ბექა გოცირიძე ადრეც დაბრუნდა, მაგრამ ის დაბრუნება ვერ გამოდგა წარმატებული. ყოველთვის ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, თუმცა მე განსაკუთრებით მიყვარს ბედთან შეურიგებელი, მებრძოლი ადამიანები და ძალიან მინ
მე მისი თამაში მახსოვს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის იწყებდა კარიერას და მაშინაც, როცა ძალიან კარგი "ზესტაფონის" ლიდერი იყო. მახსოვს და პირდაპირ უნდა დავწერო, რომ ქართულ ფეხბურთში მისი დარი მოთამაშე ბევრი არც მაშინ იყო და არც ახლა არის.
ადამიანი და შეცდომა ერთმანეთისგან განუყოფელნი არიან. რა თქმა უნდა, კარიერის რაღაც ეტაპზე, უფრო ზუსტად მაშინ, როცა "დნიპროში" გადავიდა, შესაძლოა, გოცირიძემ დაუშვა შეცდომები, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ საკმარისად ძლიერები არ ვართ იმისთვის, რომ ბედისწერა შევცვალოთ. არავინ არის დაზღვეული იმისგან, რაც გოცირიძეს მოუვიდა. პირდაპირ შეგვიძლია დავწეროთ, რომ საშინელმა ავტოავარიამ მისი კარიერა დაანგრია.
ჩემი პირადი აზრია - ჩვენს სანაკრებო წარსულში ბევრი არ ყოფილა ისეთი ლამაზი გოლი, როგორიც გოცირიძემ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს გაუტანა; ან ის, უელსს რომ შეუგდო კარდიფში, ექტორ კუპერის სადებიუტო მატჩში. ყველას გვახსოვს, რა დრო იყო მაშინ - რუსეთთან ნაომარ ქვეყანას პატარა სიხარულიც კი ჰაერივით სჭირდებოდა...
ხოლო ის, თუ რა შეეძლო მინდორზე ჩვენი წერილის გმირს, ცალკე თემაა. მაგალითების გახსენება შეიძლება და მეც ერთს გავიხსენებ - მატჩს, რომლის უშუალო თვითმხილველიც ვარ პატარა და ძალიან ლამაზ უნგრულ ქალაქ დიორში.
"ზესტაფონი" საგარეო ევრომატჩს ატარებდა ადგილობრივ "დიორი ეტოსთან". მართალია, იმ შეხვედრაში გოცირიძეს გოლი არ გაუტანია, მაგრამ პირდაპირ გააწამა უნგრელი მცველები. ეს ტანმორჩილი ფორვარდი იყო ყველგან, სადაც იყო ბურთი და თამაშის დასრულების შემდეგ აკი საგანგებო კომპლიმენტებიც მიიღო უნგრელი მწვრთნელისგან.
რატომ აღარ გაგრძელდა გოცირიძის კარიერა ისე, როგორც უნდა გაგრძელებულიყო? რა თქმა უნდა, თავისი წვლილი ამაში ბედისწერამაც შეიტანა, მაგრამ არის მეორე მომენტიც და ეს მხოლოდ ბექას პრობლემა არ არის, ბევრი ქართველი ფეხბურთელის პრობლემაცაა. ჩემი აზრით, კარიერის კონკრეტულ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც "დნიპროში" მისი ძალიან ძვირად ღირებული ტრანსფერი განხორციელდა, მან ჩათვალა, რომ ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს მიაღწია ფეხბურთში.
ასეთ მიდგომას კი ფეხბურთი ვინმეს ძალიან იშვიათად პატიობს. პირიქით: როცა ზენიტში ხარ, მაშინ უნდა უმატო შრომას, მაშინ უნდა მოსთხოვო კიდევ უფრო მეტი საკუთარ თავს და ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ეს სულაც არ ყოფილა შენი ზღვარი.
დრომ მასწავლა, გადაჭარბებულად არ შევაფასო ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობები, მაგრამ დღემდე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბექა გოცირიძეს ნამდვილად შეეძლო იმაზე მეტი, ვიდრე, თუნდაც, ერთ-ერთი უკრაინული გუნდის ფორვარდობაა. შეეძლო და ვალდებულიც იყო, ქართველი ქომაგი გაეხარებინა, მაგრამ...
მასში შერწყმულია ბავშვური გულუბრყვილობა და ფეხბურთის დიდი სიყვარული. ის მუდამ ახლოსაა გულშემატკივართან და ბევრისგან განსხვავებით, სუფთა საფეხბურთო ტიპაჟია...
მაგრამ ფეხბურთის სიყვარული სულ სხვა თემაა. ფეხბურთი რომ არ უყვარდეს, 28 წლისა კიდევ ერთხელ არ დაბრუნდებოდა. არ დაბრუნდებოდა ბიჭი იმ თაობიდან, რომელსაც მართლაც დიდი სიხარული უნდა მოეტანა ჩვენთვის, მაგრამ... ბევრი სუბიექტური და ცოტა ობიექტური მიზეზების გამო დღეს ამ ბიჭების უმრავლესობის ბუცები ლურსმანზე ჰკიდია და ვინც თამაშობს, ისიც იმ დონეზე ვერა, რასაც ველოდით.
არადა, გოცირიძეს კარიერის ზენიტში მყოფს მოუვიდა ის, რაც მოუვიდა. მერე მე რამდენჯერმე, როგორც საფეხბურთო, ისე არასაფეხბურთო გარემოში, ვნახე ბექა და მის თვალებში სულ ნაღველს ვკითხულობდი. შეიძლება ეს შინაგანი ჯავრი მის ყოველდღიურ ყოფას მაინცდამაინც არ ეტყობოდა, მაგრამ მაინც...
და დღეს მე ძალიან მიხარია იმის გაგება, რომ "გარეჯის" შემადგენლობაში თავდადებული ვარჯიშით მან ათ კილოგრამზე მეტი დაიკლო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აპოლოგეტობას ვერავინ დამწამებს (სადაც მინუსია, იქ პლუსიც უნდა შევამჩნიოთ), მაგრამ ფაქტია - მას შემდეგ, რაც ჩვენი პირველობის ყველა ლიგაში მინიმალური ფინანსები მაინც გაჩნდა, დაბალ ლიგებშიც ვხედავთ საინტერესო ფეხბურთელებს...
ბექას კი წარმატებებს ვუსურვებ! ახლა მე "გარეჯის" თამაშზე ძალიან მეჩქარება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვისაც სადმე გინახავთ ეს ბიჭი დამოუკიდებელ გარემოში გაიგებდით რატომ ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი.
აჭარაბეთის და სხვა სამორინეების მუდმივი სტუმარი, მუდამ წაგებულ ლომკაში, ღამეების თენებით,
შარებით და გაწელილი პიროვნულობით.
პიროვნულობაა დიდი პრობლემა.
რა თქმა უნდა ავარია საშინელება იყო,
მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ქართველების ჩვენი მენტალიტეტია.
ყენიაც კარგად მახსოვს საქალაქო სასამართლოში როგორ იწელებოდა და ტიპობდა, ბოლოს დაცვამ რომ
გაიყვანა და კინაღამ დააპატიმრეს როგორ ტიროდა ფეხბურთელი ვარ მაპატიოეთო.
თავში ავარდნა - როცა არაფერს წარმოადგწნ, აი ჩვენი პრობლემა!
წარმატებები ბექასაც და ლევანსაც, უბრალოდ ფაქტი ფაქტად რჩება, გვყავს ტალანტები, მაგრამ აღარ გვყავს რაინდები,
ფეხბურთს კი რაინდული სულისკვეთება, ბევრი შრომა და უბრალოებაც კი უფრო მეტად სჭირდება ვიდრე ყოყლოჩინობა