გიორგი ლორია: ჩემი შეცდომები? ხელთათმანები გამეყინა და თამაშის დროს გამოვცვალე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ თავისი კლუბის, სამარის "კრილია სოვეტოვის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.

გიორგიმ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში, ტულის "არსენალთან" მატჩზე ილაპარაკა, რომელიც მისმა გუნდმა ფრედ 1:1 დაასრულა. სამარელები იგებდნენ, მაგრამ მსაჯმა პირველი ტაიმის მიწურულს ხელით თამაშის გამო "კრილიას" ფეხბურთელი გააძევა, ლორიას კარში კი 11-მეტრიანი დანიშნა. გიორგიმ პენალტი ვერ მოიგერია, თამაშის მიწურულს კი მუხლი იტკინა...

- ლეგიონი: გიორგი ლორიამ "კრილია სოვეტოვი" ვერ გადაარჩინა

- თავს როგორ გრძნობ? მატჩის მიწურულს ექიმების დახმარება დაგჭირდა.
- დიახ, მეორე ტაიმში მუხლში ტკივილი ვიგრძენი.
ახლა სურათი უნდა გადავიღო და გავიგო, არის თუ არა რაიმე დაზიანება, წინასწარ კი რაიმეს თქმა ძნელია.

- რამდენიმე სათამაშო ეპიზოდში მცირე შეცდომა დაუშვი, რაც შენთვის დამახასიათებელი არაა. რით იყო ეს გამოწვეული?
- ამას ალბათ ტექნიკური წუნი უნდა დავარქვათ. ხელთათმანები გამეყინა და თამაშის მიმდინარეობისას გამოვცვალე კიდეც. კარგია, რომ იმ ეპიზოდებში გამიმართლა და ამ მიზეზით გოლი არ გავუშვი.

- მთლიანობაში როგორ შეაფასებ თამაშს და რას იტყვი "კრილია სოვეტოვის" ამჟამინდელ რთულ სიტუაციაზე?
- დასანანია, რომ მოედანზე ათნი დავრჩით, მე კი ვერ შევძელი 11-მეტრიანის მოგერიება და გუნდის გადარჩენა. არადა, გაძევებამდე უკეთ გამოვიყურებოდით. პირველივე წუთებიდან ვაკონტროლებდით თამაშს და მომენტებიც მეტი გვქონდა. ფეხბურთელის გაძევების შემდეგ კი ათნი უკან "ჩავჯექით" და ვცდილობდით, არ გაგვეშვა და თუკი მომენტი იქნებოდა, გაგვეტანა.

ალბათ, შეიძლებოდა ჩვენი ფეხბურთელისთვის მხოლოდ ყვითელი ბარათის ჩვენება და მისი მოედანზე დატოვება, თუმცა მსაჯმა სხვაგვარად გადაწყვიტა. კარგი იქნებოდა, ასეთ მომენტებში მოთამაშეს არ აძევებდნენ. მას ხომ უხეშად არ უთამაშია, უბრალოდ, ინსტიქტურად მოქმედებდა.

ვფიქრობ, "კრილიასთვის" სატურნირო ცხრილის ფსკერზე ყოფნა არცთუ ბუნებრივია. ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც მომენტში, სამწუხაროდ, არ გვიმართლებს ხოლმე... ვცდილობთ, გამოვასწოროთ ვითარება და ცხრილში მაღლა ავინაცვლოთ, თუმცა სიტუაცია აქამდე მძიმე რჩება.

- უკვე ხუთშაბათს, რუსეთის თასის 1/8-ფინალში "კრილიას" "ლოკომოტივთან" უწევს თამაში. რას იტყვი მეტოქეზე?
- მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩებში შედეგებით ვერ ბრწყინავს, "ლოკომოტივი" სახელოვანი, ძლიერი გუნდია. ჩვენი უპირატესობა - საკუთარ კედლებში თამაშია. იმედი მაქვს, გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერით შევძლევთ ამ ბარიერის დაძლევასა და თასისთვის ბრძოლის გაგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული