გიორგი მაკარიძე: ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვნახოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე გიორგი მაკარიძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. თამამად შეგვიძლია დავწეროთ, რომ ის პორტუგალიის უმაღლესი ლიგის ბინადარ "მორეირენშეს" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

დღეს არ გავა, პორტუგალიურმა პრესამ თუ ტელევიზიებმა მაკარიძის კარგ თამაშზე არ გაამახვილონ ყურადღება. "მორეირენშე" ახლა მოკრძალებულ მე-15 ადგილზეა, მაგრამ ამაში ქართველი კიპერის "დანაშაულს" არავინ ეძებს, პირიქით, ყველა ისე რომ ასრულებდეს თავის მოვალეობას, როგორც მაკარიძე, "მორეირენშეს" სატურნირო მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

"ლელო" მას პორტუგალიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა. რესპონდენტმა მოკრძალებით გვთხოვა, ნაკრების თემაზე არ გვესაუბრა. ამიტომაც არ
გაგიკვირდეთ, რომ ინტერვიუში ეროვნულ გუნდზე არაფერი გვითქვამს...

- როგორ აფასებთ "მორეირენშეს" თამაშს სეზონის სტარტიდან დღემდე?
- არცთუ ისე ცუდად. ეგაა, შედეგი გვაქვს ცუდი, ფეხბურთში კი, მოგეხსენებათ, მთავარი სწორედ შედეგია. ექვსი ტურიდან ხუთში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ... ამას დავამატოთ ისიც, რომ ორჯერ კაცნაკლულნი ვიყავით მთელი 60 წუთის განმავლობაში. ველოდები, რომ აუცილებლად მოვუმატებთ. გუნდს აქვს ამის პოტენციალი. რა თქმა უნდა, თუ ასე მოხდა, ეს აუცილებლად აისახება შედეგზე.

- რა შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე პორტუგალიის უმაღლესი ლიგა? როგორი ფეხბურთია, როგორი გარემოა?
- პორტუგალია საფეხბურთო ქვეყანაა. შეიძლება ითქვას, აქ მხოლოდ ერთი სპორტია - ფეხბურთი. პორტუგალიის ჩემპიონატი პროგრესირებს და ამაზე ერთი მაგალითიც ნათლად მეტყველებს - ადრე ის მხოლოდ 3 გუნდის ჩემპიონატი იყო და შედარებით სუსტი კლუბები "პორტუს", "ბენფიკასა" და "სპორტინგს" წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. ახლა შედარებით შეცვლილია სიტუაცია. მართალია, ლიდერები ლიდერებად რჩებიან, მაგრამ სხვა გუნდების დონემ აიწია. იგივე "პორტუ", "ბენფიკა" და "სპორტინგი" ისე ადვილად ვეღარ იგებენ თამაშებს, როგორც ეს ადრე იყო.

- რას იტყვით თავად "მორეირენშეზე"? თუ არიან გამორჩეული ფეხბურთელები? ან გუნდის შიდა სამზარეულოში რა ხდება?
- პირველ რიგში, გამოვარჩევ ორ ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელს, რომლებიც ჩვენთან "სპორტინგიდან" არიან განათხოვრებულნი - პოდენშე და ჟერალდესი. მათ გარდა, გუნდში კიდევ არიან ნიჭიერი ფეხბურთელები. ზოგადად, "მორეირენშეში" ძალზე მეგობრული, ჯანსაღი კლიმატია.

- როგორ ფიქრობთ, რისთვის იბრძოლებს "მორეირენშე" მიმდინარე სეზონში? მიზანი მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა თუ?..
- საერთოდ, ამ გუნდის მიზანი ყოველთვის არგავარდნა იყო, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ცხრილის ზედა ნაწილში დავასრულებთ სეზონს. მიზანი საუკეთესო ექვსეულში შესვლა და ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვნახოთ...

- თამაში არ გავა, ეფექტური "სეივები" და ფინტები არ გვიჩვენოთ. შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში საუკეთესო დროება გიდგათ?
- რა ვიცი, რა გითხრათ... არ ვარ უკმაყოფილო ჩემი ამჟამინდელი ფორმით, მაგრამ არც ძალიან კმაყოფილი ვარ. საერთოდ, საკუთარი თავით კმაყოფილი არასოდეს უნდა იყო. ამან შეიძლება მოგადუნოს და წინსვლა შეგიფერხოს.

- თუნდაც ჭორის დონეზე ხომ არ არის ინტერესი უფრო ძლიერი პორტუგალიური კლუბებისგან?
- ჯერჯერობით, ჩემამდე ასეთი ხმები არ მოსულა. პრინციპში, ახლაც არის ამაზე ლაპარაკი, სულ 6 ტური ჩატარდა. ნახევარი სეზონი მაინც უნდა გავიდეს, რომელიმე ძლიერი გუნდი რომ დააინტერესო.

- ახალ გუნდთან და ქალაქთან ადაპტაცია არ გაგიჭირდათ?
- არა, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონია. იცით, ალბათ, "მორეირენშეს" მწვრთნელი და მე ადრე ერთად ვიყავით "ფეირენშეში". ფეხბურთელებთანაც მალე გამოვნახე საერთო ენა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ბიჭი ნაკრებში ძირითადში იმსახურებს თამაშს.
წარმატებები გიო!
Vova
12:32 02-10-2016
0
pირდაპირ ვიტყვი ლორი სანაკრებო მეკარე არ არის გავიხსენოტ პროტასოვი საბწოტა კავსირსი ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ერტ სეზონსი ნაკრებსი საერტოდ ვერ ტამასობდ ა ისე ლორიაც ბავს ვურ სეცდომებს უსვებს დააყენეტ მაკრიდზე პორტუგალი ზლიერი საპეხბურტო ქვეყანაა რუსეტს რა უნდა პორტუგალიასტან სედარებაც არ სეიზლება
ledi
17:06 02-10-2016
0

სიახლეები პოპულარული