[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები

AutoSharing Option
ყველაზე საინტერესო მაინც ამბავია. მოყოლილი, დაწერილი, ნანახი - არ აქვს მნიშვნელობა. "დიდი ქალაქის ჩირაღდნები" ხომ გახსოვთ? მე პატარა ქალაქის ჩირაღდნებზე მოვყვები. ვფიქრობ, ამბავია ესეც - ერთხელ წასაკითხი მაინც...

...პატარები ვიყავით. ჰა და ჰა, "აუტჩიკობისთვის" გვამზადებდნენ და დიდ გუნდს კი გიგა ნორაკიძე წვრთნიდა. ჩვენში რომ იტყოდნენ, ბობრი კაციო, ეგეთი იყო - შალის სპორტული შარვლით, სპორტული ქურთუკით და სიმკაცრით დამამახსოვრდა.

ზურგზე ხელებდაწყობილი მართავდა ვარჯიშებს და ნელი, ასაკოვანი კაცისთვის დამახასიათებელი მოძრაობები ჰქონდა.

ავტორიტეტი იყო. თან მაგარი. მერე და მერე, ფეხბურთს შემორჩენილ "ბებერ ბიჭებს"
- გივი ბაბუნიძეს, ავთო ორდენიძეს, ტარიელ დვალიშვილს რომ შემახვედრა საქმემ და ცხოვრებამ, სულ მაშინდელზე მინდოდა ლაპარაკი.

ფეხბურთში ხომ ასეა - შენი პატარა ქალაქის გუნდიდან იწყება თამაშიც და ყველაფერიც. განა, "დინამოს" სიყვარული გვესწავლებოდა. რა სალაპარაკოა... "დინამოს" ფასიც ვიცოდით და ყიფიანი-მაჩაიძე-გუცაევი-ჩივაძე-შენგელია-სულაქველიძე-ხინჩაგაშვილისაც... გოგია და მინაშვილი სულაც ჩვენები იყვნენ და მათ გარდა, მეკარე ნოდარ მესხია, "ნეფთჩისთან" თბილისური 1:2 რომ ექცა განაჩენად.

კიდევ ის ავბედითი და ცივი 2 თებერვალი მახსოვს, ქუთაისში მემორიალი რომ ააფეთქეს და დედა-შვილი იმსხვერპლეს. ავტოქარხნის საავადმყოფოში პირად საწუხარზე მისულს, ფარდით რამდენიმე ადგილად გატიხრულ "რეანიმაციაში" სიკვდილთან მებრძოლი დევიზ დარჯანია დამხვდა - ჩვენი, ადგილობრივი მასშტაბის კერპი.

რა დამავიწყებს, სპორტსკოლაში ვარჯიშისას, მოსვენებას არ მაძლევდა დარჯანიასეული წითელი მაისურა, დიდი, შავი "ათიანით" ზურგზე და მოგვიანებით, მომიტანა კიდეც "კახელომ" (ჯუნო ელაშვილმა) ზუსტად ისეთი...

რა ვიცი... ალბათ, ცოტა გვყოფნიდა... არასოდეს დამვიწყებია და დამავიწყდება ეს "ცოტა"...

კიდევ "დუჩია" გვყავდა, დურმიშხან თვალაბეიშვილი, ასევე ადგილობრივი მასშტაბის ბომბარდირი - თითო-ოროლა გოლი ნორმად ჰქონდა თამაშში. ერთხელ ვარჯიშზე დააგვიანა და ბატონმა გიგამ უცნაურად დასაჯა - ჩვენთან, ბავშვებთან უბუცოდ ვარჯიში აიძულა...

კარგად მახსოვს ფირუზ კანთელაძის ჩამოსვლა კარიერის ბოლოს. სტადიონთან ახლოს კაფე "ლელა" იყო: საბჭოური კაკაო-ფუნთუშებითა და რძე-მაწვნის ბოთლებით.

ვიდექით და ვუყურებდით, ნამატჩევს როგორ დაცლიდა ხოლმე ორ ბოთლ მაწონს... თითქმის არც უჩანდა ხელში ის ბოთლები.

მერე და მერე, საბჭოეთი რომ აღარ იყო, ფეხბურთიც სხვანაირი გახდა თითქოს. მამამ ძალიან პატარა, 3 წლისა მიმიყვანა სტადიონზე და ის, ჩვენი პატარა ქალაქის ფეხბურთი რაღაცნაირად სუნით აღვიქვი. ან დავიმახსოვრე - არ ვიცი დღემდე.

მერე, როცა დიდი გუნდების მატჩების შესვენებისას, "აუტჩიკებს" მინდორზე სათამაშოდ გვიშვებდნენ, სულ ის სუნი მახსენდებოდა.

მეექვსე გრძნობასავითაა რა...

გაქრა. აღარ მახსოვს. ვეღარ ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ გამქრალა. ბევრი დარჩა. დარჩა იმიტომ, რომ ის, ჩემი გუნდი იქაა.

მეტიც - ის, რაც ვერ მოხერხდა ცხონებული ტარიელ ჩაჩუას დროს, მოხერხდა შარშან, გია ცეცაძის მწვრთნელობისას.

სიმბოლურიცაა და სასიამოვნოც - ვინ-ვინ და, "ცეცამ" კარგად იცის ამ პატარა ქალაქის ფასი. ეს მერე გავიგე, მისივე ინტერვიუდან და მანამდე, "ოლიმპის" აკადემიაში, სულ ორჯერ რომ ვისაუბრეთ, სხვა რამეებზე ვლაპარაკობდით - ძიებაში იყო.

გულწრფელად ვამბობ, მაშინ მომეჩვენა, რომ დროს და ქართულ სიტუაციას უსწრებდა და... აგერ, თუ არა.

ის ჩემპიონობა გია ცეცაძის ამბავია. ცოტა ვინმე ვარაუდობდა გარდამავალ სეზონში მისეული გუნდის ჩემპიონობას, მაგრამ მიჰყვა, მიჰყვა და გაიმარჯვა.

ახლა ფეხბურთელების ჯერია. კი, მართალია, ნახევარ საქართველოს უცხოეთში გასვლა უნდა, მაგრამ ეგებ, მოასწროს რომელიმე მოთამაშემ თავისი ამბის მოყოლაც...

ჩვენი პატარა ქალაქი კი ცხოვრობს. მერე რა, რომ მთლად ძველებურად ვერა. მაინც ბევრი რამ დარჩა ისეთი, რომელიც ადრინდელს გაგახსენებს.

ხალხი - პირველ რიგში. მეტი საწუხარით, მაგრამ მაინც იმედიანი და რიხიანი. გულიანი და შავის და თეთრის გამრჩევი.

ხომ ამდენი აღმართ-დაღმართი გამოიარა გუნდმა - მაინც იქ დგანან, სადაც საქმეს და ფეხბურთს სჭირდება.

ვერსად გაივლი, ვინმემ არ გიცნოს, არ შეგეხმიანოს და სიტყვა ფეხბურთზე არ ჩამოაგდოს. რაღაცნაირი სითბო და ზრუნვა მოდის. ასე შვილებზე შეიძლება ლაპარაკობდნენ.

მიშა ფოცხვერიას უჭირს ახლა. საქართველოში ხშირად ხდება ხოლმე ასე - დიდ კაცებს რომ უჭირთ. უხმაუროდ, კაცურად ეხმარებიან. ზოგს მცირე ბიზნესი აქვს, ზოგი გარე მოვაჭრეა, ზოგი იცნობს, ზოგი ნათესავია...

"კობიაშვილიც მიხმარებიაო", - იმედი ემჩნეოდათ.

სიკეთეს მალვა უნდა და არც ამ წერილში გავამხელ იმ კაი კაცებს. სანამ ისინი არიან, სულ იქნება ჩვენს პატარა ქალაქში ფეხბურთი. ან ასე, ან ისე, მაგრამ სულ იქნება.

ახალი სტადიონი უნდა აშენდეს. მაკეტი ავ თვალს არ ენახვება და როცა ის სტადიონი გაჩნდება, მერე ყველაფერზე შეიძლება ფიქრი. ვარსკვლავებზე... ხეივანზე... მუზეუმში მოქცეულ ტრადიციასა და ჯილდოებზე. ისტორია, რომელიც ახლა ასე, ადამიანებში ინახება, საბოლოოდ იქ დაიდებს ბინას და ამბებად დანაწევრდება. ნანახ, გაგონილ, დაწერილ ამბებად.

და ინთებიან ეს ამბები, როგორც... პატარა ქალაქის ჩირაღდნები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
შენ გაგახაროს კოტე ღმერთმა, დიდებული სტატიაა !!!
რამაზ ჩხიკვაძე
16:25 23-03-2017
0
რაღაც სინათლე გამოჩნდა გვირაბის ბოლოს . თითქოს რაღაც შენდება, თითქოს სახელმწიფო ხალხისკენ მობრუნდა, მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ ნელი ტემპით კეთდება და შედეგს ვერ გრძნობს ხალხი. აუცილებელია სიტყვას მალევე მოყვეს საქმე.
kika
16:34 23-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული