გიორგი ქვილითაია: არ ვიცი, ეს ფაქტი როგორ აისახება ჩემს მომავალზე...

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან შეხვედრისთვის გამოძახებულთა შორის გიორგი ქვილითაია ამჯერადაც დაასახელა. საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ სლოვაკი სპეციალისტი 23 წლის თავდამსხმელს რეგულარულად იწვევს შეკრებებზე, მაის-ივნისის სამივე ამხანაგურ მატჩში კი თავის გამოჩენის შანსიც მისცა...

ქვილითაია ახლა კარგ ხასიათზე შეუერთდა სამოლდოვე სამზადისში მყოფ ეროვნულ გუნდს. თბილისის "დინამოდან" ავსტრიული ბუნდესლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ ვენის "რაპიდში" გადასულმა თავდამსხმელმა ევროპალიგაზე "სასუოლთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩში ბოლო წუთზე გატანილი გოლით გუნდი წაგებას გადაარჩინა (2:2).

მართალია, სადებიუტო გოლი ავსტრიის თასზე ლინცის "ბლაუ ვაისთან" გაიტანა, მაგრამ ევროთასზე რომ გაიტან, თან უმნიშვნელოვანეს
გოლს, ეს მაინც სხვაგვარად ფასობს. ქვილითაიაც ამას ამბობს - იტალიური გუნდის კარში გატანილი გოლით უფრო თავდაჯერებული გავხდიო...

- ვენის "რაპიდში" თქვენი გადასვლა ქართველი ქომაგებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. საქართველოს ჩემპიონატიდან ასეთ ცნობილ კლუბში მოხვედრა იოლი არ არის...
- გეთანხმებით, ავსტრიელთა ინტერესი ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

- თუმცა, ახალ გუნდთან შეჩვევას დრო სჭირდება...
- რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად არ არის ადვილი საქმე.

- ევროპალიგაზე გოლის გატანა კარგი ამბავია. რას ფიქრობთ, თავის დამკვიდრებაში ეს დაგეხმარებათ თუ ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ დასამტკიცებელი?
- "რაპიდის" მსგავსი ცნობილი კლუბის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა მართლაც არ არის ადვილი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ "დინამოდან" ტრავმირებული წავედი და ავსტრიაში თვე და 10 დღე ვმკურნალობდი.

- სხვათა შორის, ეს მართლა საინტერესოა - ტრავმირებულს კონტრაქტი როგორ გაგიფორმეს?
- ტრავმა სერიოზული რომ იყო, სამედიცინო შემოწმებისას არ გამოჩნდა, მაგრამ რომ ჩავედი, ცოტა ხანი ვივარჯიშე და ეტყობა, პრობლემები ამის გამო შემექმნა. მერე მოვმჯობინდი, ამხანაგურებში მათამაშეს და ნელ-ნელა გუნდსაც შევეგუე.

"რაპიდი" ის კლუბი არ არის, ამდენი ხნით უთამაშებელი თავდამსხმელი ეგრევე ძირითადში დააყენონ. თანაც, გერმანული "ჰოფენჰაიმიდან" საკმაოდ ძლიერი ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟოელინტონი ინათხოვრეს. მაგრამ მწვრთნელი მენდობოდა, შეცვლაზე შევყავდი და ცდილობდა, გუნდს შევჩვეოდი. მერე უკვე ძირითადშიც მათამაშა, ავსტრიის თასზე გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემაც გავაკეთე. "სასუოლოსთან" მატჩში კი შეცვლაზე შემიყვანა, მაგრამ გავიტანე და ამის შემდეგ ავსტრიული ბუნდესლიგის მორიგ ტურში, "ვოლფსბერგერთან", ძირითადშიც დამაყენა.

თუმცა საკუთარ თავს გაცილებით მეტ შედეგიანობას ვთხოვ და ეს ბუნებრივიცაა. თავდამსხმელის საქმე ხომ გოლების გატანაა.

- თუმცა, "რაპიდის" მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი მოხსნეს. არადა, ავსტრიაში სწორედ მათ მიგიწვიეს. ეს გუნდში თქვენს მდგომარეობაზე გავლენას ხომ არ მოახდენს?
- დიახ, ზუსტად ის ორი ადამიანი მოხსნეს, რომლებმაც "რაპიდში" მიმიყვანეს. არ ვიცი, ეს ამბავი ჩემზე როგორ აისახება, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ბოლო თამაშების შემდეგ გულშემატკივრებისგან ძალიან დიდ სითბოს, ყურადღებასა და მხარდაჭერას ვგრძნობ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- გასაგებია, მაგრამ გულშემატკივრების მხრიდან სიმპათია ერთია, ძირითად შემადგენლობას კი მთავარი მწვრთნელი არჩევს...
- მესმის, მაგრამ იქ გულშემატკივრის აზრს ყველა ითვალისწინებს, მათ შორის, მწვრთნელებიც. "ბლაუ ვაისთან" სათასო შეხვედრის შემდეგ საკმაოდ აქტიურად მოითხოვდნენ, რომ ჩემთვის ძირითად შემადგენლობაშიც მოეცათ შანსი.

- საქართველოდან წასული მოთამაშე ავსტრიულ ფეხბურთს უკვე ისე შეეგუეთ, რომ "რაპიდის" ძირითადში სათამაშოდ მზად ხართ?
- ერთი მთავარი პრობლემა, ენობრივი ბარიერი, არ მქონია, რადგან გუნდში ბევრი ლეგიონერია და ისინი ინგლისურად ლაპარაკობენ. ინგლისური მეც ვიცი. სხვათა შორის, უნგრეთში თამაშის დროს, რაღაც დონეზე, სერბული და ხორვატიულიც კი ავითვისე.

- უნგრეთში ისწავლეთ სერბული და ხორვატიული?
- დიახ, "დიორში" ბევრი ბალკანელი იყო და ურთიერთობაში ბევრი სიტყვა თავისდაუნებურად ვისწავლე. ავსტრიაშიც ბევრი ბალკანელია და მათთან ურთიერთობა მიადვილდება. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ელოდნენ, ჩასვლისთანავე ავთამაშდებოდი. მე კი ამ დროს დავშავდი...

- დატვირთვებს შეეგუეთ?
- ეს არ გამჭირვებია, რადგან ლამის ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ - ბუნდესლიგა, ევროპის ლიგა... დიდი დატვირთვები არც გვქონია. ამის გარეშე კი ფორმაში შესვლა გამიჭირდა. ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მაგრამ გუნდური დატვირთვები მაინც სხვაა. თუმცა საქართველოს შემდეგ სხვაობა აშკარად იგრძნობა, გაცილებით მეტი სისწრაფეებია და ორთაბრძოლებიც ბევრად რთულია.

- მერე? ავსტრიულ ტალღაზე გადაეწყვეთ?
- არა, ჯერ დრო და შეჩვევა კიდევ მჭირდება...

- ფიზიკურ მომზადებაშიც?
- არა, სხვა რამეს ვგულისხმობ. დრო თუნდაც იმაში მჭირდება, რომ გავიგო, ავსტრიაში რა ტიპის მცველები არიან. ევროპის ლიგაზე გამოსვლა კი იმის გაგებაში დამეხმარა, ამ დონეზე რა სახის მომზადება იყო საჭირო და მეტოქისთვის რა უნდა დამეპირისპირებინა. ამავე დროს, აუცილებელია საკუთარი გუნდისა და თანაგუნდელების შესწავლაც, რომ ვიცოდე, ვინ როდის აკეთებს და ახერხებს პასს, ვის როგორ და როდის გავეხსნა, რომ ბურთი საჭირო დროს მომაწოდოს...

ბევრი წვრილმანია, ყველას ვერც გავიხსენებ და ვერც ჩამოვთვლი. მაგალითად, "დინამოში" ვიცოდი, როდის მომაწვდიდა პასს იაშვილი... არადა, როგორ დროულად და საჭირო მომენტში იცოდა პასის გაკეთება, როგორ გრძნობდა მომენტს... "რაპიდში" კი ჯერ არ ვიცი, ვინ რისი გამკეთებელია და ბურთზე წავიდე თუ არა. მიმიხვდით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? "დინამოში" კი კარისკენ თვალდახუჭული გავრბოდი, რადგან ვიცოდი, რომ "იაშკა" ზუსტ პასს მომცემდა...

ასეა, ჯერ თანაგუნდელები უნდა შეისწავლო და მერე - ჩემპიონატს აუღო ალღო. ზამთრამდე ადაპტაცია უნდა დავასრულო და მიმაჩნია, რომ "რაპიდში" სრულფასოვნად ამის შემდეგ ავთამაშდები.

- იმავე კუთხით რომ განვიხილოთ საქართველოს ნაკრებიც, ყველა თანაგუნდელი გყავთ შესწავლილი? ან არის ნაკრებში ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც იცის, ბურთი როდის მოგაწოდოთ?
- რა თქმა უნდა, ნაკრებში თამაში უფრო მიადვილდება, რადგან ვიცი, ვინ ვინ არის და რა შეუძლია. თანაც, სლოვაკეთთან, რუმინეთთან და ესპანეთთან ვითამაშე და ბიჭები კიდევ უფრო კარგად გავიცანი.

- ნაკრების თემით დავამთავროთ. მოლდოვასთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია...
- ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან რთული თამაშიც გველის. მოლდოვა სრული მობილიზაციით ითამაშებს. მაგრამ ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ერთადერთი, რაც დაგვაკმაყოფილებს, მხოლოდ 3 ქულა იქნება. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გიორგი ისე მოლდაველებზე უფრო მობილიზებულები თქვენ უნდა გახვიდეთ სათამაშოდ მინდორზე, რადგან საკუთარ გულშემატკივარს დაუმტკიცოთ რომ, შეგიძლიათ თამაში!
giorgi
18:15 11-11-2016
0
ქართველები რომ არაადეკვატურები ვართ აზროვნებაშიც, ამ კომენტარებშიც კარგად ჩანს (Dato, llcl). რა აზროვნებაა!! გაუგებარია პირდაპირ... Dato-ს საყურადღებოდ. რაპიდში მარტო იმიტომ ღირს თამაში, ყველაფერს რომ თავი დაანებო, ვენაში მაინც იცხოვრებ. თუმცა ამას შენ ვერასოდეს გაიგებ. მე კი ქვილითაის გამო, სტადიონზეც დავიწყე სიარული.
ნიკო-სტუდენტი ვენიდან
17:50 10-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული