[ფანკლუბები] ვინ არიან "მტრედები"

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკა "ფანკლუბებს", რომლის მიზანია, მორიგეობით გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ.

დღეს საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ფანკლუბ "მტრედებს" წარმოგიდგენთ. "მტრედებთან" დაკავშირებით ფანკლუბის ლიდერ ანდრო თოდუას ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, გვითხარით, როდის გაჩნდა "მტრედების" დაარსების იდეა?
- მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი "სამტრედიას" პატარაობიდან ვგულშემატკივრობთ. 2013 წლის დასაწყისში, როდესაც კლუბი პირველ ლიგაში იყო და უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძოდა, გაგვიჩნდა ფანკლუბის შექმნის იდეა.

მოგვიანებით ეს მოვახერხეთ კიდეც.
სახელზე ბევრი არ გვიფიქრია - მტრედები ქალაქთან ასოცირდება და ეს სახელიც სწორედ ამიტომ შევარჩიეთ.

- დებიუტი როდის გქონდათ?
- 2013 წლის ნოემბერი იყო, ერთ-ერთ საშინაო მატჩზე პირველად 8-10 კაცი შევიკრიბეთ. დებიუტის ფონზე ნორმალური ქომაგობა გამოგვივიდა. ნოემბერში კლუბმა შინ მეორე მატჩიც გამართა. იმ დღეს ტრიბუნაზე ბევრი სამტრედიელი ახალგაზრდა დაგვიდგა. სიმართლე გითხრათ, მაშინ არ გვეგონა, თუ მეორე თამაშზე უკვე ამდენი ვიქნებოდით...

ასე დაიწყო და გაგრძელდა ჩვენი განვითარებაც. მატჩიდან მატჩამდე ჩვენი რაოდენობა იზრდებოდა და კლუბიც უმაღლეს ლიგაში აღზევდა.

პირველ ლიგაში ყოფნისას, თითქმის ყველა მატჩზე პიროტექნიკას ვიყენებდით და კარგი გასვლებიც გვქონდა. სამწუხაროდ, მაშინ პირველ ლიგაში მხოლოდ სამი ფანკლუბი იყო: ჩვენ, "პირატები" (ბათუმის "დინამო") და "მეთოფეები" ("მაჭახელა").

- გასვლით თამაშებზე კლუბის მხრიდან ხელშეწყობა გაქვთ?
- ხშირ შემთხვევაში კლუბი გვეხმარება, კი, თუ არა და წასვლას ჩვენი სახსრებით ვცდილობთ, რომ "სამტრედიას" ფეხბურთელებმა თავი მარტოდ არ იგრძნონ. წამოსვლის მსურველი აქ ყოველთვის არის და არასდროს დაგვჭირვებია ვინმესთვის იმის თქმა, რომ სტადიონზე მოსულიყო. ამ ქალაქში ყველამ იცის, როდის თამაშობს "სამტრედია" და ყველა კარგად აცნობიერებს, რომ იქ უნდა იყოს, სადაც ქალაქის კლუბია!

- რა იყო მას მერე, რაც უმაღლესში აღზევდით?
- უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი სტუმრად თბილისის "დინამოსთან" გვქონდა. თბილისში დაახლოებით 150-მდე ადამიანი წამოვიდა, რაც მოულოდნელი იყო. ამ გასვლებით უფრო დავიხვეწეთ და განვვითარდით, ტემპს ავყევით. დრო და დრო ეს ყველაფერი უფრო საინტერესო ხდებოდა. დაპირისპირებები ძალებს გვმატებდა...

- დაპირისპირებები ახსენეთ. ვისთან ან რატომ ჩხუბობდით?
- მეოთხე თამაში იყო ჩვენი ჩამოყალიბებიდან, როცა ბათუმის "დინამოს" ფანკლუბის, "პირატების" წევრებმა ბანერი დაგვიწვეს.

თბილისში "ლოკომოტივთან" მატჩი მოვიგეთ, ფეხბურთელებთან ერთად გამარჯვებას ვზეიმობდით, როცა თბილისის "დინამოს" ფანებმა მოგვპარეს ბანერი. აქედან დაიწყო ჩვენი დაპირისპირებები ორივე "დინამოსთან".

ვმეგობრობთ ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბ "ჯუნგლებთან". თავის კლუბისთვის ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ და მათთან ერთად ალიანსიც ჩამოვაყალიბეთ.

- თქვენთან გაწევრიანება როგორ ხდება? ასაკი შეზღუდულია?

- ასაკის შეზღუდვა მოგვიანებით ამ დაპირისპირებების გამო გადავწყვიტეთ და რაოდენობამაც, ცხადია, მოიკლო. ჩვენთან ფანკლუბში გასაწევრიანებლად მინიმალური ასაკი 18 წელია. მხოლოდ ორი წევრი გვყავს ისეთი, რომლებიც ჯერ არ არიან 18-ის, მაგრამ ისინი დაარსების დღიდანვე ჩვენ გვერდით დგანან.

- გაწევრიანება უფასოა?
- უფასოა, მაგრამ მსურველს აუცილებლად უნდა უყვარდეს თავისი ქალაქი, ლურჯი და მწვანე ფერები და ჩვენს გამო ყოველთვის ყველაფერისთვის მზად უნდა იყოს. ყველაფერს ერთმანეთისთვის ვაკეთებთ.

- როგორია სამომავლო გეგმები?
- ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ეტაპობრივად კიდევ განვვითარდებით. გუნდთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთი ოჯახი ვართ და ჩვენს წარმატებაში ამ ორმხრივ ურთიერთობას დიდი წვლილი მიუძღვნის. ფეხბურთელებს ხშირად ვხვდებით, დავდივართ მათ ვარჯიშებზე...

ერთი სიტყვით, საერთო მიზანი გვაქვს და ამ მიზნამდე აუცილებლად მივალთ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ა, ხალხი, ძმაო. გენაცვალეთ! გრადიატორები და ჯუნგლები და რა ვიცი რა სისულელეები აღარ ჰქვიათ ვითომ ფანებს. მტრედები გენიალური სახელია.
odala
18:07 23-04-2017
0

სიახლეები პოპულარული