საფეხბურთო პროგრამებისა და ბილეთების არაჩვეულებრივი კოლექცია [PHOTO]

AutoSharing Option
კოლექციონერობა საინტერესო საქმიანობაა. თითქმის ყველა ჩვენგანი კოლექციონერია: ზოგი რას აგროვებს და ზოგიც - რას. კოლექციონერობით გამოირჩევიან ფეხბურთის გულშემატკივრებიც. მათი ნაწილი მაისურებს აგროვებს, ნაწილი - ბილეთებს, ნაწილიც - პროგრამებს.

Sportall.ge-მ ერთ-ერთი კოლექციონერი, 30 წლის დავით ჭინჭარაული აღმოაჩინა, რომლის კოლექციაც, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება. დავითი მატჩის ბილეთებსა და პროგრამებს აგროვებს, აქვს 500-მდე მატჩის პროგრამა, რომელთა შორის ყველაზე ძველი 1950 წლისაა. რაც შეეხება მატჩის ბილეთებს, მათი რაოდენობა პროგრამებზე დიდია.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ჭინჭარაულთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომლიდანაც ირკვევა, რომ ქართველი კოლექციონერები ძველ ბილეთებსა და პროგრამებს
ხშირად უცხოელებისგან ყიდულობენ და პირიქითაც - უცხოელები ყიდულობენ ჩვენგან. თუ როგორ, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როდიდან დაიწყეთ კოლექციონერობა?

- ბილეთების შენახვა პატარაობაში დავიწყე, ამ საქმით კი უფრო სერიოზულად 7-8 წლის წინ დავინტერესდი. დროთა განმავლობაში უფრო სტაჟიანი კოლექციონერებიც გავიცანი.

Sportall.Ge- რამდენი პროგრამა და ბილეთია თქვენს კოლექციაში?
- კოლექციაში დაახლოებით 500 მატჩის პროგრამა მაქვს, ბილეთები უფრო მეტია. ყველაზე მეტად ევროთასებით ვინტერესდები. ვაგროვებ მხოლოდ ქართული კლუბებისა და საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთებსა და პროგრამებს, ასევე საქართველოში გამოსულ წიგნებს. 110 წიგნი მაქვს და ისინი, მეტწილად, სტატისტიკურია. მაქვს ასევე სამკერდე ნიშნებიც.

- მოგვიყევით პირველი ბილეთისა და პირველი პროგრამის შესახებ...
- პირველი პროგრამა, რომელიც მქონდა, დავკარგე. 1999 წელს თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივს" შორის გამართული მატჩის პროგრამა იყო, პირველი ბილეთი კი, როგორც მახსოვს, 2002 წელს თბილისის "დინამოსა" და "ლიბერეცის" მატჩისა იყო.

- არის ისეთი რამ, რისი დამატებაც ძალიან გსურთ კოლექციაში?
- კი, ბევრი რამ აკლია ჩემს კოლექციას. ძირითადად, უცხოელებისგან ვყიდულობ. ზოგჯერ ვცვლით კიდეც.

- ეს ყველაფერი როგორ ხდება?
- უცხოელები ისეთ რამეს მიგზავნიან, რაც არ მაქვს. კოლექციაში უცხოური ბილეთები მაქვს და ვრიგდებით ხოლმე. ძირითადად, ხელის შემშლელი აქაური ფოსტაა. ერთი პროგრამის გაგზავნა დაახლოებით 25-30 ლარი მიჯდება.

-  რა სირთულეებს უკავშირდება ასეთი კოლექციის შედგენა?
- თუ ფინანსურად არ დაიხარჯე, არაფერი გექნება. სამწუხარო რეალობაა, რომ ქართულ კლუბებში პროგრამები არ გამოდის. თუ გამოდის, ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით. პროგრამებში ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაციაა და რეალურად, ის არაფრისმომცემია.

ცუდია, ამ პროგრამებს რომ არ ყიდიან., მათი შოვნა ხშირად ნაცნობობით მიწევს. ზოგიერთ კლუბში არც კი იციან, პროგრამა რა არის.

-  რატომ მხოლოდ ფეხბურთი და არა სპორტის სხვა სახეობები?
- პატარაობიდანვე ფეხბურთით ვარ "მოწამლული". სპორტის სხვა სახეობა არ მაინტერესებს.

- როგორია სამომავლო გეგმები ამ საქმიანობასთან დაკავშირებით?
- შეგროვებას გავაგრძელებ, ჩვეულებრივ, შემდეგ რა იქნება, არ ვიცი.

- რას ურჩევდით დამწყებ კოლექციონერებს?
- მე რა ვურჩიო აბა?! საქართველოში მატჩის ბილეთები თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" გარდა, არსად იყიდება და მატჩის პროგრამას როცა ვუხსენებ ზოგიერთი კლუბის პრესსამსახურს, მათ ეს პრესლიზი ჰგონიათ. არადა, 90-იან წლებში პროგრამებიდან შემოსული ფულით "მანჩესტერ იუნაიტედი" როი კინის ხელფასს იხდიდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ დღეებში დაგირეკავ
pele
08:25 08-05-2017
0
pele 558 687 627 ჩემი ნომერია შემეხმიანე
ჭინჭარაული
21:22 07-05-2017
0

სიახლეები პოპულარული