თუ მეკარე დაგვჭირდება...ზაურ მახარაძის წარმატებული სეზონი

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-10 ტურში დონეცკის "ოლიმპიკმა" პოლტავაში სანდრო კობახიძის "ვორსკლა" 2:1 დაამარცხა. მეორე დღეს, გამოცემა "უა-ფუტბოლმა" აღნიშნა, რომ დონეცკელთა გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ზაურ მახარაძის დამაჯერებელმა გარჯამ და ქართველი მეკარე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელა.

"ვორსკლასთან" მოგებამ "ოლიმპიკს" პრემიერლიგის ექვს საუკეთესო კლუბს შორის დაწინაურების საშუალება მისცა. ძნელია, მათ წარმატებულ გამოსვლაში მეკარის როლი არ დააფასო, განსაკუთრებით - პოლტაველებთან.

კობახიძე, ზაგორულკო, ტურსუნოვი, კოლომოეცი, ხლებასი და დიტიატევი სტუმართა კარს სახიფათოდ უტევდნენ. მაგრამ მახარაძემ თავისი ოსტატობა სრულად გამოავლინა. ფაქტობრივად, თამაშის დროს არ ყოფილა მომენტი,
როცა ზაურს შეეძლო, თავი მშვიდად ეგრძნო. ამის მიუხედავად, "ოლიმპიკის" მეკარემ ამ ზეწოლას გაუძლო და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა", - წერს "უა-ფუტბოლი".

ზაურ მახარაძის მამა ჩოხატაურელია, სადაც დღემდე ცხოვრობენ მისი ბებია, ბაბუა, ბიძა და ნათესავები. მამამისი ახალგაზრდა იყო, უკრაინაში სასწავლებლად რომ წავიდა, იქ დარჩა და ოჯახი შექმნა. ზაური ოდესის რაიონის ქალაქ ბალტაში დაიბადა და იქვე გაიზარდა. მამა ბავშვობაში ქართულს ასწავლიდა, თუმცა მშობლიურ ენაზე ვერ ლაპარაკობს და ამბობს, ამის გამო რცხვენია...

12 წლის იყო, როცა დონეცკის "ოლიმპიკის" ერთი წლით უფროსი ასაკის ჯგუფში აიყვანეს, მთავარ გუნდთან კონტრაქტი კი 16 წლისამ გააფორმა. საინტერესოა, რომ მახარაძის შესაძლო ტრანსფერს გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტი" 600 ათას ევროდ აფასებს.

23 წლის მეკარე უკრაინის 16, 17, 18 და 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების წევრი იყო. სხვათა შორის, "ლელოსთან" ინტერვიუში მახარაძემ თქვა, რომ "შახტარში" არაერთხელ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ უარს ამბობდა - იქ სკამზე ჯდომას, შედარებით სუსტ გუნდში თამაში მირჩევნიაო.

- უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე: საქართველოს ნაკრები? ვიფიქრებ

მართალია, ზაური უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ "ლელოსთან" თქვა, რომ ქართველობს, ნუკრი რევიშვილსა და გიორგი ლორიას და ზოგადად, საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს და რომ "ჯვაროსნების" გუნდში თამაშზე ოცნებობს. მას ახლოს ირაკლი ლილუაშვილი იცნობს, რომელიც უკრაინაში თამაშობდა, ამჟამად კი ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელია. მისი სიტყვებია - მახარაძე სულით და გულით ქართველია და ეს ნამდვილად ვიციო!..

საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებში ჩვენი სატკივარი მხოლოდ მეკარის პოზიცია არ არის. გიორგი ლორიასა და ნუკრი რევიშვილის სახით ორი საიმედო კიპერი გვყავს, მათი შემცვლელები კი როინ კვასხვაძე და გიორგი მაკარიძე არიან. მაგრამ თუ დღის წესრიგში მეკარის საკითხი დადგება, ვფიქრობთ, მახარაძე უინტერესო ვარიანტი არ იქნება - ზაური პრემიერლიგის ათივე ტურში "ოლიმპიკის" ძირითად შემადგენლობაში იყო და პოპულარულმა უკრაინულმა გამოცემამ სიმბოლურ ნაკრებში უკვე მეორედ დაასახელა.

და თუ ოდესმე მეკარე დაგვჭირდება, დასაკარგავი ქართველი სადაა? თანაც, ზაური ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და მომავალი წინ აქვს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული