ლეგიონის უქმეები: ნიკა კაჭარავას დუბლი, შოთა არველაძის უმძიმესი საღამო [VIDEO]

AutoSharing Option
უქმეებზე ქართველებმა ხუთი გოლი გაიტანეს. კვიპროსიდან ისევ შეგვახსენა თავი ნიკა კაჭარავამ, რომელმაც დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია "სევილია ატლეტიკოში" გიორგი აბურჯანიას დებიუტი და გიორგი გოროზიას "სტაბეკის" ელიტაში დარჩენა.

იტალია. სერია A.
თვეზე მეტი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ლევან მჭედლიძე, რომლის "ემპოლიც" უმნიშვნელოვანეს მატჩში სტუმრად "სასუოლოსთან" 0:3 დამარცხდა. ჩვენებური მოედანზე 58-ე წუთზე (უკვე 0:3-ზე) შევიდა.

ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიო" შინ "ლივორნოსთან" დამარცხდა - 0:1. ჩვენებურმა წინა ტურში ტრავმა მიიღო, გამოჯანმრთელდა, სათადარიგოთა შორისაც იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია.

გერმანია. ბუნდესლიგა.
ლუკას ჰუფნაგელი
ტრავმირებულია, მისი "ფრაიბურგი" სტუმრად "ლევერკუზენს" დაუზავდა - 1:1.

გერმანია. II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას "დინამომ" "მიუნხენთან" 0:1 წააგო. ჩვენებურმა სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა. "შპორტალმა" გოგიას 3 ბალი დაუწერა, რაც საშუალო შეფასებაა, თუმცა დრეზდენელთა რიგებში მის მსგავსად მხოლოდ ერთი ფეხბურთელის თამაში შეაფასეს, დანარჩენებს კი უარესი ქულები დაუწერეს.

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
ძალიან დიდხანს ველოდით გიორგი აბურჯანიას დებიუტს "სევილიას" დუბლებში და, როგორც იქნა, ის შედგა - აბურჯანია ბოლოს მინდორზე 6 თვის წინათ, ესპანეთის ნაკრებთან მატჩში ვნახეთ "ხეტაფეს" სტადიონზე და ბედის ირონიით, მისი დაბრუნებაც "კოლისეუმზე" შედგა - "ხეტაფემ" 2:0 მოუგო "სევილია ატლეტიკოს". ჩვენებური 75-ე წუთზე შევიდა და ორ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.

ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" სტუმრად "ოვიედოსთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი მცველი განაცხადში არ ყოფილა.

საფრანგეთი. თასი.
ჯაბა კანკავას "რეიმსმა" სტუმრად 7:0 მოუგო "ვილენუევს" და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშემ" 3:1 აჯობა მადეირას "ნასიონალს" და ბოლო ადგილიდან წინ რამდენიმე საფეხურით გადაიწია. ქართველმა გოლკიპერმა გოლი 11-მეტრიანი დარტყმით გაუშვა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძის (90 წთ) "ჟილ ვისენტე" სტუმრად 0:1 დამარცხდა "კოვა დე პიედადესთან".

ჰოლანდია. ერედივიზიე.
როგორც იქნა, დაასრულა მოუგებელი სერია "ვიტესმა", რომელმაც შინ "ზვოლეს" სძლია - 3:1. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

ბელგია. პროქსიმუს ლიგა.
ლევან შენგელიას (არ უთამაშია) "ტუბიცე" შინ "ლეუვენთან" დამარცხდა - 0:2.

საბერძნეთი. სუპერლიგა.
"ვერია" "პანეთოლიკოსს" დაუზავდა - 1:1. გიორგი ნავალოვსკი განაცხადში არ ყოფილა.

რუსეთი. პრემიერლიგა.
გიორგი ჭანტურიას (ტრავმა) "ურალი" მოსკოვში ცსკა-სთან განადგურდა - 0:4.

უკრაინა. პრემიერლიგა.
სანდრო კობახიძის "ვორსკლა" შინ კიევის "დინამოს" დაუზავდა - 2:2. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

"ჩერნომორეცმა" "ვოლინს" ვერ მოუგო - 0:0. ოდესელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ, რომელიც გააფრთხილეს.

ჯაბა ლიპარტიას "ზორია" შინ 2:3 დამარცხდა "დნიპროსთან". ჩვენებური 25-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

უკრაინია. დუბლები.
"შახტარის" დუბლებმა 3:0 მოუგეს "სტალს". გიორგი არაბიძე 92-ე წუთზე შეცვალეს. მან 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და თავადვე ზუსტად შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
ვაკო ყაზაიშვილისა და გიორგი მერებაშვილის გუნდების დუელში (2:2) ქართველთა დაპირისპირება არ შედგა. ვაკო მხოლოდ 84-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მერებაშვილი განაცხადში არ ყოფილა.

ლაშა დვალის "შლიონსკი" 1:1 დაუზავდა "პოგონს". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

ნიკა ძალამიძე 79-ე წუთზე გამოჩნდა "ლენჩნას" შემადგენლობაში, რომელმაც სტუმრად "კრაკოვიასთან" 1:1 ითამაშა. "ლენჩნა" კვლავ უკანასკნელ ადგილზეა.

ავსტრია. ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" 1:0 დაამარცხა "ზანკტ პოლტენი". ჩვენებური 65-ე წუთზე შეცვალეს.

ჩეხეთი. ლიგა 1.
ლევან ყენიას (ამ სეზონში ტრავმის გამო საერთოდ არ უთამაშია) "სლავიამ" სტუმრად "ზლინი" 4:0 გაანადგურა.

ზურაბ ცისკარიძეს არ უთამაშია "ტეპლიცეს" შემადგენლობაში, რომელიც პრაღაში "სპარტასთან" 1:2 დამარცხდა.

ნორვეგია. ტიპელიგენი. პლეი აუტი.
ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო გიორგი გოროზიას "სტაბეკმა", რომელმაც პლეი აუტში 2:0 აჯობა "იერვს" და რადგან პირველი მატჩი 0:1 ჰქონდა წაგებული, ელიტაში დარჩა. გოროზია სათადარიგო იყო.

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის (90 წთ) "დიოშდიორი" სტუმრად "ვაშაშთან" დამარცხდა - 0:3.

ისრაელი. ლიგატ ჰა'ალი.
შოთა არველაძის "მაკაბი" შინ 0:0 დაუზავდა აუტსაიდერ "აშკელონს".

"ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის ერთ-ერთი უმძიმესი საღამო იყო. აქ ვიქნები, ვიდრე კლუბის ხელმძღვანელობა არ მეტყვის, რომ გათავისუფლებული ვარ", - განაცხადა არველაძემ მატჩის მერე.

კვიპროსი. I დივიზიონი.
კვიპროსზე კვლავ შეგვახსენა თავი ნიკა კაჭარავამ, რომელმაც "არისთან" დუბლი შეასრულა, "ახნასმა" კი მისი გოლების წყალობით 2:0 იმარჯვა. მატჩის გმირი მოედნიდან 84-ე წუთზე გაიყვანეს, ნიკა ყიფიანი 76-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ილურიძე 66-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა გამარჯვებულთა რიგებში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ირაკლი მაისურაძე სათადარიგო იყო, მისი "ერმისი" კი შინ აელ-თან დამარცხდა - 0:1.

აზერბაიჯანი. თასი.
ზაურ სვანაძის "ინტერი" იოლად გავიდა მეოთხედფინალში. ბაქოელებმა "ლოკბატანს" 5:1 მოუგეს. გამარჯვებულთა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურაბ ხიზანიშვილი.

გაუჭირდა ნიკა კვეკვესკირის "გაბალას", რომელმაც "ზაქათალასთან" 2:2 ითამაშა და მეტოქეს მხოლოდ პენალტების სერიაში აჯობა. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო.

დავით ჯანელიძე აზალ-ის შემადგენლობაში შეცვლაზე შევიდა და მე-80 და 85-ე წუთებზე გოლები გაიტანა. ქართველის გუნდმა 4:0 აჯობა "რავანს" და ასევე მეოთხედფინალშია.

კვეკვესკირის გუნდი ჯანელიძისა და კვირტიას აზალ-ს ხვდება, ხოლო სვანაძის "ინტერის" მეტოქე მეოთხედფინალში "ქიაფაზია".

სომხეთი. პრემიერლიგა.
სომხეთში ერთი ლეგიონერით ნაკლები გვყავს - "განძასარის" რიგები დატოვა გოგიტა გოგატიშვილმა. მასთან კონტრაქტი გაწყდა. ამ სეზონში ქართველმა 13 თამაშში 1 გოლი გაიტანა. სულ კი "განძასარის" მაისურით ორ სეზონში ჩვენებურმა 4 გოლი გაიტანა ჩემპიონატში.

ირაკლი კვეკვესკირის (90 წთ) "ალაშკერტი" შინ "პიუნიკს" დაუზავდა - 0:0.

დღეს
დანიაში დავით სხირტლაძის "სილკებორგი" "სონდერისკეს" მასპინძლობს.

ჩვენთვის საინტერესო ორი მატჩია რუსეთის პრემიერლიგაში - თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვს" დაუხვდება, ხოლო ჯანო ანანიძის "სპარტაკი" საბა კვირკველიას "რუბინს" მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სტატიის ავტორო იქნებ დაწერო კანკავამ რამდენი წუთი ითამაშა რეიმსის შემადგენლობაში.
georgian
17:58 05-12-2016
0
ეს კაჭარავა აყლაყუდა კი არის მაგრამ სისწრაფე აქ. ყოველ შემთხვევაში ამ იქაურ მცველებს ჯობნის. უნდა სცადონ ნაკრებში უკეთესი მაინც არავინ ჩანს
nika
16:41 05-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული