გუშინ, 20 აპრილს, "დინამოს" აკადემიაში ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა...
გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ყოფილი დინამოელი, ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ასევე ვეტერანი დინამოელები - ვიტალი დარასელიას ყოფილი თანაგუნდელები. წამყვანებად კი მიწვეულნი იყვნენ ცნობილი სპორტული კომენტატორები - ჯამლეტ ხუხაშვილი და დიმიტრი ობოლაძე.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ:
"წელს ვაგრძელებთ ტრადიციას და
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სტუმრებს - მინისტრებს, ვეტერანებს!.. ასევე, ბატონ ივო შუშაკს, რომელიც ძალიან ახლობელია თბილისის "დინამოსთვის". დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, ორგანიზატორებს, რომლებმაც ეს ყველაფერი მოაწყვეს თქვენთვის და ამ ახალგაზრდებისთვის.
მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ გუნდს. გაიმარჯვებს ის, ვინც დაიმსახურებს".
გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა ტურნირის პირველი ტურის მატჩები:
A ჯგუფი
დინამო (თბ)-გენტი 0:2
0:1 დე გრეევე (45), 0:2 სამოსი (67)
ტურნირის გახსნით მატჩში "დინამო" ბელგიურ "გენტს" დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა თამაში დათმეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. აი, მეორე ნახევარში კი სტუმრებმა უკეთ ითამაშეს და ეს ორ გოლშიც ასახეს. პირველი მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ ეს "დინამოს" საქმეს სერიოზულად ურთულებს. ფაქტია, გოჩაშვილის შეგირდებს უკეთ თამაში მართებთ.
ინტერი-გაბალა 2:1
1:0 ბრიგატი (9), 2:0 ვერგანი (33-პენ), 2:1 მაჰაროვი (39)
"ინტერმა" პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნა ჩვენი მეზობელი ჭაბუკები, რაც მილანელთა მიერ გატანილ ორ გოლში გამოიხატა. მეორე ნახევარში კი უკვე აზერბაიჯანელებმა გამოიღეს ხელი, თუმცა ქულა მაინც ვერ მოიპოვეს. ამადაც იყო, მეორე ტაიმში იტალიური კლუბის სამწვრთნელო შტაბი შეგირდების გარჯით უკმაყოფილო რომ დარჩა...
B ჯგუფი
ალკმაარი-დინამო (კ) 0:2
0:1 ვოლოშინი (12), 0:2 მიხაილენკო (69)
კიევის "დინამომ" მინი-სენსაცია შემოგვთავაზა და ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. "ალკმაარი" წლეულსაც კარგი გუნდი ჩანს, მაგრამ კიეველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მაქსიმალურად გამოიყენეს საგოლე შანსები და, ამასთან ერთად, შესანიშნავად შეასრულეს სტანდარტული სიტუაციები.
ტრაბზონსფორი-დინამო (ზ) 0:0
ტაიმები ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავებული იყო. პირველ ნახევარში უკეთ ხორვატები გამოიყურებოდნენ, მეორეში კი უკვე თურქებმა იძალეს. "ტრაბზონსფორი" თურქეთის ასაკობრივი ჩემპიონატის "ოთხთა ფინალისთვის" ემზადება. ხორვატების სამწვრთნელო შტაბი შედეგით კმაყოფილი დარჩა.
ტურნირის განრიგი
A ჯგუფი
დინამო (თბილისი, საქართველო)
ინტერი (მილანი, იტალია)
გაბალა (აზერბაიჯანი)
გენტი (ბელგია)
B ჯგუფი
ალკმაარი (ჰოლანდია)
დინამო (ზაგრები, ხორვატია)
ტრაბზონსფორი (თურქეთი)
დინამო (კიევი, უკრაინა)
ჯგუფური ეტაპი
21 აპრილი
ტრაბზონსფორი-ალკმაარი 12:00
დინამო (კ)-დინამო (ზ) 14:00
გაბალა-დინამო (თბ) 16:00
გენტი-ინტერი 18:00
22 აპრილი
გაბალა-გენტი 12:00
დინამო (თბ)-ინტერი 14:00
ალკმაარი-დინამო (ზ) 16:00
დინამო (კ)-ტრაბზონსფორი 18:00
ნახევარფინალები
24 აპრილი
A1-B2 16:00
B1-A2 18:00
დასკვნითი დღე
25 აპრილი
მატჩი VII ადგილისთვის 10:00
მატჩი V ადგილისთვის 12:00
მატჩი III ადგილისთვის 14:00
ფინალი. 16:00.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"