"ამ ტემპით წლები დაგვჭირდება, რომ უცხოელებს ფიზიკურ მომზადებაში დავეწიოთ"

AutoSharing Option
ქართულ კლუბებს არაერთი პრობლემა აწუხებთ, ერთ-ერთი უპირველესი კი - ფიზიკური მომზადებაა. ეს სანაკრებო დონეზეც აშკარაა და ევროთასებზე ჩვენი კლუბების გამოსვლებიდანაც არაერთხელ გამოჩნდა, რომ მსოფლიოს სტანდარტებისგან ძალიან შორს ვართ.

ფიზიკურ პრობლემებთან და მათი მოგვარების გზებზე ცნობილ სპეციალისტ გუჯა კახაძეს ვესაუბრეთ.

"თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ფიზიკური მომზადება საკმარისი აღარ არის. საქართველოში ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას მხოლოდ ფიზიკური მომზადების დახმარებით ცდილობენ. ამიტომ იძულებულნი არიან, დატვირთვები მუდმივად გაზარდონ, რასაც მხოლოდ დროებითი შედეგი მოაქვს.

ბავშვობიდან არასწორად ნავარჯიშები ქართველი ფეხბურთელი ასეთ დატვირთვებს ვერ უძლებს და ფიზიკურად იფიტება.
იწყება ხშირი ტრავმიანობა, რაც მოგვიანებით ქრონიკულ ტრავმად ყალიბდება. ასე ვკარგავთ ნიჭიერ თაობებს.

აუცილებელია კიდევ რაღაც, რაც ორი ტაიმის მაღალ ტემპში თამაშის საშუალებას იძლევა. უცხოელებს ეს "რაღაც" დიდი ხანია ნაპოვნი აქვთ, მაგრამ ეს მათი საიდუმლოა და ჩვენ ამას ვერასოდეს გავიგებთ.

ქართველმა ფეხბურთელებმა 90 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპს რომ გაუძლონ, პირველ რიგში, მძიმედ სირბილის ნაცვლად მსუბუქად სირბილი უნდა იცოდნენ. და მეორე - ის უხეში შეცდომები, რომლებსაც სირბილის დროს უშვებენ, დროულად ჩაანაცვლონ სწორი მოძრაობებით. ამისათვის ტრადიციულ ფიზიკურ მომზადებას უნდა დაემატოს ის, რასაც მე ვთავაზობ.

ეს არის თვისობრივად ახალი მეთოდი, ფიზიკურ ენერგიას დამატებული გონებრივი ენერგია, რაც ჯამში ორი ტაიმის მაღალ ტემპში თამაშის და გონების კონცენტრაციის თამაშის ბოლომდე შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს არის მეთოდი, რომელიც ინტელექტის ამაღლებასა და აზროვნების დაჩქარებას უწყობს ხელს. ამიტომ ზრდასრულ ფეხბურთელებთან მაქსიმალურ შედეგს იძლევა, თუმცა ხუთი წლის ბავშვებსაც კარგად ეხმარება.

უცხოეთში სირბილს 6-იდან 8 წლამდე ასწავლიან. ჩვენთან სირბილის ტექნიკის სწავლას გაცილებით გვიან იწყებენ. ჩვენთან მიიჩნევენ, რომ სისწრაფის მომატება შეუძლებელია და ასაკოვანი ფეხბურთელი სირბილს ვეღარ ისწავლის. ჩემი მეთოდი ორივე პრობლემას 52 დღეში აგვარებს.

რაც უფრო ასაკოვანია ფეხბურთელი, მით უფრო ადვილად ვასწავლი მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილს, რადგან ვარჯიშის 90% მენტალურია და მხოლოდ 10% არის მსუბუქი ფიზიკური აქტივობა. თამაშის დროს ფეხბურთელები გაცემული ენერგიის აღდგენას ყველაზე ადვილად სწავლობენ და ორი ტაიმის ნაცვლად ოთხი ტაიმის თამაშის ენერგია უგროვდებათ. მეორე დღეს კი დასვენება არ სჭირდებათ და ჩვეულებრივად შეუძლიათ დატვირთვით ივარჯიშონ.

ფეხბურთის ფედერაციას და კლუბებს შევთავაზე თანამშრომლობა, მაგრამ დროებით თავის შეკავება არჩიეს, რადგან ჯერ ვერ ახსნეს შედეგის სწრაფად მიღების მექანიზმი. სამწუხაროდ, სხვები რამდენად ცდილობენ ამ კუთხით ქართულ ფეხბურთში სიახლის შემოტანას, ჩემთვის ცნობილი არ არის.

ფიზიკური მომზადების მხრივ წინსვლის ნიშნები გამოჩნდა, თუნდაც ლატვიასთან მატჩში, მაგრამ ასეთი ტემპით უცხოელებს რომ დავეწიოთ, წლები დაგვჭირდება", - გვითხრა კახაძემ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
კიდევ რამდენჯერ უნდა შეირცხვინოთ თავი ვიდრე ამ მეთოდს მოსინჯავთ?
1,2,3,5,8...
14:24 10-07-2017
0
სამაგიეროდ გვაქვს ორსიტყვიანი ქართული ანეგდოტი „ღირსეული წაგება“.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
15:39 27-04-2017
0

სიახლეები პოპულარული