ფეხბურთელის ბედი: სად ხარ, მათე?! ოკუპაციის შემდეგ დაკარგული ღვინიანიძე

AutoSharing Option
ბოლო დროს, ეროვნული ნაკრების გაძლიერებაზე ბევრი დაიწერა და რამდენიმე საინტერესო გვარიც გაჟღერდა. მაგალითად, დიდი ხანია, რაც ფეხბურთის ფედერაცია აკაკი გოგიას ჩამოყვანაზე ფიქრობს, მაგრამ რუსთავში დაბადებული ახალგაზრდა, ჯერჯერობით, თავს იკავებს. არადა, მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეფასებები აქვს და ცხადია, გულდასაწყვეტია, ასეთი დონის მოთამაშის "გაქართველება" რომ ვერ ხერხდება.

გიორგი ჯიქიამ არჩევანი გააკეთა და რუსეთის ნაკრებში გამოცხადდა, მაგრამ სტანისლავ ჩერჩესოვმა არც ყატართან ათამაშა და არც - რუმინეთთან. საინტერესოდ ჩანს დონეცკის "ოლიმპიკის" მცველი თემურ ფარცვანიაც.

ჩვენ ყოველდღიურად ვფიქრობთ, უცხოეთში გაზრდილებიდან ვინ ჩამოვიყვანოთ და
გავაძლიეროთ ნაკრები, მაგრამ უფრო მეტი საზრუნავი ის უნდა იყოს, საკუთარი აღზრდილები შევინარჩუნოთ. არადა, ესეც პრობლემაა. სწორედ ამ დროს გაგვახსენდა ერთი უნივერსალი ფეხბურთელი, რომელიც ახლა ნაკრებს ძალიანაც დასჭირდებოდა, მაგრამ ის არსად აღარ ჩანს...

დიახ, იყო დრო, მათე ღვინიანიძე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ქართველ მცველად ითვლებოდა, ახლა კი ეროვნულ გუნდში დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული დაბალი კონკურენციის გამოც შეეძლო გუნდში ადგილის დამკვიდრება, და არა მხოლოდ მარჯვნივ, არამედ, დაცვის ცენტრშიც.

ქართველმა გულშემატკივარმა ის 2005 წელს გაიცნო, როდესაც 17 წლის უცნობი მცველი იური სიომინმა მოსკოვის "ლოკომოტივში" აიყვანა. რუსეთში წასვლამდე ღვინიანიძეს საქართველოს ჩემპიონატში ერთი თამაშიც არ ჰქონდა ჩატარებული. ვახტანგ კოპალეიშვილის აღზრდილი 2003-04 წლებში რეგიონული ლიგის "ნორჩ დინამოელში" თამაშობდა და მოკლედ რომ ვთქვათ, კარიერა ზღაპრულად დაიწყო.

სიომინს ქართველი ძალიან მოეწონა და 5-წლიანი ხელშეკრულებაც გაუფორმა. ის უნივერსალ მცველში მეორე მალხაზ ასათიანს ხედავდა. მაგრამ იური პავლოვიჩი "ლოკომოტივიდან" მალევე წავიდა და რუსეთის ნაკრები ჩაიბარა, მისი შემცვლელი კი ღვინიანიძეს აღარ ათამაშებდა. ქართველმა "რკინიგზელებში" მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და ისიც... დუბლებში.

ამის გამო მან გუნდი დატოვა. მაგრამ მეორე ბუნდესლიგის "მიუნხენი 1860-ში" რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა. მიუნხენელთა იმდროინდელ მწვრთნელ ვალტერ შახნერს ღვინიანიძე მოეწონა და "ლოკომოტივიდან" 100 ათასი ევროს საფასურად აიყვანა. შახნერს სჯეროდა, რომ ქართველი გუნდს გააძლიერებდა. მათეს საქმე კარგად მისდიოდა - 2006-2010 წლებში "მიუნხენ 1860-ის" მაისურა 87-ჯერ მოირგო.

ბოლოს მას გერმანიაში ჩავარდნა ჰქონდა და 2011 წელს უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ "სევასტოპოლში" ჩაირიცხა. იქ ღვინიანიძეს "მეორე სუნთქვა" გაეხსნა, "დაღვინდა" და თავისი სიტყვა თქვა, რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

იყო საქართველოს 21-წლამდელთა (12 მატჩი) ნაკრების წევრი, ბოლოს კი გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურითაც გაჰყავდა. 2006 წლიდან მას ეროვნულ გუნდშიც იწვევდნენ (სულ 8 მატჩი). ბოლოს თემურ ქეცბაიამ მიიწვია 2014 წლის 15 ოქტომბერს, როცა ალბასეტეში ესპანეთმა გვიმასპინძლა და იქ მატჩის განაცხადში მოხვდა.

მაგრამ 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმი მიიტაცა, "სევასტოპოლმა" უკრაინის პრემიერლიგა დატოვა და მათე ჯერ უგუნდოდ დარჩა. მას მერე მის კვალს ვერ მივაგენით.

ღვინიანიძე ახლა 29 წლისაა. ვერაფერი გვითხრეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმაც...

სამწუხაროა, რომ ასეთივე ბედი კიდევ ბევრმა ნიჭიერმა მოთამაშემ გაიზიარა, ნაცვლად იმისა, რომ მოედანზე კარგი თამაშით გავეხარებინეთ - ფარნა კუსრაშვილი, გიორგი ელბაქიძე, მირზა ბჟალავა, დავით მჭედლიშვილი, ზურაბ გვაძაბია, ბექა გოცირიძე... ტრავმებმა გააჩერეს რატი წინამძღვრიშვილი, რეზო ბარაბაძე, გიორგი ხიდეშელი, გულვერდ თომაშვილი...

საქართველოს კი ამდენი ფეხბურთელის დაკარგვის ფუფუნება არ აქვს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნუ ედზებტ აქვე გყავტ მაგრამ არ გინდატ დანახვა სულ გვარებზე და ნაცნობებზე აწყობტ ფეხბურტც და რაგაც ახალს იგონებტ ახლა ედზებტ ვიგაც გოგიას ასეტი დონის ბიჯები უამრავია საქარტველოსჰი მაგრამხო იციტ სჰინაურ მგვდელს სჰენდობა არ ააქვსო
zvio
01:43 21-11-2016
0
ყველაზე მაგარი მაქედან ნოდარ დევიძე იყო ვინმეს თუ გახსოვთ, ტრამვის გამო ვეგარ ითამაშაა
dinamo
10:42 21-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული