ლეგიონის უქმეები: ჩემპიონი ვაკო გვილია, ყოჩაღი აკაკი გოგია [VIDEO]

AutoSharing Option
ქართულმა ლეგიონმა პარასკევს და შაბათს ყოჩაღად დაიწყო, მაგრამ კვირას "გაჩერდა". ასე რომ, ოთხ გოლზე (პლუს, ერთი გოლი დუბლებში) გავჩერდით.

რა თქმა უნდა, მთავარი ამბავი ვაკო გვილიას გაჩემპიონებაა...

იტალია. სერია A.
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" სტუმრად "ჯენოას" დაუზავდა - 0:0. არადა, სტუმრებმა თითქმის მთელი მატჩი რიცხობრივ უპირატესობაში ჩაატარეს. სამწუხაროდ, ლევანს შანსი არ მისცემია (სათადარიგოთა სკამზე დარჩა), რომან ჭანტურია კი განაცხადში არ იყო. "ემპოლი" 5 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

იტალია. ლეგა პრო A. ირაკლი შეყილაძის (90 წ) "ტუტოკუოიო" სტუმრად "პიაჩენცას" დაუზავდა - 0:0.

ესპანეთი. ლა
ლიგა 1|2|3.

გიორგი აბურჯანია კვლავ ტრავმირებულია და "სევილიას" მეორე გუნდში მისი დებიუტი ჯერ არ შემდგარა. მისმა გუნდმა კი სტუმრად "კორდობა" დაამარცხა - 1:0.

კარგია, რომ ოთარ კაკაბაძემ "ხიმნასტიკის" სასტარტოში დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ ცუდია, რომ მისი გუნდი კვლავ დამარცხდა (1:2 "ვალიადოლიდთან") და 6 ქულით ბოლო ადგილზეა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

ჰოლანდია. ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესი" სტუმრად 2:0-ს უგებდა "ალკმაარს" მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 2:2 ითამაშა. ქართველი კაპიტანი მოედანზე შეუცვლელად იყო.

"ეს ამ სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ ვთამაშობდით, 2:0 დავწინაურდით და ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო გამარჯვებისთვის. არ ვარ კმაყოფილი ჩვენი თამაშით, მეტი შეგვიძლია. ფეხბურთი ხანდახან ძნელი თამაშია", - განაცხადა კაშიამ მატჩის შემდეგ.

გერმანია. ბუნდესლიგა.
"ჰოფენჰაიმმა" "ფრაიბურგს" 2:1 მოუგო და ლიდერებს კვალში ჩაუდგა, სტუმართა ქართველი ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი კი კვლავ ვერ თამაშობს.

გერმანია. II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიამ "შტუტგარტთან" მატჩში გაიბრწყინა. ქართველმა დრეზდენის "დინამოს" შემადგენლობაში დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა აქტივში, "დინამომ" კი სახელოვან მეტოქეს 5:0 მოუგო. გოგიამ მე-3 და მე-4 გოლები გაიტანა და ბოლო გოლშიც ლომის წილი დაიდო. ამ თამაშისთვის 2 ნომრით მოთამაშე მარჯვენა შემტევმა უმაღლესი შეფასება - "ერთიანი" დაიმსახურა "შპორტალისგან".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საფრანგეთი. ლიგა 2.
ჯაბა კანკავა ჯერჯერობით არ თამაშობს "რეიმსის" შემადგენლობა, მის გარეშე კი გუნდი "აიაჩოს" ესტუმრა, 0:1 დამარცხდა და ლიდერობაც დაკარგა.

საფრანგეთი. ნასიონალი. დიდი ხანია არ უთამაშია "ლერბიეს" შემადგენლობაში ამირან სანაიას, მისი გუნდი კი "კრეტეის" დაუზავდა - 2:2.

ბელგია. პროქსიმუს ლიგა.
ლევან შენგელიას (61-ე წუთზე შეცვალეს) "ტუბიცე" სტუმრად "რუზელარესთან" დამარცხდა - 0:1.

საბერძნეთი. სუპერლიგა.
გიორგი ნავალოვსკიმ ნახევარმცველად ითამაშა "ვერიას" შემადგენლობაში, რომელიც სტუმრად "ატრომიტოსთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი შეუცვლელი იყო.

თემურ ქეცბაიას აეკ-ი დღეს ეწვევა "ლარისას".

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" "კრაკოვიას" ესტუმრა და 0:1 წააგო. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და მეორე ტაიმში ყვითელი ბარათიც მიიღო.

ვაკო ყაზაიშვილის "ლეგია" სტუმრად "პოგონთან" დამარცხდა - 2:3. ქართველი მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა.

ლაშა დვალის "შლიონსკი" დღეს სტუმრად "კორონასთან" მოსინჯავს ძალებს.

ავსტრია. ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაია "ალტახთან" თამაშში 77-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი "რაპიდი" ათი კაცით 0:1-ს აგებდა. ქართველის გამოსვლის შემდეგ მასპინძლებმა ქულა გადაარჩინეს.

ავსტრია. რეგიონალლიგა.
ლუკა ძიძიგურის (90 წ) "კუფშტაინმა" 2:0 მოუგო "დორნბირნს".

ჩეხეთი. 1. ლიგა.
ამ ქვეყანაში ჩვენი ლეგიონერებისთვის სიტუაცია არ შეცვლილა - ლევან ყენია კვლავ ტრავმირებულია, მისმა "სლავიამ" კი სტუმრად 3:0 მოუგო "ჰრადეცს", ხოლო ზურაბ ცისკარიძე ისევ სათადარიგოთა სკამზე ზის, ხოლო მისმა "ტეპლიცემ" ამასობაში 2:0 მოუგო "ზლინს".

დანია. სასლიგა.
დავით სხირტლაძის (შესვენებისას შეცვალეს) "სილკებორგი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "კოპენჰაგენთან".

უნგრეთი. OTP-ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის (90 წ) "დიოშდიორმა" 2:0 მოუგო "ვიდეოტონს".

ნორვეგია. ტიპელიგენი.
გიორგი გოროზიას "სტაბეკი" "ვალერენგას" ესტუმრა და უაღრესად საჭირო ქულა აიღო - 1:1. თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და ჩვენებურის გუნდს ეს ქულა, შეიძლება, არც ეყოს ელიტაში დასარჩენად
გოროზია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.

ფინეთი. იუკონენლიგა.
ქართული დუელი ვიხილეთ კპვ-ს და კტპ-ს შეხვედრაში. მასპინძელთა რიგებში 72-ე წუთზე თავი გამოიჩინა ირაკლი სირბილაძემ, სტუმრებში შეუცვლელად (როგორც სირბილაძემ) ითამაშა გიორგი ოსიტაშვილმა. ვეტერანმა ფორვარდმა სეზონში მე-14 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში საზიარო მე-2 ადგილზეა. ამ ფრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ოსიტაშვილის კტპ რანგით მე-2 დივიზიონს დაემშვიდობა.

კვიპროსი. I დივიზიონი.
ირაკლი მაისურაძის (78-ე წუთზე შეცვალეს) "ერმისმა" "აპოლონს" 3:2 მოუგო.

ქართველთა "ახნასი" სტუმრად "დოქსას" დაუზავდა - 0:0. ნიკა კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ილურიძე 92-ე წუთზე შეცვალეს. გია გრიგალავა განაცხადში არ ყოფილა, რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი მეორე ტაიმში გამოჩნდა.

რუსეთი. პრემიერლიგა.
"რუბინის" 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა საბა კვირკველია. მწვრთნელის ახირება უკვე აშკარაა. "რუბინმა" კი 3 უპასუხო გოლი გაუტანა გიორგი ლორიას და "კრილია" 3:0 დაამარცხა. "ჩემპიონატმა" ქართველი გოლკიპერი 6 ბალით შეაფასა.

ჯანო ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, მისმა "სპარტაკმა" კი "როსტოვს" 1:0 მოუგო. ჩვენებურს "ჩემპიონატმა" 7 ბალი დაუწერა. ის ერთხელ დაემუქრა ჯანაევის კარს.

გიორგი ჭანტურიას "ურალმა" ვერაფერი გაახერხა "ზენიტთან" მატჩში - 0:2. ჩვენებური 56-ე წუთზე შეცვალეს (შეფასება - 6,5).

"კრასნოდარის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი 72-ე წუთზე გამოჩნდა სტუმრად "არსენალთან" მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა.

უკრაინა. პრემიერლიგა.
ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" 2:0 მოუგო "ვოლინს". ჯაბამ 63-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა.

დავით ხოჭოლავამ "ჩერნომორეცის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი შინ კიევის "დინამოს" დაუზავდა - 1:1.

სანდრო კობახიძე "ვორსკლას" სასტარტოში არ იყო, მან ტრავმირებული თანაგუნდელი 37-ე წუთზე შეცვალა "ზირკასთან" სტუმრად წაგებულ (0:2) მატჩში .

უკრაინა. დუბლიორები.
ამ პირველობაზეც თამაშობენ ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელები: დონეცკის "შახტარმა" "ოლიმპიკს" 3:0 მოუგო. ერთი გოლი კი გიორგი არაბიძის ანგარიშზეა. დონეცკური გუნდების დაპირისპირება ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანი მე-80 წუთზე დატოვა. მანამდე, 34-ე წუთზე, მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. "ოლიმპიკის" რიგებში კი მე-80 წუთზე გამოჩნდა 20 წლის ლუკა ნადირაძე.

"ჩერნომორეცმა" კიევის "დინამოს" 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში 65-ე წუთამდე ითამაშა გიორგი გადრანმა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ჯერ პირველ გუნდში ვერ ხვდება. "დინამოს" რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ოჩიგავამ.

ბელარუსი. ვისშაია ლიგა.
ვაკო გვილია ბელარუსის ჩემპიონია. ის ამ ტიტულს პირველად დაეუფლა, მისი გუნდი კი მე-13-დ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. პირველობის დასრულებამდე კიდევ 5 ტური რჩება, მაგრამ "გრანიტთან" სტუმრად მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ ბატე კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ საჩემპიონო გოლი ქართველის მიერ წამოწყებული კომბინაციის გვირგვინი იყო.

"დიდებული ემოციაა. მსურს, კიდევ უფრო მეტი ტიტული მოვიპოვო, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გახდე უკეთესი ფეხბურთელი", - განაცხადა გვილიამ მატჩის შემდეგ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იმავე ლიგაში პაპუნა მოსემღვდლიშვილის (არ უთამაშია) "სლავიამ" "ისლოჩს" 2:1 მოუგო.

ლატვია. ვირშლიგა.
რიგის დერბიში გიორგი დიაკვნიშვილის "რიგასი" 0:0 ეთამაშა "რიგას". ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ესტონეთი. მეისტრილიგა.
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" სტუმრად 2:0 მოუგო "ნარვას". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

მოლდოვა. დივიზია ნაციონალა.
გურამ მაღალდაძის (არ უთამაშია) "საქსანი" შინ 0:2 დამარცხდა "დაჩიასთან".

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა.
ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" ლიდერ "გაბალას" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ზურაბ ხიზანიშვილმა მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, სტუმარი ნიკა კვეკვესკირი კი, როგორც ჩანს, ისევ ტრავმირებულია.

აუტსაიდერმა აზალ-მა შინ 0:1 წააგო "ქიაფაზთან". ნუგზარ კვირტიამ და დავით ჯანელიძემ წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს.

სომხეთი. პრემიერლიგა.
"განძასარის" შემტევმა გოგიტა გოგატიშვილმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი 4:0 გაანადგურა "ბანანცი". ირაკლი კვეკვესკირის (სათადარიგო) "ალაშკერტი" შინ "შირაქს" დაუზავდა - 1:1.

ყაზახეთი. პრემიერლიგა.
კახა ცხადაძემ უშუალო კონკურენტ "ასტანას" კვლავ მოუგო (2:0) და ჩემპიონობის თეორიული შანსი შეინარჩუნა. პირველობის ფინიშამდე მხოლოდ ერთი ტური დარჩა. ცხადაძის "ქაირათი" 3 ქულით ჩამორჩება "ასტანას", რომელსაც ერთი თამაში რეზერვში აქვს

"ორდაბასი" შინ 3:3 დაუზავდა "ირტიშს". მასპინძელთა რიგებში გოგიტა გოგუა შეუცვლელად გაისარჯა (გააფრთხილეს), ოთარ მარცვალაძე შესვენების შემდეგ ჩაერთო თამაშში. სტუმართა გუნდში კი თავიდან ბოლომდე ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა.

უზბეკეთი. პროფლიგა.
კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" 4:0 გაანადგურა "კოკანდი" და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. მე-11 წუთზე სწორედ ქართველმა გახსნა ანგარიში. ის 76-ე წუთზე შეცვალეს. ეს მისი მე-3 გოლია ჩემპიონატში.

გიორგი კვესიეშვილის (90 წ) "ყიზილყუმი" სტუმრად "მეტალურგთან" დამარცხდა - 0:1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგია გვჭირდება სასწრაფოდ, ფედერაცია უნდა გააქტიურდეს. კობის გერმანული ამბები არ უნდა ეშლებოდეს წესით.
giorgi
15:31 17-10-2016
0
ვაკო ჩემპიონობას გილოცავ, ეს ერთი და სხვა მარავალი, როგორც ქართველები ვამბობთ. უფრო მაღალი ლიგების ჩემპიონობაც არა ერთხელ მოგველოცოს.
gizog
11:13 17-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული