[ოთხშაბათის საკითხავი] რა უნდათ რუსებს? ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს

AutoSharing Option
გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს. ჩვენს რუბრიკაში კი შევეცდებით, საკითხს ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ...

საიდანაც გინდა მიუდექი, როგორც გინდა, გაზომე და გაჭერი - რომ იტყვიან, მზაკვრულ ჩანაფიქრს აქვს ადგილი რუსების მხრიდან. დარწმუნებული ვარ - რომ არა ქართული მხარის ინტერესი, რუსები ჯიქიას ნაკრებში გამომძახებლებს არ ჰგავდნენ.

ასეა: ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჯიქია საქართველოს ნაკრებს არ დარჩეს. არ დარჩეს, რადგან ეს საჭადრაკო დაფაზე რუსეთის სერიოზული მარცხი იქნება საქართველოსთან. ყოფილ "უფროს ძმას" კი ძალიან არ უყვარს, როცა
საქართველოსთან მარცხდება.

რუსეთი შეეჩვია სპორტულ ამბებში საქართველოსთან მარცხს, მაგრამ ეს მთლად სპორტული ამბავიც აღარ არის. ამ შემთხვევაში, საქართველოს გამარჯვება მხოლოდ სპორტული გამარჯვება არ იქნებოდა.

რუსებს ეშინიათ, რომ ჯიქიას არჩევანი საქართველოში, ქართველ ხალხში გასცდება ერთი რიგითი არჩევანის მნიშვნელობას და გადაიქცევა ერთი ქართველი ბიჭის სულის ძახილად. ეს არ უნდათ მათ და რატომაც არ უნდათ, ესეც აბსოლუტურად გასაგებია.

გიორგი ჯიქია კი არის რუსეთის ნაკრების შეკრებაზე, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ამ სტრიქონებს რომ ვწერ, ზუსტად არ ვიცი, რა უნდა თავად გიორგის და როგორი იქნება მისი საბოლოო არჩევანი. მე მინახავს ის უზომოდ ბედნიერი ქართულ დროშასთან ერთად და არ მგონია, ეს დროშა მან იოლად გაცვალოს.

ერთი მხრივ, ძალიანაც კარგია, თუ ჯიქია რუსეთის ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას აერეოდა კარიერა რუსეთში. დასვამდნენ "ამკარის" სათადარიგოთა სკამზე. ვის უნდა, რომ ეს ასე იყოს?

ქართველებს ერთი გენიალური ანდაზა გვაქვს, რომლის მიხედვითაც, ხერხი ღონეს ჯობია, თუ კაცი მოიგონებს. დიდი იმედი მაქვს, ჯიქიას მხრიდან ეს არის ხერხი და ის საბოლოო არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებს.

რა გვაძლევს ამგვარი ვარაუდის საფუძველს? მოგეხსენებათ, ფეხბურთელს შეუძლია, ამხანაგური მატჩი ჩაატაროს ერთი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში და მეორე ქვეყანას უკვე ოფიციალური მატჩების დადგომის ჟამს ემსახუროს. ამის მაგალითი ბევრია.

ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ჩვენ ფეხბურთელისგან საქართველოს ნაკრების არჩევას ვითხოვთ და გვავიწყდება, რამხელა პრობლემების წინაშე ვაყენებთ მას. ჯიქია რუსეთში ჩამოყალიბდა ფეხბურთელად და, შესაბამისად, რუსები მას თავიანთი ფეხბურთის ნაწილად მიიჩნევენ. თუ ის საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, რუსეთს უნდა გაეცალოს - ანუ მშობელი ქვეყანა გამზრდელს ამჯობინოს.

ძალიან არასასიამოვნოა პიროვნების ტრაგედიაზე წერა, მით უმეტეს, როცა ამის მაგალითი უკვე გვაქვს. მაგალითი იმისა, თუ როგორ არჩია მართლა სამაგალითო ქართველმა მიხეილ ფოცხვერიამ საქართველოს ნაკრები უკრაინისას და როგორ დაენგრა კარიერა ამის გამო.

მაინც მგონია, რომ დღემდე საქართველო ვალშია ფოცხვერიასთან და ეს ის ვალია, ქვეყანას ათასობით ომის ვეტერანთან რომ აქვს. ფოცხვერიამ თავისი წილი ომი მაგრად იომა საქართველოსთვის და ის, როგორც ომგადახდილი მრავალი ვაჟკაცი, უყურადღებოდ დარჩა ქვეყანას.

კი, უზომოდ შეჭირვებულ მიშა ფოცხვერიას, უკრაინულ ომგადახდილსა და წამების გზებზე ნავალს, საქართველომ, უკეთ რომ ვთქვათ, ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ დახმარების ხელი გაუწოდა, თუმცა ეს ზღვაში წვეთი იყო იმასთან, რასაც ეს დიდი ქართველი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) იმსახურებდა.

გიორგის აქვს დრო იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად მოიფიქროს, აწონ-დაწონოს... და თუ მაინც გადაწყვეტს საქართველოს სახელით თამაშს, მისთვის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ის, როგორმე რუსეთს გაეცალოს, სადაც არ გაახარებენ.

მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ერთი რისკფაქტორი, რომელიც, შეიძლება, თან ახლდეს მის არჩევანს რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ. რუსებისგან ასეთი მანევრი არამც და არამც არ უნდა გაგვიკვირდეს. შეიძლება, ერთხელ ან ორჯერ ათამაშონ ჯიქია რუსეთის ნაკრებში და ამის შემდეგ, რაკი თავისას გაინაღდებენ, საერთოდ მიივიწყონ ის.

მოკლედ, ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ის თავისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან არჩევანს აკეთებს და ეს ისეთი არჩევანია, რომ ვერავინ ჩაერევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯერ-ჯერობით ჯიქიას ქართველობა მე ვერ დავინახე,გვარით ქართველი არ ნიშნავს ქართველობას,ფედერაციაც არ იწვევს ჩვენს ნაკრებში თორე დაესმებოდა წერტილი ამ თემას,თუ არ სურს ჩვენთან თამაში წავიდეს სადაც სურს აღარც წავიკიტხავ საერთოდ ჯიქიას ამბავს.
mikheil
04:02 03-11-2016
0
respodenti-ს არვიცი არც აქ და არც სხვა სტატიებში არ მინახია რომ ხალხი აქ ერთმანეთს ლანძღავდეს და სხვადასხვა აზრი რომ აქვს თითეულ ჩვენგანს და გამოთქვამს ეს გადაკიდებას არ ნიშნავს ერთმანეთის!)))))00
svani
23:44 02-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული