, რომელიც "ზორიამ" ასევე მოიგო. რატომ არ მოგეცათ იმ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი?
- არადა, თავიდან ვიცოდი, რომ უნდა მეთამაშა. მერე კი საქმე ცოტა სხვანაირად წავიდა. ანგარიში გავხსენით და საჭირო გახდა მინდორზე ისეთი ფეხბურთელების შეყვანა, რომლებიც უფრო დაცვითი სტილისანი არიან. რა დასამალია და, "ფენერბაჰჩესთან" გამარჯვებას ცოტა თუ ელოდა. ისევ სწორი თამაშის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არბიტრმა, დამატებული დრო რომ ამოიწურა, კიდევ 2 წუთი გვათამაშა. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

- საინტერესოა, რა ამოცანები დგას გუნდის წინაშე?
- კონკრეტული გეგმა, რომ მაინცდამაინც ესა თუ ის ადგილი უნდა დავიკავოთ უკრაინის ჩემპიონატში, არ არსებობს. გუნდი მაქსიმალური მობილიზებით გადის თითოეულ თამაშზე და მიზნად ისახავს მოგებას. რაც შეეხება ევროპალიგას, იქ თამაში დიდი სტიმულია ჩვენთვის. ვცდილობთ, ბოლომდე წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები.

- ზოგადად, როგორი ვითარებაა გუნდში? უკრაინაში არსებული კრიზისი თუ ამჩნევს კვალს "ზორიას" დღევანდელობას?
- მთლიანობაში ნორმალური ვითარებაა. კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროგრესი და წარმატება გვქონდეს. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ მათი ნდობის გამართლებას.

- გუნდს კარგი სეზონი აქვს და ურიგოდ არც თქვენ გამოიყურებით. ხომ არ გაქვთ შემოთავაზება რომელიმე კლუბისგან?
- ამ სეზონის წინ იყო რაღაც ვარიანტები, მაგრამ არ ვიჩქარე წასვლა, გუნდში დარჩენა გადავწყვიტე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ზორია" ევროპალიგაზე თამაშობს და აქ გეძლევა თავის წარმოჩენის საშუალება. ნამდვილად შემეძლო წასვლა, მაგრამ სხვაგან არ გამიწია გულმა. თან კლუბთან კიდევ ერთი წელი მაქვს კონტრაქტით.

- ყოველთვის არ გიწევთ ძირითად შემადგენლობაში თამაში. დიდი კონკურენციაა გუნდში?
- ზოგადად, "ზორიაში" კონკურენცია ნამდვილად არის, კარგი ფეხბურთელები გვყავს და იმიტომ. ეს განსაკუთრებით მოედნის ცენტრალურ ზონაზე ითქმის. ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვარ. თამაშს ვიწყებ თუ სკამიდან შევდივარ, ყოველთვის ვცდილობ, გავაძლიერო გუნდის პოტენციალი. "ზორიას" მთავარი მწვრთნელის, იური ვერნიდუბისგან ძალიან დიდ ნდობას ვგრძნობ. არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ გუნდისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელი ვარ.

- ნახეთ საქართველო-ავსტრიის მატჩი?
- რა თქმა უნდა, ვნახე. ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქემ გვაჯობა. მშვენიერი გოლიც გავიტანეთ... ალბათ, კიდევ უფრო უკეთ შეგვეძლო თამაში.

- ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრებში გამოძახებას იმსახურებთ...
- მწვრთნელი წყვეტს, ვინ გამოიძახოს ნაკრებში და ვინ - არა. ეს ძალიან კარგად ვიცი. ჩემი მხრიდან, არ იქნება ლამაზი იმაზე ლაპარაკი, რომ აუცილებლად ვიმსახურებ ნაკრებში მიწვევას. უბრალოდ, სასაცილოდ მეჩვენება, თითქოს ვლადიმირ ვაისი არ მიცნობს. ვთამაშობ გუნდში, უკრაინის ჩემპიონატი კარგად შუქდება...

- გასაგებია, რომ საკუთარ თავზე საუბარი არ გსურთ. ის გვითხარით, სანაკრებოდ ხართ მზად?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. რაც შეეხება ჩემს შინაგან განწყობას, ნებისმიერ დროს მზად ვარ, საქართველოს ნაკრების ღირსება დავიცვა. მე ასე მგონია: ყველა ფეხბურთელი იმიტომ თამაშობს ფეხბურთს, რომ თავის ქვეყანას გამოადგეს. თუ რამე შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფენერბახჩესთან როდის მოიგეს? 1-1
xabu
04:34 23-09-2016
0
ვაისი ვერაფერ სედეგს ვერ მიაღწევს აი ნახავთ ..ცუდი ქნა ფედრაციამ ცხადაძე რომ გაუშვა
nino
18:05 22-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული