"სპორტ-ექსპრესი": რითია კარგი გიორგი ჯიქია?

AutoSharing Option
პერმის "ამკარის" 22 წლის მცველის, გიორგი ჯიქიას საკითხმა ქართველ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მას ერთდროულად ორი ნაკრები იწვევს - საქართველოს (ისტორიული სამშობლოს) და რუსეთის (სადაც გაიზარდა).

ეს რუსულ გამოცემა "რ-სპორტთან" ინტერვიუში გაჯი გაჯიევმა გაამხილა - პერმის "ამკარის" მთავარი მწვრთნელი რუსეთის ნაკრების დამრიგებელს, სტანისლავ ჩერჩესოვს მას შემდეგ ელაპარაკა, რაც ჯიქია საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს.

აღმოჩნდა, რომ ის ჩერჩესოვმა რუსეთის ეროვნული გუნდის კანდიდატთა გაფართოებულ სიაში შეიყვანა და მომდევნო წელს შეკრებაზე მის გამოძახებას აპირებს.

- აქტუალური თემა: შეწყვიტეთ გიორგი ჯიქიაზე ზეწოლა!

"ამკარის" მცველს "სპორტ-ექსპრესმა"
საინტერესო წერილი მიუძღვნა, რომლის ფრაგმენტებსაც ქვემოთ გთავაზობთ...

ჯიგიტი ჩერჩესოვისთვის
უნივერსალი ბომბარდირი
"გიორგი ჯიქიაზე მთავარი უნდა ვიცოდეთ: მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ეს უდიდესი პლუსია 22 წლის ფეხბურთელისთვის, რადგან ნაკრებში უნივერსალი განსაკუთრებით ფასობს.

თავდაპირველად, "ამკარში" ჯიქია დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ "როსტოვთან" 2015 წლის აგვისტოს გაჯი გაჯიევმა თავდასხმის მარჯვენა ფლანგი ჩააბარა. უჩვეულო როლში გიორგიმ მხოლოდ ნახევარი საათი გაატარა და შეტევაში მეტი აღარ უთამაშია.

მცველის კვალობაზე საკმაოდ მაღალია (183 სმ), მაგრამ სხარტიცაა, სწრაფია და კარგი პასებიც ეხერხება: INSTAT-ის მონაცემებით, წლეულს პრემიერლიგაში მისი გადაცემების 86 პროცენტი ზუსტი იყო. გასაკვირი არ არის, რომ 2015/16 წლების სეზონში ჯიქია "ამკარში" ხშირად აწვდიდა კუთხურებს.

ნაკრების კანდიდატს დარტყმაც უვარგა და ამას არც ერიდება - გასულ სეზონში, ერთი გოლი საჯარიმოთი გაიტანა, ერთხელ კი - ფლანგიდან ჩართვის შედეგად. ამ გოლების საერთო მახასიათებელი უძლიერესი დარტყმა იყო.

გაზაფხულზე გაჯიევმა გადაწყვიტა, რომ ჯიქია ფლანგზე იმდენად სასარგებლო არ იყო და უფრო მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო როლში გადაიყვანა. მას შემდეგ გიორგი სულ დაცვის ცენტრში თამაშობს და მიმდინარე სეზონში უკანა ხაზის ლიდერადაც ჩამოყალიბდა. 5-3-2 სქემაში ჯიქია ზუსტად მეკარის წინ თამაშობს. მიუხედავად ამისა, ის თავდასხმაში ჩართვასა და საჯარიმოების შესრულებას აგრძელებს.

მიმდინარე ჩემპიონატში მან კარში ათჯერ დაარტყა: ეს პრემიერლიგის ცენტრალურ მცველებში მეორე შედეგია. ჯიქია მოედნის სიღრმიდან საგოლე გადაცემებსაც ახერხებს: სექტემბერში, "ტერეკთან" მატჩში, 50 მეტრიდან ლამაზი პასი გააკეთა, რომლითაც მილკოვიჩმა ისარგებლა.

ორთაბრძოლებისა და ჩაჭრების მეფე
...თუმცა მცველებს, უპირველესად, ვაფასებთ არა წარმატებული ტექნიკა-ტაქტიკური მოქმედებებისთვის, არამედ უკანა ხაზში მოვალეობის ცივსისხლიანი და შეუცდომელი შესრულებისთვის. ამას ჯიქია მშვენივრად უმკლავდება. მისი ქმედებების საუკეთესო დახასიათება "ამკარის" მიერ სეზონში გაშვებული 6 გოლია, ანუ სხვებზე ნაკლები.

გიორგის ინდივიდუალური სტატისტიკაც საინტერესოა. ავიღოთ, მაგალითად, ნებისმიერი მცველისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი - ორთაბრძოლები, რომელთაგან ჯიქიამ 77 პროცენტი მოიგო და ამით პრემიერლიგაში მე-4 ადგილზეა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლებში ის ხშირად არ ერთვება და ამ მაჩვენებლით მე-20 ადგილზეა.

ასეთი სტატისტიკა მის თამაშს ახასიათებს: დიახ, ჯიქიას ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედების საერთო მაჩვენებელი ცენტრალურ მცველებში (140-ე ადგილი) დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ წარმატებული ქმედებების პროცენტია აღსანიშნავი. მაგალითად, საშუალოდ ერთ თამაშში ის ბურთის ართმევას მხოლოდ 1,6-ჯერ ცდილობს, რაც სულაც არ არის დიდოსტატური მაჩვენებელი, მაგრამ მისი მცდელობების 94 პროცენტი წარმატებით მთავრდება - რუსეთის პრემიერლიგისთვის ეს გიგანტური ციფრია. შედარებისთვის: მე-2 ადგილზე როსტოველი მიჰა მევლია გავიდა 83 პროცენტით.

ჯიქიას კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება პოზიციის სწორი შერჩევაა. სერგეი იგნაშევიჩი და ვასილი ბერეზუცკი (ზოგადად, ამ ამპლუის მოთამაშეებს მათ ადარებენ) ზოგჯერ პოზიციას დაბალი სისწრაფის გამო კარგავენ. მაგრამ პერმელ ჯიქიას არც აზროვნების სისწრაფე დაეწუნება და არც - მოძრაობის. აქედან გამომდინარეობს მე-2 ადგილი პრემიერლიგაში ჩაჭრების რაოდენობით - 91. ამაში სეზონის ლიდერს, უფელ ვიქტორ ვასინს (129) საგრძნობლად ჩამორჩება, მაგრამ ნაკრების სხვა კანდიდატებს ბევრად აღემატება.

მოკლედ, რუსეთის ეროვნულ ნაკრებში ჯიქიას შესაძლო გამოძახება არ იქნება მხოლოდ იმის მცდელობა, რომ ფეხბურთელმა საქართველოს დროშის ქვეშ თამაშის შანსი დაკარგოს. თუკი სტატისტიკას და სუბიექტურ შთაბეჭდილებებს ვენდობით, 22 წლის მცველი პერსპექტივაში ნამდვილად შეიძლება რუსეთის მასშტაბით მაღალი კლასის შემსრულებლად გაიზარდოს. ის ჯერ კიდევ ნედლია, მაგრამ პოტენციალი აქვს. მცირეღა დარჩა - ეს არის მიწვევა ჩერჩესოვისგან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინა ხართ, სად გაიზარდეთ, ან სკოლაში რას გასწავლიდნენ, ან სახლში. რაებს აკომენტარებთ, რას ჰქვია მისთვის სჯობია და რას ჰქვია პროფესიული მიდგომა. ჯერ სამშობლოა და საქართველოა და მერეა სხვა ყველაფერი. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ყოველთვის. სხვანაირად რომ ყოფილიყო, ეხლა არც ჯიქიას და არც სხვებს არც სამშოლო გვექნებოდა და არც არაფერი. პ.ს. არა მგონია ჯიქიამ უარი სთქვას საქართველოს ნაკრებზე.
bavaria
16:35 27-10-2016
0
ერთხელ მიწვევენ ნაკრებში,რომმსაქართველოს ნაკრებში ვეგარ ითამაშოს და მერე მიაგდებენ.
KAKHA
15:59 27-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული