როგორც აბიდალი და ხონასი... "გაგრას" მცველი სიმსივნეს გამარჯვების იმედით ებრძვის

AutoSharing Option
როცა სიცოცხლე გიყვარს და გწყურია, როცა ბრძოლის ჟინით ხარ სავსე, ყველაფერს შეძლებ. მათ შორის, იმ სენის დამარცხებასაც, რომლის დამარცხებაც ძალიან რთულია.

24 წლის ნიკა მნათობიშვილი თავისი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ მცველად ითვლება. სხვადასხვა დროს უთამაშია "ზესტაფონში", გორის "დილაში", ბელარუსის "დნეპრში", ამჟამად კი "გაგრას" ღირსებას იცავს.

მნათობიშვილი ახლა ვერაგ სენს ებრძვის და ამ ბრძოლის მთავარი ნაწილი მოგებულია. ახლა ამ სენს ერთად უნდა მივაყენოთ გამანადგურებელი
დარტყმა. ფეხბურთშიც ყოფილა ასეთი მაგალითები - დამარცხებულა ვერაგი სენი და ფეხბურთელი მინდორზე დაბრუნებულა. ყველაზე მეტად, გულშემატკივრებს ერიკ აბიდალისა და ხონას გუტიერესის მაგალითები ემახსოვრება. მათ გადალახეს ავადმყოფობა და მაღალ დონეზე ითამაშეს ფეხბურთი.

ამასვე იმედოვნებს ნიკა მნათობიშვილიც და ჩვენც გვჯერა, რომ ეს სწორედ ასე იქნება...

- ნიკა, თავდაპირველად მოგვიყევით თქვენს საფეხბურთო კარიერაზე...
- ჯერ "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი. ამას მოჰყვა გორის "დილა". იქ ჯერ დუბლებში ვიყავი და მერე უმაღლეს ლიგაში გადამიყვანეს. ამის შემდეგ ბელარუსში ვთამაშობდი - მოგილიოვის "დნეპრში". გუნდი უმაღლეს ლიგაში იყო და ძირითადში სტაბილურად ვთამაშობდი.

ამის მერე დაიწყო უიღბლობის პერიოდი - ტრავმები დამჩემდა და გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. ერთი წლის განმავლობაში კიევში გავდიოდი სარეაბილიტაციო პერიოდს. "გაგრას" პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე ბოლომდე დამიდგა გვერდით და მისი უზომოდ მადლიერი ვარ. ჩავირიცხე "გაგრაში".

ოქტომბრის მერე, რაც კანის სიმსივნე დამიდგინდა, აღარ მითამაშია ფეხბურთი, რომელიც უზომოდ მენატრება. დავდივარ "გაგრას" ვარჯიშებზე, ვუყურებ ბიჭებს და მაქვს დიდი იმედი, რომ დავუბრუნდები ფეხბურთს - ფეხბურთს, რომელიც ჩემი ცხოვრებაა. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

- როგორ დაიწყო ის არასასიამოვნო ისტორია, რამაც დროებით ჩამოგაშორათ მწვანე მინდორს?
- ხელზე უბრალო გამონაყარი მქონდა. ერთი წერტილი დატოვა, პატარა ჭრილობასავით. თერთმეტი თვის განმავლობაში ისე მკურნალობდნენ, როგორც მწერის ნაკბენს. ვიტამინებს ვსვამდი, რაც ასეთ დროს არანაირად არ შეიძლება. მხოლოდ ერთმა ექიმმა დასვა დიდი კითხვის ნიშანი. თქვა - 70 პროცენტით კანის სიმსივნეაო.

თავს ვატყობდი, რომ კარგად ვეღარ ვიყავი. მოედანზეც დამეკარგა ძველებური სტაბილურობა და ვარჯიშების მერე წნევები დამჩემდა. თურქეთში, სტამბოლში წავედი. იქ ძალიან ცნობილი კლინიკაა, საუკეთესოა ევროპაში. ხუთ დღეში დამისვეს კანის სიმსივნის დიაგნოზი.

- ახლა როგორაა საქმე?
- ქიმიოთერაპიას საქართველოში ვიტარებ, ოღონდ - სტამბოლის კლინიკაში დაწერილი პროგრამით. თვის ბოლოს კიდევ უნდა ჩავიდე თურქეთში შემოწმებაზე. ხელი შეხორცდა, მაგრამ სისხლში რა მდგომარეობაა, ეს ზუსტად უნდა გაირკვეეს.

დიდი იმედი მაქვს და მჯერა, მალე, ასე თვე-ნახევარში, შევძლებ და დავუბრუნდები საყვარელ საქმეს. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი - ფეხბურთის გარეშე მე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ეს არის ჩემი საქმე და მოწოდება. ეს არის ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.

- რაღა შორს წავიდეთ, ეს მძიმე ავადმყოფობა ერიკ აბიდალმა და ხონას გუტიერესმა დაამარცხეს...
- ეს მაგალითები ძალას მაძლევს. მე მჯერა - თუ ადამიანი არ დაეცემა მორალურად, ყველა ავადმყოფობაზე გაიმარჯვებს. არ ვიცი, ზუსტად როგორ გითხრათ... იმხელა ძალა ვიპოვე ჩემში, რომ...

- აქტიური საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას მართლა აპირებთ?
- კი, ძალიან მინდა, ისევ ვითამაშო ფეხბურთო. ვითამაშო თუნდაც იმიტომ, რომ ვიღაცისთვის, თუნდაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ვიყო მაგალითი, რომ პატარა ტრავმის, პატარა იმედგაცრუების გამო არ ღირს ფეხბურთზე გულის აცრუება.

ოქტომბრის შემდეგ აღარ მითამაშია. ბოლო დროს შეხვეული ხელით ვთამაშობდი. ალბათ, ავადმყოფობის ბრალია ის, რომ ისე ვერ მოვუმატე ბოლო დროს თამაშს, როგორც მსურდა.

- ცხადია, მკურნალობის პროცესი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული...
- რა თქმა უნდა. 18 ათას ლარამდეა უკვე დანახარჯი, მაგრამ რას იზამ. როცა ჯანმრთელობას ეხება საქმე, ყველაფერს გაყიდი - სახლსაც, მანქანასაც... ქიმიოთერაპიის 70 პროცენტს მთავრობა ანაზღაურებს, მაგრამ ხარჯი მაინც დიდია - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოველ მეორე დღეს მჭირდება სისხლის ანალიზი, რომელიც 25 ლარი ჯდება...

ასეთ დროს უკან ვერაფერზე დაიხევ, რადგან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ბიჭს ანგარიში ექნება უეჭველი ბანკში გახსნილი და ნომერი მიუთითეთ გთხოვთ. სხვათა შორის რამდენადაც ვიცი კანის სიმსივნე სათანადო მკურნალობის პირობებში რამდენიმე წელია 100 პროცენტით განკურნებადია. კომენტარების წერა და კეთილი სურვილები კარგია, მაგრამ მას ეხლა რეალური დახმარება სჭირდება
საქმე კომენტარებთან ერთად
21:50 22-01-2017
0
ღმერთმა გაგაძლიეროს! დარწმუნებული ვარ დაამარცხებ მაგ სენს და ბედნიერი იქნები. უფალი გფარავდეს
გიორგი
01:27 23-01-2017
0

სიახლეები პოპულარული