ბოლო დროს არველაძის სამწვრთნელო მომავალზე უცხოური მედია ბევრს წერს. არაერთხელ დაიწერა თუნდაც ჰოლანდიურ მედიაში, რომ ჩვენებურის სამსახურით "ალკმაარია" დაინტერესებული, გუნდი, სადაც თავის დროზე შოთა ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო. ამას გარდა, წერენ რუსული "კრასნოდარის" ინტერესზე.
არველაძეს ისრაელში დავუკავშირდით. გადატვირთული გრაფიკის
- მას შემდეგ, რაც "მაკაბი" ჩაიბარეთ, არ გვისაუბრია. ზოგადად, რამდენად კმაყოფილი ხართ იმ სამუშაოთი, რომელსაც ასრულებთ და რას იტყვით "მაკაბიზე"?
- მხოლოდ და მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი როგორც მწვრთნელების, ისე ფეხბურთელებისთვის, რათა "მაკაბიმ" მხოლოდ მაღალი მიზნები დაისახოს და წარმატებას მიაღწიოს.
"მაკაბიმ" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ არც ევროპალიგაზე გვითამაშია ცუდად. საბოლოოდ სულ ცოტა დაგვაკლდა ჯგუფური ეტაპის დაძლევამდე. არადა, ამის ძალიან რეალური შანსი იყო, დასანანი თამაშები ვერ მოვიგეთ, თუნდაც იმავე "ზენიტთან"...
ისრაელის ჩემპიონატიც კარგად დავიწყეთ. ბოლო თვე-ნახევარში ცოტა აგვერია საქმეები. ბევრი დასანანი ქულა დავკარგეთ და ახლა მეორე ადგილზე ვართ, ლიდერს 9 ქულით ჩამოვრჩებით. ბოლო თამაშები ჩაგვივარდა. იმედია, მალე დავძლევთ ამ უიღბლო პერიოდს და ძველებურად ავთამაშდებით. ვაგრძელებ მუშაობას ჩვეულებრივად, დიდი ოპტიმიზმით. ჩავარდნა იმიტომ არის, რომ მისგან დასკვნები გამოიტანო.
- კლუბთან კონტრაქტი როდემდე გაქვთ?
- კონტრაქტი არ არის პრობლემა. კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები ბოლომდე ჩემ გვერდით არიან. ვაგრძელებ მუშაობას ჩვეულებრივად, მაგრამ ხომ იცით, მწვრთნელისთვის მთავარი სწორედ შედეგია. ასე იყო და ასე იქნება სულ. მოკლე ხანში უნდა გავაუმჯობესოთ შედეგი.
- თქვენ გსურთ "მაკაბიში" დარჩენა?
- კი, ძალიან მინდა. აქ ყველანაირი პირობაა მუშაობისთვის. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. წეღანაც ვთქვი, მწვრთნელის მუშაობაში მთავარია შედეგი. კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ბოლომდე ვგრძნობ გვერდში დგომას.
- ვუყურებთ "მაკაბის" მატჩებს და გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ბოლო დროს იღბალი სულ თქვენ წინააღმდეგაა...
- ამდენი ხანია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ არ მინახავს. ისეთი ბურთები ვერ გაგვაქვს, არ ვიცი, რა... ასპროცენტიანი გასატანი რომ ჰქვია, ისეთი. თუნდაც, ბოლო თამაში ავიღოთ, რომელიც ფრედ ვითამაშეთ... მერე ეს წარუმატებელი სერიაც მთლად კარგად ვერ მოქმედებს ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე...
რა გითხრათ, ბევრს ვმუშაობთ და გვჯერა, ყველაფერი გამოსწორდება.
- ბოლო დროს ძალიან ბევრი იწერება თქვენით დაინტერესებულ კლუბებზე, მაგალითად, "ალკმაარსა" და "კრასნოდარზე"...
- ახლა ჩემგან ძალიან უხერხული იქნება ამ თემაზე ლაპარაკი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა გუნდს და მათ ინტერესს, მაგრამ დღეს "მაკაბის" მთავარი მწვრთნელი ვარ, ვმუშაობ ამ გუნდში და, შესაბამისად, მხოლოდ ამ გუნდზე ვარ კონცენტრირებული.
- ისრაელის ჩემპიონობისთვის, ალბათ, ბოლომდე აპირებთ ბრძოლას...
- 9 ქულით ჩამოვრჩებით ლიდერს და სულ ცოტა გამართლება რომ ყოფილიყო, მხოლოდ 3 ქულა იქნებოდა ჩამორჩენა. 3 ქულა კი არაფერია - ერთ თამაშს მოიგებ, მეტოქე წაიფორხილებს და ეგაა. აქ იმიტომ ვარ, რომ არაფერი დავთმოთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. "მაკაბის" შეუძლია ჩემპიონობა. სწორედ ესაა გუნდის მიზანი.
- ფაქტია, ისრაელის ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ გვარიანი დროა დარჩენილი...
- უნდა ჩამთავრდეს მეორე წრე. მერე ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყოფიან გუნდები. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ სამჯერ მოგვიწევს ჩვენს უშუალო კონკურენტებთან შეხვედრა, მათ შორის - ლიდერ "ბეერ შევასთან". დრო საკმარისად არის. მთავარია, უაზრო ქულები აღარ დავკარგოთ. ბრძოლის ჟინით ვართ სავსე. ჩემპიონატის ბოლომდე ჯერ გრძელი გზაა და შეგვიძლია სიტუაციის საჩვენოდ შეცვლა.
- ზოგადად როგორ დაახასიათებდით ისრაელის ჩემპიონატს?
- ტექნიკური ჩემპიონატია ძალიან. სამხრეთელები არიან, უყვართ ტექნიკური ფეხბურთი, ხშირად სანახაობრივი თამაშები გამოდის ხოლმე. ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, თითქმის ყველა გუნდში არიან ასეთი სწრაფები და ტექნიკური ფეხბურთელები. ჩვენ წინააღმდეგ თითქმის ყველა გუნდი გამოკვეთილად დაცვით ფეხბურთს ირჩევს. რა თქმა უნდა, ძნელია, როცა შენი მოწინააღმდეგე მთელი გუნდით იცავს თავს, მაგრამ რას ვიზამთ?! ასეთია რეალობა და დამატებით უნდა ვიმუშაოთ მასირებული დაცვის გარღვევაზე.
მოკლედ, ძალიან კარგი ჩემპიონატია - სამხრეთული, ტექნიკური ფეხბურთით. კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი.
- ზამთარში "მაკაბი" გაძლიერებას თუ აპირებს?
- ნამდვილად ვაპირებთ გაძლიერებას. გვაქვს გეგმები და ვიმუშავებთ მათ განხორციელებაზე. კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ "მაკაბიმ" მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.
- რომელიმე ქართველი ფეხბურთელის დამატებას ხომ არ აპირებთ?
- არა, არ ვაპირებთ ქართველი ფეხბურთელების დამატებას. ამ ეტაპზე ეს თემა არ განიხილება.
- ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობას სირიის კონფლიქტიც დაემატა. იგრძნობა ქვეყანაში "დენთის სუნი"?
- სირია აგერ არის, ყურის ძირში. ამის მიუხედავად, არანაირად არ იგრძნობა დაძაბულობა. ისრაელი ჩვეულებრივ რიტმში ცხოვრობს. ძალიან კარგად შევეჩვიე ამ ქვეყანას. ფეხბურთი აქ უზომოდ უყვართ. ჩემპიონატის მატჩებს მაყურებელი არასოდეს აკლია. მოკლედ, არანაირი დაძაბულობა არ არის, ხალხი ჩვეულებრივი რიტმით ცხოვრობს.
- "მაკაბი" საშინაო მატჩებს საკუთარ სტადიონზე ვერ ატარებს. ალბათ, ეს საქმეს არ გიადვილებთ...
- მართლაც რთულია. ჩვენს სტადიონს უტარდება ძირეული რეკონსტრუქცია და ყველას ძალიან კარგად გვესმის ამ მოვლენის მნიშვნელობა. ეს ისევ და ისევ კლუბის უკეთესი მომავლისთვის კეთდება. სანამ ახალი სტადიონი გვექნება, მანამდე საშინაო თამაშებს ნეთანიას ახალ, შესანიშნავ სტადიონზე ვთამაშობთ. ძალიან კარგი სტადიონია, მაგრამ მაინც არაა ის ატმოსფერო, რაც ჩვენს სტადიონზე იქნებოდა. ისე გამოდის, რომ ყველა თამაშს გასვლაზე ვთამაშობთ.
- თქვენმა გუნდმა ურიგოდ არ ითამაშა ევროპალიგაზე. რა დააკლდა მას წარმატების მისაღწევად? გამოცდილება?
- ზუსტად არ ვიცი, ეს გამოცდილება იყო თუ ცოტა სხვა რამ. მოგებული თამაში წავაგეთ "ზენიტთან". თუნდაც, ირლანდიაში მარცხი ავიღოთ, "დანდალკთან". მანამდე სანკტ-პეტერბურგში წავაგეთ. როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად გაგვიჭირდა, თორემ ირლანდიაში არამც და არამც არ უნდა წაგვეგო. ზოგადად, რა თქმა უნდა, დიდი გამოცდილებაა ისეთ წარმომადგენლობით ევროტურნირზე თამაში, როგორიცაა ევროპალიგა.
- ისრაელში მცხოვრები ქართველები თუ ამხნევებენ "მაკაბის"?
- კი, მოდიან თამაშებზე, გვამხნევებენ და ამისთვის მადლობას ვუხდი მას. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ბოლომდე გვიდგანან გვერდში და ჩვენი სჯერათ.
- რამდენად გრძელვადიანი პროექტი აქვს "მაკაბის" ხელმძღვანელობას?
- სერიოზული გეგმები აქვს კლუბს და ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მთავარია, ეს ჩავარდნა გადავაგოროთ. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი მეც და ფეხბურთელებიც. ყველა მწვრთნელისა და გუნდის ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გინდა. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, სწორ გზაზე ვდგავართ. საქმისადმი მიდგომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"