ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა

AutoSharing Option
ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. ჯერ გაიმართა მატჩები მე-7 და მე-5 ადგილებისთვის, მერე იყო შეხვედრა მე-3 ადგილისთვის, ყველაფერი კი კიევის "დინამოსა" და "ალკმაარის" ფინალით დაგვირგვინდა...

მასპინძელმა გამარჯვებით დაასრულა
გადამწყვეტ შეხვედრებამდე გაიმართა მატჩები მე-7 ("დინამო" თბ-"დინამო" ზ) და მე-5 ადგილებისთვის ("ტრაბზონსფორი"-"გაბალა").

ტურნირის მასპინძელმა 3:1 მოუგო ზაგრებელ სეხნიას. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა დამაჯერებლად ითამაშეს და შედეგიც შესაბამისი მიიღეს. დინამოელთაგან გოლები ხარაბაძემ, ბაბუნაძემ და დავითაშვილმა გაიტანეს. ზაგრებელთა შორის კი თავი მიჰაილევიჩმა გამოიჩინა.

მეხუთე ადგილი არავის დაუთმო "ტრაბზონსფორმა", რომელმაც 3:1 მოუგო "გაბალას". თურქული
გუნდის რიგებში დუბლი შეასრულა დელიმეჰმეთმა, ერთი გოლიც კულის ანგარიშზეა. "გაბალას" მხრიდან პრესტიჟის გოლი ისიზადამ მიითვალა.

მესამე ადგილი გენტს
მე-3 ადგილისთვის გამართული მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, "გენტმა" და "ინტერმა" გოლების გატანა ვერ შეძლეს და გამარჯვებულის ბედი 11-მეტრიანების სერიას მიანდეს, ამ კომპონენტში კი უფრო ზუსტნი ბელგიელები აღმოჩნდნენ - 5:4.

არადა, ტურნირის ფავორიტად ბევრი ბელგიურ კლუბს მიიჩნევდა, მაგრამ... ნახევარფინალში შარშანდელ გამარჯვებულ "ალკმაართან" წააგო და ბრინჯაოს მედლებით დაკმაყოფილდა.

ლატარიაში გადაწყდა...
ფინალური შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა. ცხადია, ჭაბუკი ფესხბურთელებისთვის ამ ულამაზეს სარბიელზე გასვლა დამატებითი სტიმული იყო. კიევის "დინამო" და "ალკმაარი" ჯგუფში ერთხელ უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და იმ შეხვედრაში გამარჯვება კიეველებს დარჩათ...

ფინალური მატჩი კი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. პირველი რეალური საგოლე შანსი კიეველ არტიომ შულიანსკის ჰქონდა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი "ალკმაარის" კარს ოდნავ ასცდა.

მალევე გუნდებმა მომენტები "გაცვალეს". კიეველთა გამოკვეთილ ფორვარდ ზავგოროდნის ჰოლანდიელთა მეკარემ დაასწრო, ხოლო ალკმაარელი ტააბუნის დარტყმული მიზანს მცირედით ასცდა. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა.

მეორე ნახევრის დასაწყისში "ალკმაარი" დაწინაურდა. უკრაინელმა მცველებმა ჰოლანდიური კლუბის შემადგენლობაში საუკეთესო ემირ ბიბეროღლუს ბურთის მშვიდად მიღების საშუალება მისცეს და დაისაჯნენ კიდეც.

"დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი ანენკოვმა ცვლილებას მიმართა, თამაშიც გადააწყო და ამან შედეგი გამოიღო. "ალკმაარის" მცველების მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი უკრაინელთა ლიდერმა იაროსლავ ნადოლსკიმ მოიხელთა და ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა ჰოლანდიელთა კიპერს. ამ გოლით ის ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა 5 გოლით. მალევე "ალკმაარს" დაწინაურება შეეძლო, თუმცა გუდმინს სიზუსტემ უღალატა.

ძირითადი დროის დარჩენილი ნაწილი "ალკმაარის" უპირატესობით წარიმართა. ჰოლანდიელები ბევრს უტევდნენ, თუმცა საქმე მაინც 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, საფეხბურთო ლატარიაში კი ბედმა კიევის "დინამოს" გაუღიმა. უკრაინელმა ჭაბუკებმა მეტოქეს ორი პენალტის გამოუყენებლობა არ აპატიეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ლაურეატები
ფინალის შემდეგ ტურნირის გამორჩეულ მოთამაშეთა დაჯილდოების დრო დადგა. საუკეთესო მეკარედ ცნეს ვალენტინ მორგუნი (კიევის "დინამო"), რომელიც ლეგენდარულმა ქართველმა გოლკიპერმა ოთარ გაბელიამ დააჯილდოვა.

საუკეთესო მცველად აღიარებულ კვენტინ დეკერსს ("ალკმაარი") ჯილდო თენგიზ სულაქველიძემ გადასცა. საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი პრიზი კი არავის დაუთმო კიეველმა იაროსლავ ნადოლსკიმ, რომელიც თბილისის "დინამოს" კიდევ ერთმა ლეგენდამ, ვლადიმერ გუცაევმა დააჯილდოვა.

ტურნირის "აღმოჩენად" აღიარეს ვლად ნოვინჩანოვი ("გენტი"). მას პრიზი გრიგოლ ცაავამ გადასცა. ტურნირის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელიც ვიტალი დარასელია-უმცროსმა დააჯილდოვა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეულ მაქსიმ ზავგოროდნის პრიზი ალექსანდრე ჩივაძისგან ერგო.

სულ ბოლოს კი გუნდები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველკაცმა ლევან კობიაშვილმა და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დააჯილდოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიპერი-მეკარეა ქართულად!?..
achtung
12:53 26-04-2017
0
ყოველ წელს ერთი და იგივე ხალხს თუ არ ათამაშებენ უკეთესი მიზანი და შედეგი ექნება ამ ტურნირს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული