"მომეჩვენა, რომ ისინი ჩვენზე, ჩვეულებრივ ადამიანებზე, ერთი თავით მაღლა იდგნენ"

AutoSharing Option
29 წლის ჯაბა ლიპარტიას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა ლუგანსკის "ზორიას" შემადგენლობაში. ის შესანიშნავად თამაშობს უკრაინის ჩემპიონატში, სადაც მის გუნდს ამ მომენტისთვის მესამე ადგილი უჭირავს.

გარდა ამისა, "ზორიამ" ძალა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც მოსინჯა, სადაც თვით "მანჩესტერ იუნაიტედს" შეერკინა და შემთხვევითი არ იყო, რომ ლიპარტიას ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებშიც უხმო.

"ზორიას" შემტევი ახლა თბილისშია და, ცახდია, მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით...

- ჯაბა, თავდაპირველად შეაფასეთ მიმდინარე სეზონის გასული ნაწილი თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის...
- სეზონის პირველი ნაწილი ძალიან კარგი და ბევრისმომცემი იყო
როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად "ზორიასთვის". სხვა თუ არაფერი, გუნდმა ევროპალიგაზე ითამაშა. მართალია, ჯგუფური ეტაპი ვერ დავძლიეთ, მაგრამ ეს მაინც დიდი გამოცდილება იყო ჩვენთვის...

რაც შეეხება უკრაინის ჩემპიონატს, ამ დროისთვის მხოლოდ "შახტარს" და კიევის "დინამოს" ჩამოვრჩებით. რა თქმა უნდა, ეს ცუდი შედეგი არ არის, პირიქით...

- იყო შანსი, კიევის "დინამოზე" უკეთეს პოზიციაში რომ ყოფილიყავით?
- შანსი ნამდვილად იყო. რამდენიმე დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, მათ შორის - საკუთარ მოედანზეც. რომ არა ეს ჩავარდნები, ვფიქრობ, შეიძლებოდა, მეორე ადგილზეც ვყოფილიყავით.

- ომმა უკრაინის ჩემპიონატის დონე დააქვეითაო, ამბობენ. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- "შახტარი" და კიევის "დინამო" ძალიან ძლიერი გუნდები არიან. არ შეიძლებოდა, ომს გავლენა არ მოეხდინა ჩემპიონატის დონეზე და ის მცირედით მაინც დაეცა. საშუალო დონის გუნდი გაცილებით მეტი იყო უკრაინის ჩემპიონატში, ვიდრე ახლა არის. არიან გუნდები, რომელთა დამარცხებაც ხშირად არ წარმოადგენს პრობლემას.

- რა მოგცათ ევროპალიგაზე ასპარეზობამ?
- შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ფეხბურთელი, მნიშვნელოვნად გავიზარდე. შეიძლება ისე დასრულდეს ფეხბურთელის კარიერა, რომ ასეთ ტურნირზე საერთოდ ვერ ითამაშოს. ეს სულ სხვა სამყაროა. ოღონდ, საწყენია, რომ ჯგუფიდან ვერ გავედით. თუნდაც ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში რად ღირს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია"...

- ზლატანი როგორია მინდორზე?
- ცოტა ხატოვნად რომ ვთქვა, მომეჩვენა, რომ ისინი ჩვენზე, ჩვეულებრივ ადამიანებზე, ერთი თავით მაღლა იდგნენ (იცინის).

- ვიცით, რომ რამდენიმე კლუბისთვის საინტერესო ფეხბურთელი ხართ. რას აპირებთ, რჩებით "ზორიაში"?
- მართალი ხართ, არის რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ახლა გუნდის გამოცვლაზე არ ვფიქრობ. სეზონის ბოლომდე მაქვს კლუბთან კონტრაქტი და მოვა დრო, დავფიქრდები, კარგად ავწონ-დავწონი ყველაფერს...

- კარგად შეეჩვიეთ "ზორიას"...
- დიახ, და რომ არა ეს, კარგა ხნის წასული ვიქნებოდი გუნდიდან. მქონდა კონკრეტული შეთავაზებები. "ზორია" ჩემთვის მეორე სახლივითაა. ვგრძნობ, საჭირო ფეხბურთელი ვარ გუნდისთვის.

- უკრაინაში არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. თქვენი აზრით, ვის შეუძლია, სარგებლობა მოუტანოს საქართველოს ნაკრებს?
- პირველ რიგში, თემურ ფარცვანიას დავასახელებდი. ძალიან კარგი ფეხბურთელია, დიდი გამოცდილებით. მინდორზე ვნახე კიევის "დინამოს" მცველი ზურაბ ოჩიგავა. ისიც ძალიან კარგი მოთამაშეა. ვკითხე, ქართული თუ იცი-მეთქი და, ცოტა-ცოტაო...

- საქართველოს ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდით...
- ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ნაკრებში პირველად გამომიძახეს. მართალია, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ნაკრებში პირველად მიხმეს, მაგრამ ადაპტაცია არ გამჭირვებია. ალბათ, იმიტომაც, იქ ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს...

ალეკო კაკაურიძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხო ჯაბა ჩემო კარგო, მაგათი არაადამიანობაც იმაშია რომ შრომით და ვარჯიშით თავს იკლავენ და ყველა ჭღრ-პღრ გუნდში თამაშს არ თანხმდებიან, უდიდესი შორმით და წვალებით აღწევენ ამ ყველაფერ და არა "ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი"-ს დანაძახებით
tbilisuri futboli
19:39 18-12-2016
0
ხო ჯაბა ჩემო კარგო, მაგათი არაადამიანობაც იმაშია რომ შრომით და ვარჯიშით თავს იკლავენ და ყველა ჭღრ-პღრ გუნდში თამაშს არ თანხმდებიან, უდიდესი შორმით და წვალებით აღწევენ ამ ყველაფერ და არა "ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი"-ს დანაძახებით
tbilisuri futboli
19:39 18-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული