არ ვამბობ, რომ დანი ალვეში ვარ, მაგრამ... გიორგი ასრიაშვილის თავგადასავალი

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ასრიაშვილი და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მწვრთნელი კარლოს დუნგა
უცნაური შემთხვევაა: ქართველი მცველი გიორგი ასრიაშვილი 4 წელი ბრაზილიურ საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა, პორტუგალიაში თამაშობდა და ახლა, დროებით, საქართველოში სათამაშო პრაქტიკაზე ფიქრობს...

"წარმოშობით ქართველი ვარ, მამა ახლაც თბილისში ცხოვრობს. დედა კი რუსია და მეც სანკტ-პეტერბურგში გავიზარდე. "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში ვვარჯიშობდი, მერე ვთამაშობდი "ლოკომოტივ-პრიმორსკში" და "ზენიტის" ჭაბუკთა გუნდში. მაგრამ მწვრთნელმა მიმახვედრა, რომ ჩემზე დაყრდნობას არ აპირებდა და სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი, ბრაზილიაში როგორ მოვხვედრილიყავი და საბოლოოდ, ეს მოვახერხე კიდეც. თამამად
ვიტყვი, რომ ბრაზილიაში 4 დაუვიწყარი წელიწადი გავატარე", - ამბობს გიორგი ასრიაშვილი.

ის სამხრეთ ამერიკაში გატარებულ პერიოდს იხსენებს:

"18 წლის ვიყავი, ოსკარ ბერნარდის მიერ გახსნილ საფეხბურთო აკადემიაში რომ გამსინჯეს და ჩამრიცხეს. ბერნარდი ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე და მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მონაწილე გახლავთ. ამერიკაში ფეხბურთის განვითარება რომ დაიწყეს, "ნიუ იორკ კოსმოსში" ბეკენბაუერთან და ნეესკენსთან ერთად თამაშობდა. სან პაულოდან 100კმ-ში, ქალაქ აგუს დელინდოიაში მაღალი დონის საფეხბურთო აკადემია და სასტუმროა, სადაც ფეხბურთელები და სტუმარი გუნდები ვცხოვრობდით.

მთავარი ის არის, რომ იქ მაღალ დონეზე გვავარჯიშებდნენ და კლუბ "ბრაზილისში" ვთამაშობდით. მაგრამ უცნაური ისაა, რომ ეს გუნდი ოფიციალურ ტურნირებში არ მონაწილეობს, მხოლოდ საკონტროლო შეხვედრებს ატარებს ბრაზილიურ და ევროპულ კლუბებთან. ერთხელ რივალდოსა და ლუკასის "სან პაულოს" შევხვდით, მაგრამ 0:6 წავაგეთ.

თამამად ვიტყვი, რომ თავს რუსული ფეხბურთის აღზრდილად არ მივიჩნევ. ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი ვისწავლე და საკმაოდ გავიზარდე. თავად ბერნარდი ძალიან უბრალო ადამიანია. მას ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა. ერთხელ ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კარეკა გამაცნო. იცით, განსხვავება რა არის? იქ მწვრთნელი შენი მეგობარია, რუსეთში კი ლამის - მტერი".

24 წლის ფეხბურთელი 2016 წელს პორტუგალიის რანგით მესამე ლიგის კლუბ "ეშმორიშში" თამაშობდა:

"მარჯვენა მცველი ვარ, ჩემს პლუსად დიდ სისწრაფესა და ამტანობას მიიჩნევენ. ბრაზილიაში გაზომეს, რომ 34,74 კმ/სთ-ში სისწრაფით დავრბოდი. ბრაზილიაში ყოფნისას, ჩემით პორტუგალიელი მენეჯერი დაინტერესდა და ამ ქვეყნის მე-3 ლიგის "ალბაში" წამიყვანა. მაგრამ იქ მწვრთნელთან ურთიერთობა ვერ ამეწყო და "ეშმორიშში" გადავედი, სადაც ბოლო ორი სეზონი ვითამაშე, 2016 წელს თითქმის ყველა მატჩი ჩავატარე.

კარგად მახსოვს, რუსეთში შესვენებაზე რომ წავედი და პირველ ლიგაში "ზენიტი 2"-"ტოსნოს" თამაშს დავესწარი, გაოცებული დავრჩი - მეგონა, მაღალი დონის ფეხბურთს ვნახავდი და აღმოჩნდა, რომ პორტუგალიის მე-3 ლიგას არაფრით სჯობდა, ჩემი ყოფილი გუნდი ორივეს მოუგებდა".

ასრიაშვილი ამბობს, რომ დროებით საქართველოში თამაშსაც არ გამორიცხავს:

"პორტუგალიაში მენეჯერთან კონფლიქტი მომივიდა, რის გამოც პრობლემები კლუბთანაც შემექმნა და საბოლოოდ, წამოსვლა მომიხდა. დიდად გული არ დამწყვეტია, რადგან დაბალი ხელფასები იყო, 600-დან 1500 ევრომდე. ამჟამად ახალ კლუბს ვეძებ.

ზაფხულში სომხეთში უნდა წავსულიყავი, მაგრამ გაუგებრობა მოხდა და ვერ მოხერხდა. ახლახან კი ჩეხეთის მესამე ლიგის კლუბში თამაში შემომთავაზეს.

საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბიდან დაინტერესება თუ იქნება, რატომაც არა, ჩამოვალ და ვითამაშებ - საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე ლეგენდებს არ ვყვები, არ ვამბობ, რომ დანი ალვეში ვარ, მაგრამ ძალებს მოვსინჯავ, იქნებ, რომელიმე გუნდს გამოვადგე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ერთობა?? ესეთ ჭ კლასს სად მიაგენით? ჩვენები პოლონეთის ლიტვის და კვიპროსის უმაღლეს ლიგებში რომ მიდიან იმათ ემდურით ხოლმე და ეს კაცი ისეთ გუნდში გაიზარდა რომელიც არც ერთ ჩემპიონატს არ თამაშობდა და მარტო ამხანაგურებში იღებდა მონაწილეობას იმასთან ვისაც ეცალა და ისიც უბანში
0
"მარჯვენა მცველი ვარ, ჩემს პლუსად დიდ სისწრაფესა და ამტანობას მიიჩნევენ. ბრაზილიაში გაზომეს, რომ 34,74 კმ/სთ-ში სისწრაფით დავრბოდი". 34.74 კმ/სთ მეტრ წამებში გადაყვანილი არის 9,65 მ/წმ! ასეთია უსეინ ბოლტის რეკორდი 100 მეტრზე. მიაქციეთ ამ ფეხბურთელს ყურადღება!
არჩილ ხოფერია
23:12 21-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული